შევეცადეთ, იმ ცნობილი ადამიანების საქორწინო ისტორიები გაგვეხსენებინა, რომლებიც განსაკუთრებული სილამაზითა და გამორჩეულობით დაამახსოვრდათ სტუმრებს.
ლიკა ევგენიძის და ნიკა ალასანიას ქორწილი
მუსიკოს დავით ევგენიძის ქალიშვილი, ტელეწამყვანი ლიკა ევგენიძე 3 წლის წინ მიხეილ სააკაშვილს დაუნათესავდა, - ის ცოლად თემურ ალასანიას ვაჟს, ნიკა ალასანიას გაჰყვა.
წყვილმა ჯვარი მამა დავითის ტაძარში დაიწერა, ქორწილი კი მთაწმინდის პარკში, ღია ცის ქვეშ გადაიხადა. ლიკას ქორწილში ქართველი დიზაინერის, ნინო ჩუბინაშვილის მიერ შეკერილი კაბა ეცვა, ფეხზე კი - პარიზში შეძენილი "ლაბუტენის" ფეხსაცმელი.
სპეციალურად ქორწილისთვის, პარიზში შეძენილი ფეხსაცმელი ეცვა ლიკას მეჯვარეს, ნინი ბადურაშვილს. სტუმრებს შორის იყო სანდრა რულოვსიც.
ნიკა ნაყოფიას და ხათუნა სხირტლაძის ქორწილი
2009 წელს ბიზნესმენ კობა ნაყოფიას ვაჟის და "მის საქართველო 2008" ხათუნა სხირტლაძის ქორწილის შესახებ თითქმის მთელი თბილისი ლაპარაკობდა. ნიკამ და ხათუნამ გაცნობიდან 3 თვეში იქორწინეს. "მის საქართველო" მიიჩნევს, რომ გათხოვება ყველაზე ჭკვიანური ნაბიჯი იყო, რომელიც ოდესმე გადაუდგამს.
კობა ნაყოფიამ ვაჟს გრანდიოზული ქორწილი სტამბულში, სასტუმრო "კემპინსკში" გადაუხადა. ამბობდნენ, რომ საქართველოდან ორი სპეციალური ჩარტერული რეისით მთავრობის წარმომადგენლები და ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილიც კი გაემგზავრაო. ხათუნას ქორწილში D&G-ს მიერ შეკერილი კაბა ეცვა. წყვილმა ჯვარი სტამბულში მდებარე მართლმადიდებლურ ტაძარში დაიწერა. ჯვრისწერის ცერემონიალი მამაომ ქართულ ენაზე აღასრულა, მგალობლებმა კი ბერძნულად იგალობეს.
ქორწილში უფროსი თაობისთვის მიწვეულნი იყვნენ "ქართული ხმები", ნანი ბრეგვაძე და სხვა ქართველი მომღერლები. ახალგაზრდების განწყობაზე კი ლეგენდარულმა ჯგუფმა Earth, Wind & Fire იზრუნა. ნიკა და ხათუნა ახლა საზღვარგარეთ ცხოვრობენ და პატარა ბიჭს ზრდიან.
ანასტასია თოფურიძის ქორწილი
ეკა კახიანის ქალიშვილის, ანასტასია თოფურიძის ქორწილი გრანდიოზული იყო. წყვილმა ქორწილი მცხეთაში, ღია ცის ქვეშ გადაიხადა. ქორწილის ორგანიზება ნინი ბადურაშვილმა და ეკა კახიანმა აიღეს საკუთარ თავზე. საღამოს მუსიკალურად ქრისტინე იმედაძე და თაკო გაჩეჩილაძე აფორმებდნენ, რომლებმაც ანასტასია თოფურიძის თქმით, იმდენი იმღერეს, ხუთი დღე ჩახლეჩილი ჰქონდათ ხმა. ანასტასია თოფურიძემ საკუთარ ქორწილში საჩუქრების პარკი დაკარგა.
ქორწილი რაგბის მოედანზე
გასული წლის 23 ოქტომბერს რაგბის მოედანზე იქორწინა ქართველმა მორაგბემ სანდრო ქოიავამ. "ლელოს" მორაგბემ ხელი მარიამ დათუკიშვილთან მოაწერა. წყვილმა დაქორწინების გადაწყვეტილება მოულოდნელად მიიღო. მათ სახლის დასაგირავებლად ბანკში სესხის აღება უნდოდათ, მაგრამ მსესხებლები ოჯახის წევრები უნდა ყოფილიყვნენ. ამიტომაც დაქორწინდნენ. ხელი რაგბის მოედანზე მოაწერეს და სუფრაც მოედანზევე გაშალეს. სანდროს საკუთარ ქორწილში მოკლე შორტები, ბუცები, გეტრი და თეთრი პერანგი ეცვა.
ქეთა თოფურიას ქორწილი
საქორწინო ცერემონიას, რომელიც ქართველი მომღერლის დაბადების დღეს დაემთხვა, 500-ზე მეტი სტუმარი ესწრებოდა და მთელი რუსული ელიტა იყო მოწვეული. ქეთას ქორწილში პარიზში შეძენილი კაბა ეცვა. ცერემონიას, ალა პუგაჩოვადან და იგორ კრუტოიდან დაწყებული, შოუბიზნესის სხვა ცნობილი და ახალგაზრდა წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
საქორწინო ღონისძიება ორ ნაწილად გაიმართა. პირველი ნაწილი ალექსეი ჩუმაკოვმა წაიყვანა, ხოლო მეორე - მაქსიმ გალკინმა.
ქეთა თოფურიამ და ლევ გეიხმანმა ხელი ოფიციალურად 7 სექტემბერს მოსკოვში, კუტუზოვის მმაჩის ბიუროში მოაწერეს.
გიგი დედალამაზიშვილის და მარინა კაპრის ქორწილი
მგზავრების სოლისტს, გიგი დედალამაზიშვილს ოთხდღიანი ქორწილი ჰქონდა. წყვილმა ჯვარი სვეტიცხოველში 2012 წლის 20 ოქტომბერს დაიწერა. მენდელსონის მარში "თეატრალურის კვარტეტმა" შეასრულა, რომელმაც წყვილის ხელმოწერა გაალამაზა.
ქორწილის პირველ დღეს ნეფე-პატარძალი და სტუმრები ეროვნულ სამოსში იყვნენ გამოწყობილნი, მეორე დღის დრეს-კოდი კი უკრაინულ სამოსს მოითხოვდა. მესამე დღეს წყვილი და სტუმრები სიღნაღში, "სიყვარულის ქალაქში" გაემგზავრნენ და იქაც აღნიშნეს დაოჯახება.
პატარძლის თაიგული უკრაინელმა ტელეწამყვანმა საშა ვიშნევსკიმ დაიჭირა, რომელმაც გიგის და მარინას ქორწილში სთხოვა ცოლობა საკუთარ რჩეულს. ამიტომ გიგის ოჯახმა მეოთხე დღეს ერთ-ერთ რესტორანს უკრაინელი წყვილისთვის შეუკვეთა ქორწილი.
თამარ ბოჭორიშვილი