"დიახ, მე კახა კალაძის ცოლი ვარ, მაგრამ თვითონ ალინა არველაძე ვინ არის?!" - Marao

"დიახ, მე კახა კალაძის ცოლი ვარ, მაგრამ თვითონ ალინა არველაძე ვინ არის?!"

2011-07-01 13:37:12+04:00

მოდელი და დიზაინერი ანუკი არეშიძე და მისი მეუღლე, საქართველოს საფეხბურთო ნაკრების კაპიტანი კახა კალაძე უკვე 3 კვირაა თბილისში იმყოფებიან, თუმცა მალე ვაჟთან, პატარა ლევანიკოსთან ერთად დასასვენებლად ჯერ - აჭარაში, შემდეგ კი მონტე-კარლოში გაემგზავრებიან...

ვიდრე ზაფხულის მწველი მზის სხივებს ზღვაზე გაექცეოდა, ანუკი არეშიძესა და ტელეკომპანია "იმედის" ხელმძღვანელ გიორგი არველაძის მეუღლეს, ტელეგადაცემა "თბილისი ლაივის" პროდიუსერისა და ამავე სახელწოდების ჟურნალის რედაქტორ ალინა არველაძეს შორის სოციალურ ქსელში უსიამოვნო საუბარი გაიმართა.

საქმე ის არის, რომ ახალი ყოველთვიური ჟურნალის, "თბილისი ლაივის" გარეკანზე ჩოხაში გამოწყობილი სტრიპტიზის მოცეკვავე გოგონას ფოტოს დაბეჭდვა ანუკი არეშიძემ ქართული ეროვნული სამოსის შეურაცხყოფად მიიჩნია და...

ალინა არველაძის რისხვა დაიმსახურა: "საყვარელო, მესმის, რომ მოსაწყენია, როცა მხოლოდ როგორც ვიღაცის ცოლს გიცნობენ და იმის გარდა, რომ მილანის ბუტიკებიდან ტანსაცმელი გამოგაქვს, ჯერ არაფერი დამსახურება არ გაქვს"...

გთავაზობთ ინტერვიუს ანუკი არეშიძესთან:

- ანუკი, დიდი ხანი არ არის, დიზაინერობა დაიწყე, თუმცა მოდის საერთაშორისო ასპარეზზე მოდელიერ ბიჭოლასთან ერთად გამოჩნდი. ვის ეკუთვნოდა საერთო ბრენდის შექმნის იდეა?

- ბიჭოლა სოციალური ქსელის მეშვეობით გავიცანი, მერე მილანში ჩამოვიდა და ერთმანეთს პროფესიული გამოცდილება გავუზიარეთ. სწორედ მაშინ გადავწყვიტეთ საერთო, საცდელი კოლექცია გაგვეკეთებინა. ასე შეიქნა ბრენდი - "ანუკი და ბიჭოლა".

- როგორც ვიცი, "ანუკი და ბიჭოლას" ბრენდის პირველი მაღაზიის გახსნა უკრაინის დედაქალაქში იგეგმება. რატომ კიევი და არა თბილისი?

- იმიტომ, რომ სწორედ კიევში გადავდგით პირველი ნაბიჯი, იქ გვყავს მკერავები და კონსტრუქტორები. ეს არ იქნება გრანდიოზული მაღაზია, მე უფრო ატელიეს დავარქმევდი. მივიღებთ შეკვეთებს, როგორც რიგითი მოქალაქეების, ასევე ელიტური კლიენტებისგანაც.

სურვილი მაქვს, ასეთი ატელიე მილანში, ლონდონსა და პარიზშიც გავხსნათ, თუმცა ეს უკვე მომავლის საკითხია. ძალიან მიხარია, რომ უკრაინამ სიყვარულით მიგვიღო და "ანუკი და ბიჭოლა" უკრაინაში პოპულარულია.

- მართალია, უკრაინაში უყვარხარ და გაფასებენ, მაგრამ უკრაინელი ალინა არველაძისთვის თურმე მხოლოდ "ვიღაცის ცოლი" ხარ...

- 21 წლის ვარ, არც შრომა მაკლია და არც სწავლა. მეამაყება, რომ ყველაზე ტიტულოვანი ქართველი ფეხბურთელის მეუღლე ვარ. თუმცა მინდა, წარმატებას დამოუკიდებლად მივაღწიო, საპნის ბუშტივით ნამდვილად არ გავქრები. სახელს აუცილებლად დავიმკვიდრებ.

ალინას კი შეუძლია მშობლიური უკრაინის სხვადასხვა ინტერნეტგვერდზე იხილოს, როგორ მოიხსენიებენ ანუკი არეშიძეს. მიხარია, რომ დღეს კახა კალაძის ცოლის სახელით მიცნობენ, მაგრამ ვპირდები პირადად ალინას, რომ ძალიან მალე ანუკი არეშიძეს წარმატებულ დიზაინერად გაიცნობს.

დიახ, მე კახა კალაძის ცოლი ვარ, მაგრამ თვითონ ალინა არველაძე ვინ არის, რა დამსახურება აქვს ჩვენი ან თავისი ქვეყნის წინაშე?

- სოციალურ ქსელში ,,თბილისი ლაივის" ,,ვარსკვლავების" მიერ შენ მიმართ გამოხატული დაუფარავი აგრესია საზოგადოებამ კახა კალაძის პოლიტიკურ თვალსაზრისს დაუკავშირა...

- არ მგონია, რომ ეს კახას პოლიტიკური თვალსაზრისით იყოს გამოწვეული. მას ქვეყანაში ბევრი რამ მოსწონს და ბევრიც - არა. უბრალოდ, ჩვენი ოჯახი მავანს გულზე, არ ეხატება. დიდი კოვზი დიდ ნაცარში ჩაუვარდათ და რა ქნან (იცინის)?

- სტრიპტიზის მოცეკვავე გოგონების ჩოხაში გამოწყობა შენთვის მიუღებელია და ქართული ტრადიციების, კულტურის შეურაცხყოფად მიიჩნევ?

- როდესაც ჩოხა ქალს შიშველ სხეულზე აცვია და ამაზრზენ სცენებს სთავაზობს მაყურებელს, ჩემი აზრით, ეს მისასალმებელი ნამდვილად არ არის.

ჟურნალ ,,თბილისი ლაივის" გარეკანზე არაფერი მითქვამს, პირიქით, ჩანაფიქრი - ხინკალი და მამაკაცის ხელი საინტერესოც მეჩვენება, მაგრამ ჩოხის, ქართული ეროვნული სამოსის შეურაცხყოფას ვერ ავიტან.

ნათია მალიშავა

გაზეთი "ყველა სიახლე"