"ის თეთრი კაცი ვინ იყო, ჰაა?" – "პარადოქსი" GDS-ზე - Marao

"ის თეთრი კაცი ვინ იყო, ჰაა?" – "პარადოქსი" GDS-ზე

2014-02-03 12:29:21+04:00

როგორც იქნა, 2 თებერვალს ტელეკომპანია GDS-ის ეთერში, კარგა ხნის წინ დაპირებული და გარკვეული (თუ გაურკვეველი) მიზეზების გამო ვერგაშვებული, პირველი ქართული ფანტასტიკური ჟანრის სერიალის, "პარადოქსის" პრემიერა გაიმართა.

დავიწყოთ იქიდან, რომ ფანტასტიკა, თრილერი, SkyFi,  Horror-ი, მისტიკა, "ფენტეზი" - ეს ჟანრები (რომელიც მე ძალიან მიყვარს) საქართველოში დიდად პოპულარული არ გახლავთ. ქართველი რეჟისორები რატომღაც უფრო კომედიებსა და კრიმინალური ჟანრის სერიალებს ანიჭებენ უპირატესობას.

შეიძლება იმიტომ, რომ გაცილებით მარტივი გადასაღებია და ფიქრობენ, რომ "მწვადებისა და ღიპიანი კაცების ქვეყანაში" ფანტასტიკა ნაკლებად აინტერესებთ; ან შეიძლება იმიტომაც, რომ ზოგადად, კრიმინალისკენ მიდრეკილ ქვეყანაში ვცხოვრობთ და კრიმინალური სერიალებიც "გვევასება".

ამ თემის გაშლა შორს წაგვიყვანს. ამიტომ ისევ "პარადოქსს" დავუბრუნდები. პირადად მე, ძალიან გამიხარდა ის ფაქტი, რომ ვიღაცამ ფანტასტიკასაც მოჰკიდა ხელი. ამიტომ დიდი ინტერესით ველოდი სერიალის დაწყებას. მომეწონა პოსტერები, თრეილერები და ის ფაქტიც, რომ მთავარ როლებში (ნანკა კალატოზიშვილი, თორნიკე გოგრიჭიანი) მსახიობები სწორად იყვნენ შერჩეულნი და არაპროფესიონალების ყურება არ მოგვიწევდა.

პრემიერა 26 იანვარს, ღამის 10 საათზე უნდა შემდგარიყო. "პარადოქსის" "ფეისბუქის" ოფიციალურ გვერდს რომ გადავხედე, მივხვდი, რომ ძალიან ბევრი ადამიანი სულმოუთქმელად ელოდა დაწყებას, მაგრამ მოულოდნელად ადმინმა გვამცნო, რომ პირველი სერია ტექნიკური მიზეზების გამო ერთი საათით დაიგვიანებდა, შემდეგ კი საიტიდან საერთოდ აორთქლდა და "პარადოქსის" ნაცვლად, ხელში "ბეთმენი" შეგვრჩა.

როგორც ჩანს, მონტაჟი ვერ მოესწრო ან რაღაც სხვა პრობლემას ჰქონდა ადგილი.

მიუხედავად ამისა, ხალხი გვიანობამდე ელოდა შეპირებულ პრემიერას და უკმაყოფილებას გამოხატავდა იმის გამო, რომ არავინ ისურვა, ის მაინც ეთქვა მათთვის, დალოდებოდნენ თუ არა პირველი სერიის დაწყებას.

მეორე დღეს გაუჩინარებული ადმინი საიტზე დაბრუნდა და მაყურებლის მოშლილი ნერვების კომპენსაციისათვის, ახალი თრეილერი შემოგვთავაზა, რითიც გვამცნო, რომ პრემიერა 2 თებერვალს იქნებოდა (ისე, ერთი ბოდიში მაინც რომ მოეხადათ, არც ის იქნებოდა ურიგო).

სერიალის გულშემატკივრების ირონიულ-სახუმარო პოსტებს გამოვტოვებ და რევიუზე გადავალ. პირველივე კადრის ნახვისას, თვალს ცუდად მოხვდა ლურჯკაბიანი გოგონას ცუდად გახდომის სცენა, რომელიც ძალიან ხელოვნური მეჩვენა. ამას მოჰყვა მეტროში გადაღებული სცენები, რომელიც აშკარაა, რომ საუკეთესო კამერებით გადაიღეს. გამოსახულების ხარისხი საკმაოდ მაღალი იყო, გარემო - იდეალურად შერჩეული. - რა შეიძლება იყოს მეტროს გვირაბებზე უფრო მისტიკური?

