ხანდახან ასეც ხდება: - შენი მეგობარი ფოტოგრაფიითაა დაინტერესებული. თქვენ ერთად მიდიხართ სასეირნოდ, ის გიღებს სურათებს ავტოსერვისის წინ და შენი ცხოვრება რადიკალურად იცვლება...
მიხვდით, ვისზეა საუბარი? ვინ არის გადაღებული ფოტოზე, რომლის ისტორიაც უნდა მოგიყვეთ? - დიახ, თქვენ არ შეცდით, ეს ნამდვილად მსახიობი რიჩარდ გირია. ფოტოს ისტორია კი ასეთია:
ფოტოგრაფი ჰერბ რიცი შეძლებულ ოჯახში იზრდებოდა და ყველაფრით უზრუნველყოფილი ბავშვი იყო. 70-იან წლებში ის, სწავლის დასრულების შემდეგ სახლში დაბრუნდა და ოჯახურ ბიზნესში ჩაერთო, მაგრამ რაღაც არ ეწყობოდა ისე, როგორც მას სურდა. ის ჯერ კიდევ ეძებდა საყვარელ საქმიანობას და შეიძლება ითქვას, რომ ფოტოგრაფიამ გადაარჩინა.
ჰერბი ფოტოგრაფიის კურსებს ესწრებოდა და ამ სფერომ ის თავიდან ფეხებამდე მოიცვა. მას ნიჭიც აღმოაჩნდა და პირველი აღიარებაც ძალიან მოულოდნელად მივიდა მასთან...
ეს იყო მისი საუკეთესო მეგობრის პორტრეტი, რომელიც დამწყები და ყველასათვის უცნობი მსახიობი - რიჩარდ გირი გახლდათ. ფოტო კალიფორნიაში, 1978 წელს არის გადაღებული. ერთხელაც მეგობრებმა მანქანით გაისეირნეს და მოულოდნელად საბურავი გაუსკდათ. როდესაც მანქანა შესაკეთებლად უახლოეს ვულკანიზაციაში მიიყვანეს, დროის მოსაკლავად, იქვე სურათების გადაღება დაიწყეს.
რიჩარდ გირის ამ ფოტოსურათმა ნამდვილი ფურორი გამოიწვია და მრავალი ამერიკული ჟურნალის გარეკანზე იქნა გამოქვეყნებული. სხვათა შორის, სწორედ ამ ფოტომ ითამაშა გადამწყვეტი როლი მსახიობის მომავალ კარიერაში, ისევე, როგორც თავად ფოტოგრაფის. ამ ფოტოს წყალობით, რიჩარდს ცნობილ ფილმში, სახელწოდებით "ამერიკელი ჟიგოლო", მთავარი როლი შეხვდა, ხოლო ჰერბს ყურადღება მიაქციეს, როგორც პერსპექტიულ და ნიჭიერ ფოტოგრაფს.
აი, ასე მივყავართ ზოგჯერ შემთხვევით მოვლენებს ნამდვილი წარმატებისკენ. დაუთმეთ უფრო მეტი დრო თქვენს მეგობრებს!
თეა ინასარიძე