მსახიობი თაკო აბაშიძე თავისი წლისა და შვიდი თვის შვილისთვის ახალ ძიძას ეძებს.
სანდო ძიძის პოვნა საქართველოში ხომ ყოველთვის პრობლემატურია და თაკოც, სანამ შვილს მომვლელს უპოვიდეს, მომავალ ძიძას, თავის დაზღვევის მიზნით, Facebook-ით წინასწარ აფრთხილებს: "ვეძებ ძიძას! ოღონდ ისეთს, რომ არ შემომაკვდეს"!
თაკოს კომენტარისთვის დავუკავშირდით.
თაკო აბაშიძე: საბედნიეროდ, არაფერი შემმთხვევია, უბრალოდ, ახალ ძიძას ვეძებ და რამე რომ დააშავოს, შეიძლება მართლა შემომაკვდეს. "საოცარი" ძიძების ძალიან ბევრი მაგალითი არსებობს, ისეთი ვიდეოები დევს ინტერნეტში, რომ ბოლომდეც ვერ ვუყურებ. ეს სტატუსი, რა თქმა უნდა, ნახევრად ხუმრობით დავწერე, მაგრამ რა იცი, რა ხდება, წინასწარ ვაფრთხილებ.
ძალიან კარგი ძიძა მყავდა აქამდე, რომელიც ერთი თვიდან ჩემთან ერთად ზრდიდა ჩემს შვილს, მაგრამ სამწუხაროდ, ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო დაგვემშვიდობა. ერთ-ერთ ძიძების სააგენტოსთან უკვე გამოვნახე ნაცნობი, მაგრამ ძალიან ახლო სანაცნობო წრეში ნაპოვნი ძიძა უფრო სანდო მგონია რატომღაც, რადგან კარგად უნდა იცნობდე ადამიანს, ვისაც შვილს დაუტოვებ და ის საკუთარი შვილივით უნდა უვლიდეს ბავშვს."