იცოდით, რომ ჩვეულებრივი სოდის აბაზანის მეშვეობით შესაძლებელია წონაში დაკლება და ცელულიტისგან გათავისუფლება? როგორ? ძალიან მარტივად!
გახსოვთ, ალბათ, როცა ჩვენი დედები და ბებიები ტოტალური საბჭოური დეფიციტის ეპოქაში ჭურჭელს ცხიმს სოდის მეშვეობით აცილებდნენ. რა თქმა უნდა, ზედმეტი ცხიმის მოსაშორებლად ჩვენც სოდით არ გავიხეხავთ ტანს, მაგრამ, თუ გარკვეული სქემით აბაზანაში გავხსნით საკვებ სოდას, მართლაც შევძლებთ ზედმეტი კილოგრამებისა და ცელულიტის მოშორებას.
სოდის აბაზანა დადებითად მოქმედებს კანზეც: ამშვიდებს გაღიზიანებულ კანს, ხსნის ანთებით პროცესებს და ალერგიას. ერთი სიტყვით, ამშვიდებს კანს და მას მეტად ნაზს ხდის. შემთხვევითი არ არის, რომ სოდის აბაზანებს ნიშნავენ დერმატიტის, მშრალი ეგზემის და კანის სოკოვანი დაავადებების დროს.
ასევე, სოდის აბაზანას შეუძლია გაამკვრივოს მოშვებული კანი, რომელიც ხშირად გახდომის შემდეგ იჩენს ხოლმე თავს.
სოდის აბაზანისგან საუკეთესო ეფექტის მიღებისთვის, საჭიროა, ჩაიტაროთ 10-10-დღიანი პროცედურები, თითოდღიანი შესვენებით (პროცედურა – 1 დღე შესვენება – პროცედურა – 1 დღე შესვენება...).
ერთი პროცედურის ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს 20-25 წუთს. სოდის აბაზანის ეფექტურობა მოიმატებს, თუ მის მიღებამდე რამდენიმე წუთით სუფთა ჰაერზე გაისეირნებთ.
სოდის აბაზანის სწორად მიღებისთვის შეიძინეთ წყლის თერმომეტრი. წყლის ტემპერატურა 36-37 გრადუსს უნდა შეადგენდეს.
ჩაყარეთ მცირე რაოდენობის ცხელ წყალში 200 გრ საჭმლის სოდა (ეს გახლავთ მთლიანი კოლოფის ნახევარი), მიღებული კონცენტრირებული ხსნარი ჩაასხით აბაზანაში. რეკომენდებული დოზა გათვლილია 150-200 ლიტრი მოცულობის აბაზანაზე.
ჩაჯექით (და არ ჩაწვეთ) აბაზანაში წელამდე, რადგან ზედმეტი ცხიმები სწორედ სხეულის ქვედა ზონებზე მოდის (პრესი, დუნდულები და თეძოები). თუ თქვენ გსურთ, რომ ზურგისა და ხელების მიდამოებზეც მოიშოროთ ზედმეტი წონა, მაშინ სასურველია, უბრალოდ, მიისხათ ამ პრობლემურ ზონებზე სოდის ხსნარი.
როცა სხეული შეეჩვევა წყლის დარეგულირებულ 36-37 გრადუსს, ჩაამატეთ მასში ცხელი წყალი იქამდე, სანამ ტემპერატურა 38-39-ს არ მიაღწევს.
დაიმახსოვრეთ, რაც უფრო ცხელია წყალი, მით სწრაფად წავა კლების პროცესი. აბაზანის მიღების პროცესში, რა თქმა უნდა, წყალი გაგრილდება ხოლმე. ამიტომაც აუცილებელია, აკონტროლოთ ტემპერატურა და შეინარჩუნოთ საჭირო ნიშნული თერმომეტრზე.
სოდის აბაზანის მიღების შემდეგ არ გადაივლოთ წყალი, გაეხვიეთ პირსახოცში, შეშრით, შემდეგ მოიხურეთ თბილი პლედი და დაისვენეთ. იდეალურია, თუ სოდის აბაზანას დაწოლის წინ მიიღებთ. თუ არ გაქვთ ამის საშუალება, ერთი საათით მაინც წამოწექით აბაზანის მიღების შემდეგ.
სოდის აბაზანის 10 პროცედურის შემდეგ კურსის გამეორება შეგიძლიათ მხოლოდ 2 თვის შემდეგ.