მსახიობი თორნიკე გოგრიჭიანი მოტეხილი ხელით გონს მეტროში მოდის. მატარებელი გაჩერებულია, რამდენიმე ადამიანი მკვდარია. დანარჩენები ალბათ გაიქცნენ. მოტეხილი მკლავის ჩასმის შემდეგ (რომელსაც დამოუკიდებლად ახერხებს) ის გვირაბიდან სადგურზე ამოდის და ხედავს, რომ გასასვლელი კარი დაკეტილია.

ხელის ტკივილის გამო თავიდან სიარული ძალიან უჭირს, შემდეგ ალბათ ტკივილსაც ეჩვევა, რადგან მშვენივრად დარბის და სხვა მოძრაობებსაც აკეთებს.

მოგვიანებით ის შეხვდება მეორე მთავარ გმირს - ელენეს (ვის როლსაც მსახიობი ნანკა კალატოზიშვილი ასრულებს) და მეტროს თანამშრომელ ბიჭს, რომელიც, ჩემი აზრით, საკმაოდ ადრე "გაწირეს".

გვირაბებში ისინი ზომბებისაგან გარბიან, რომლებიც ერთ ხმაზე ბღავიან (ალბათ, დაეზარათ სხვადასხვა simple-ის ჩაწერა). ზომბები კი ზომბისთვის არადამახასიათებელი მოძრაობებით მისდევენ.

რაც შეეხება სერიის ტემპო-რიტმს, ზოგიერთი მომენტი საკმაოდ გაწელილი იყო, გმირების ქცევაში კი - ბევრი რაღაც დაუჯერებელი. მაგალითად, ნანკას გმირი, რომელიც ცოტა ხნის წინ მობილურით ელაპარაკა შვილს, რომელიც ექსკურსიაზე გაუშვა, საერთოდ არ ცდილობს, ტელეფონი აიღოს და შვილს კიდევ ერთხელ დაურეკოს, რომ გაიგოს, სადაა ან როგორ არის. არადა, ყველაზე სწორი ქცევა ხომ სწორედ ტელეფონის გამოყენება იქნებოდა? თუ ქსელი აღარ იჭერს, მაშინ ეს ნაჩვენები უნდა ყოფილიყო.

შახტიდან ამოსული გმირები ხვდებიან რუსთაველის დაცარიელებულ ქუჩაში, სადაც ერთ-ერთი შენობის სახურავიდან გაურკვეველი თეთრი 3D არსება (სავარაუდოდ, უცხოპლანეტელი) გადმოჰყურებთ. მახსოვს, 2002 წელს იყო კომპიუტერული პროგრამა, რითიც მსგავს ფიგურებს (ადამიანებს, ცხოველებს, უცხოპლანეტელებს) ვქმნიდი.

იმდენად დაუმუშავებელი და ხელოვნური გრაფიკა იყო, რომ (ჩემი მოკრძალებული აზრით) სჯობდა, საერთოდ არ გაეკეთებინათ ან გრიმი გამოეყენებინათ.

იყო კადრები, სადაც წინასწარ მივხვდი, რა მოხდებოდა. მაგალითად - ძირს დაგდებული ზომბი, რომელიც თითებს გაამოძრავებს (კარგით რაა) :) და ორ წამში თავს დაესხმება გმირებს. შთაბეჭდილება დამრჩა, რომ უცხოური ფილმებსა და სერიალებში ნანახი, გონებაში დალექილი შაბლონები არ დაიშურა რეჟისორმა.

საერთო ჯამში, შეიძლება ითქვას, რომ ცუდი არ იყო. დასაწყისისთვის კი - კარგია კიდეც, რადგან ნამდვილად გვჭირდება განვითარება და ექსპერიმენტები. მოხარული ვიქნები, თუ ნაკლებად პლაგიატორები ვიქნებით და ოდესღაც ვისწავლით, ჩვენით შევქმნათ რაღაც ღირებული.

არ მინდოდა, რომ ძალიან კრიტიკული პოსტი გამომსვლოდა, შევეცადე, ჩემი მოსაზრებები დამესაბუთებინა და ობიექტური ვყოფილიყავი.

კრიტიკა საჭიროა და მისი მოსმენაც უნდა შეგვეძლოს. იმედს ვიტოვებ, რომ მომავალ სერიებში ბევრი "ლაფსუსი" არ იქნება და წინ მსუყე და გემრიელი სერიები გველის.

P.S. არა, ის თეთრი კაცი მაინც ვინ იყო, ჰა? :))

hunter