"რუსთავი 2"-ის ახალი პროექტის, "X ფაქტორის" ქასთინგები უკვე დაწყებულია. ფილარმონიის დიდ დარბაზში ხალხმრავალი აუდიტორიის წინაშე ჟიურის წევრებმა კონკურსანტების ნაწილი უკვე გადაარჩიეს.
როგორც უკვე იცით, მასშტაბური პროექტი ეთერში აპრილის დასაწყისიდან გავა. იმის გათვალისწინებით, რომ საზოგადოებას ერთფეროვანი მუსიკალური პროექტები მობეზრდა და რაღაც ახლის მოლოდინშია, პროექტის პროდიუსერები ზუსტად ახალ და განსხვავებულ შოუს გვპირდებიან.
სხვა მუსიკალური კონკურსებისგან განსხვავებით, "X ფაქტორი" 4 კატეგორიად დაიყოფა: ბიჭები, გოგოები, 25-ს ზევით და ვოკალური ჯგუფები. გარდა ამისა, ქასთინგის ფორმაც სრულიად ახალი და განსხვავებულია.
ჟიური, როგორც აქამდეც აღვნიშნეთ, ოთხკაციანია: სტეფანე მღებრიშვილი, სოფო ტოროშელიძე, გიორგი გაბუნია და საბერძნეთიდან სპეციალური მოწვევით - მომღერალი თამთა გოდუაძე.
წამყვანის ამპლუაში მაყურებელი პირველად იხილავს გეგა ფალავანდიშვილს, რომელსაც პარტნიორობას მსახიობი ია სუხიტაშვილი უწევს. სამაგიეროდ, ვანიკო თარხნიშვილი ამჯერად პროექტს მიღმა რჩება და ორგანიზატორებს მხოლოდ შიდა, როგორც თვითონ ამბობს, "შავ საქმეებში" დაეხმარება.
ქასთინგების პირველმა დღემ უკვე წარმატებით ჩაიარა. ჟიურის წევრების აზრი ბევრჯერ ერთმანეთს დაუპირისპირდა, თუმცა ჯობია, ეს თავად ნახოთ... მაყურებელი კონკურსანტებში, ახალ სახეებთან ერთად, ბევრ ცნობილ სახესაც შეხვდება, რომლებიც აქამდე სხვა შოუებით თუ სულ სხვა სფეროში იყვნენ ცნობილნი. შოუს ფინალი 30 ივლისს არის დაგეგმილი, სადაც, როგორც ყოველთვის ხდება ხოლმე, გამარჯვებულებისთვის გრანდიოზულ პრიზებს ამზადებენ.
გიორგი ხაბურზანია ("X ფაქტორის" პროდიუსერი): პროექტში სულ ახალი ქასთინგის ფორმაა, როდესაც კონკურსანტები პირდაპირ დიდ აუდიტორიასთან გამოდიან. მერე არის კატეგორიები, რომლებიც 4 ნაწილად იყოფა.
შემდეგ იქსის ფორმის სცენა შემოდის, სადაც სკამებია განლაგებული. მაყურებელს ეს ძალიან მოეწონება. ძალიან დრამატული მომენტებია, რადგან ჟიურის წევრებს იმ თავიანთ კატეგორიაში, ფაქტობრივად, კონკურსანტების განახევრება უწევთ.
მერე არის რეალითი-სეგმენტები, სადაც ჟიური, თავის უკვე ვიწრო გუნდის წევრებთან ერთად, ქალაქგარეთ მოწყობილ ლოკაციაში ორი დღით მიდის.
ჯამში, თითო ჟიურის კატეგორიაში ექნება 3 ნომერი. ეს შეიძლება იყოს სამი ადამიანი ან სამი ჯგუფი. რაც შეეხება პრიზებს, ბინა და მანქანა უკვე გვაქვს, კიდევ სხვა მსხვილი პრიზიც იქნება, რომელსაც როგორც წესი, წინასწარ არ ვამბობთ.
გიორგი გაბუნია (ჟიურის წევრი): თუ გავიხსენებთ იმას, რომ ადრე მუსიკალურ ტელევიზიაში ვმუშაობდი, ჩემთვის ეს არც ისეთი განსხვავებული ამპლუაა. ვისაც ის პერიოდი არ ახსოვს, ფიქრობენ, რომ რა შუაში ვარ მე, სად პოლიტიკა და სად მუსიკალური პროექტი.
მე ძალიან კომფორტულად ვგრძნობ თავს. იმიჯი წინასწარ განსაზღვრული არ მაქვს, არ ვაპირებ ხელოვნური იმიჯის შექმნას. იმის მიხედვით მოვიქცევი, როგორი კონკურსანტებიც იქნებიან.
მკაცრი ვიქნები, მაგრამ ბოღმა არა. იმას არ ვაპირებ, განურჩევლად ყველას ვუთხრა, რა საყვარელი ხარ, მაგრამ საბოლოოდ მაინც არას გეუბნები-მეთქი. დავასაბუთებ ჩემს არასაც და კისაც. აქეთ-იქით მომიწევს სირბილი, ჩაწერები რომ დამთავრდება, ხანდახან მომიწევს ხოლმე, უცბად გადავიცვა ეს ჩემი შარვალ-კოსტუმი, ჰალსტუხი გავიკეთო და წავიყვანო "არჩევანი".
ამ ორ იმიჯს შორის მომიწევს ხოლმე გადართვა, მაგრამ ეს უფრო საინტერესოა ჩემთვის.
ეკა ჩიკვაიძე