დღეს კალიფორნიაში, აუქციონზე გაიყიდება ვიდეოჩანაწერი, სადაც თითქოსდა ლეგენდარული მსახიობის, მერილინ მონროს ინტიმური სცენებია ნაჩვენები ერთდროულად ორ მამაკაცთან – რობერტ და ჯონ კენედებთან ერთად, - წერს Radar Online-ი.

ამას ამტკიცებს სკანდალური ლოტის მფლობელი, კოლექციონერი უილიამ კასტლბერი.
კასტლბერის სიტყვებით, მას ეს ლენტა მრავალი წელია, რაც აქვს და მას საზოგადოებისგან საგულდაგულოდ მალავდა. ვიდეოჩანაწერისა და კიდევ სხვა რარიტეტების კონფისკაცია კოლექციონერს ვალების გამო ჩაუტარდა.

"ის (ჩანაწერი) ნამდვილია და დიდი ხანია, რაც ჩემს კოლექციაში ინახება. ჯო დიმაჯოს (ამერიკელი ბეისბოლისტი, მონროს ექსმეუღლე) პატივისცემის გამო არ ვაპირებდი მის გასაჯაროებას... საშინლად ვგრძნობ თავს და ვცდილობ, მოვაგროვო თანხა, რომ დავიბრუნო ვიდეო", - აცხადებს კოლექციონერი.

"რამდენიმე წლის წინ მეუბნებოდნენ, რომ ბატონ კასტლბერის კოლექციაში ინახება მერილინ მონროსა და ძმები კენედების სექს-ვიდეო"- აღნიშნა კრედიტორის ადვოკატმა და ხაზი გაუსვა, რომ თავად ეს ჩანაწერი არ უნახავს.

კოლექციონერის სიტყვებით, ის რაღაც დროის შემდეგ აპირებს, თავისი ძვირფასეულობა რომელიმე მუზეუმს გადასცეს ან საერთოდაც, საკუთარი დააარსოს.

ლოტებს შორის, რომლებიც დღეს გაიყიდება, ასევე არის ტომას ედისონის წიგნები გამომგონებლის ავტოგრაფით.
მასალის წყარო: Radar Online