მაღაზიაში ნაყიდი შამპუნების უმეტესობის ძირითადი კომპონენტები გახლავთ არაორგანული მარილები, არომატიზატორები, საღებავები, კონსერვანტები და სხვა "ქიმია"... მასში ნატურალური მხოლოდ წყალია და მაქსიმუმ, ზეთი, ბალახის ნახარშები და ვიტამინები.
მაგრამ ეს უკანასკნელები ძალიან ცოტაა შამპუნის შემადგენლობაში და შესაბამისად, ეფექტიც, ფაქტობრივად, არ არის.
როგორ მოვიქცეთ, თუ გვსურს, რომ თმას ჯანმრთელობა შევუნარჩუნოთ და ის ნატურალური საშუალებებით გავანებივროთ? გპასუხობთ: გააკეთეთ თავად!
დავიწყოთ იქიდან, რომ შამპუნი იმ სახით, როგორსაც ჩვენ დღეს ვიყენებთ, არც ისე დიდი ხნის წინ გაჩნდა - დაახლოებით 100 წლის წინ. აქამდე თმისთვის, ძირითადად, ნატურალურ, ბუნებრივ კომპონენტებს იყენებდნენ და მათი თმა გაცილებით ჯანმრთელად გამოიყურებოდა, ვიდრე ჩვენი. ამიტომაც იქნებ ღირს, ჩვეული შამპუნების მაგივრად, წინაპრების ნაცადი საშუალებები გამოვიყენოთ?
ბუნებრივი შამპუნების რეცეპტები
ყველამ ვიცით, რომ კვერცხის გული თმის მოვლის საუკეთესო საშუალებაა, მაგრამ თუ თქვენ მას დაუმატებთ კეფირს, თაფლს, ლიმონის წვენს, ზეთს, მაშინ მშვენიერ თმის დასაბან ბუნებრივ საშუალებას მიიღებთ.
მშრალი თმისთვის: ერთ კვერცხის გულს შეურიეთ ერთი სუფრის კოვზი ზეითუნის ზეთი, შეიზილეთ თმაში და ჩამოიბანეთ.
ამ მეთოდს ერთი ნაკლი აქვს – თმის ჩამობანა, ცოტა არ იყოს, რთულია, თუმცა შედეგი ამად ღირს.
ცხიმიან თმას უხდება მდოგვით დაბანა: ამისათვის ორ ლიტრ წყალში უნდა გახსნათ ერთი სუფრის კოვზი მდოგვის ფხვნილი და ამ ნარევით დაიბანოთ თავი.
ასევე, თმის დასაბანად იყენებენ ცეხვილ პურს. შეეცადეთ, პურის გული ისე გახსნათ თბილ წყალში, რომ ფაფა მიიღოთ. შემდეგ წვრილ საწურში გახეხეთ ისე, რომ ერთგვაროვანი მასა მიიღოთ. შეიზილეთ თმაში და კარგად ჩამოიბანეთ.
სახლში მომზადებული შამპუნების მინუსები
რასაკვირველია, ბუნებრივი საშუალებები ძალიან სასარგებლოა თმისთვის და ზოგადად, თავის კანისთვის, ისინი ამაგრებენ თმას და მას აძლიერებენ, მაგრამ, იმ ქალბატონების თქმით, ვინც შეეცადა, მაღაზიებში ნაყიდ შამპუნებზე უარი ეთქვა და თმის დასაბან საშუალებას თავად ამზადებდა – ბუნებრივი საშუალებებით დაბანის შემდეგ თმას ნაკლები სიბზინვარე აქვს.
ბუნებრივი შამპუნის მეორე მინუსი გახლავთ ის, რომ ის მალფუჭებადია, ამიტომაც მისი მომზადება ყოველი დაბანის წინ არის საჭირო.