სულთან სულეიმანის როლის შემსრულებელმა სერიალ "დიდებულ საუკუნეში", მსახიობმა ხალიტ ერგნიჩმა, თაყვანისმცემლებს მოუთხრო, როგორ გააცოცხლა ეკრანზე ფადიშაჰი, რატომ არ მიირთმევდა სულთანი ფორთოხალს და რომ ის პოდაგრის ეპიდემიისგან გარდაიცვალა.
რეალურ ცხოვრებაში ხალიტ ერგნიჩი მაღალი, ათლეტური აღნაგობის ცეცხლოვანი მამაკაცია. ამიტომაც გასაკვირი არ არის, რომ სწორედ ეს მსახიობი შეარჩიეს რეჟისორებმა თურქი მბრძანებლის როლის შემსრულებლად.
რა სირთულეებს გადააწყდით ფილმზე მუშაობისას?
ასეთი მასშტაბური პროექტი დეტალებზე ყურადღების გამახვილებას კიდევ უფრო მეტად ითხოვს. ამ შემთხვევაში კი დეტალები ისტორიულ ფაქტებს შეეხებოდა. მიუხედავად იმისა, რომ ისტორიული წყაროები ზედმიწევნით შევისწავლე, მაინც ვშიშობდი, რაიმე დეტალი არ გამომპარვოდა. ერთ მაგალითს მოგიყვანთ: როდესაც სინზე ხილს აწყობდნენ, იქ ფორთოხალი არ უნდა ყოფილიყო, რადგან იმ პერიოდში თურქეთში ამ ციტრუსს, უბრალოდ, არ იცნობდნენ.
ნუთუ ასეთ უმცირეს დეტალებშიც ეძიებოდნენ სერიალის შემქმნელები?
ერთნი ამბობენ, რომ ამ დროს მისალმებას უდიდესი მნიშვნელობა ენიჭებოდა – ზოგიერთ წყაროში მისალმებისას სულთნის წინ მიწამდე ხრიდნენ თავს, თითქმის მიწაზე გართხმულები, სხვა წყაროს მიხედვით კი – თავის დაკვრით შემოიფარგლებოდნენ. საერთოდ კი ცნობილია, რომ მისალმებას 20 წამი სჭირდებოდა, მაგრამ არ დაგავიწყდეთ, რომ ეს სერიალია და თითო სერიაში ფადიშაჰს 40 ადამიანი ესალმება, მაგრამ დაგაინტერესებდათ თითქმის 15 წუთი იმის ყურება, როგორ ადიდებენ ფადიშაჰს?
ანუ თქვენი აზრით, სერიალით შესაძლებელია ოსმალეთის იმპერიის კულტურისა და ყოფის შესწავლა?
დიახ, კოლოსალური სამუშაო ჩატარდა, მაგრამ სერიალის მნიშვნელობის გადაჭარბებაც არ შეიძლება. "დიდებულ საუკუნეს", როგორც რომანს, ისე უნდა მიუდგეთ და არა როგორც ისტორიის გაკვეთილს. ჩვენ შეგნებულად არ წავედით ისტორიული სინამდვილის გზით. წინააღმდეგ შემთხვევაში, პროექტი დოკუმენტალისტიკაში გადაიზრდებოდა.
იქნება თუ არა სერიალში ნაჩვენები სულთნის სუსტი მხარეები – განცდები, შიშები, ტანჯვა?
დავიწყოთ იქიდან, რომ ის უზომოდ შეყვარებული იყო... ამ როლის განსახიერებამდე, სულთანზე მხოლოდ, როგორც ფილმის პერსონაჟზე, ისე ვფიქრობდი, საერთოდ არ მყავდა წარმოდგენილი ის "ცხოვრებაში". ჩვენ წაგვიკითხავს, რომ ის იბრძოდა, იმარჯვებდა, აჰყავდა ტყვეები, ჰქონდა ჰარემი, სიკვდილით სჯიდა ადამიანებს – თუმცა ეს მხოლოდ სტატისტიკური ილუსტრაციაა. მაგრამ როცა ის მოძრავ გამოსახულებად შევქმენით, მასზე ზოგიერთი ჩვენი წარმოდგენა საპნის ბუშტივით გასკდა.
მაგალითად, იცოდით, რომ სულეიმანი პოდაგრით გარდაიცვალა? რთული წარმოსადგენია, მაგრამ იმ დროს ძალიან ბევრი ადამიანი იღუპებოდა ამ ეპიდემიისგან. ამ ფაქტების ერთად შეკრების შემდეგ ჩვენ შევეცადეთ, ამ ეპოქის ადამიანები გაგვეცოცხლებინა.
როგორ შეხვედით სულთან სულეიმანის როლში?
როცა ამ როლს ვასახიერებდი, ვიგრძენი ის ბრძოლა, რომელიც სულთნის შინაგან სამყაროში მიმდინარეობდა. რაღაც მომენტში, თითქოს მოძრაობებიც შეჩერდა კადრში, ისეთი შთაბეჭდილება შეიქმნა, რომ სულთანი ადგილს ვეღარ პოულობდა. პროექტამდე სულთანი ისტორიული პერსონაჟი იყო, ახლა კი ის ჩვეულებრივი ადამიანი გახდა, ვნებებითა და სისუსტეებით.
და როგორი გამოვიდა შედეგად ფადიშაჰი თქვენს წარმოდგენაში?
სულეიმანი, რომელიც ჩემს წარმოდგენაში ფილმამდე არსებობდა, ახლა ძალიან შეიცვალა. როცა ის ბრძოლის ველზეა ან სახელმწიფო საქმეებს წყვეტს, ერთი ადამიანია; როცა შეყვარებულია, წერს ლექსებს და საყვარელი ქალისთვის საიუველირო სამკაულებს ქმნის - აბსოლუტურად სხვა.