ექსპერიმენტული ვაქცინის წყალობით ჟანა ფრისკე თავს უკეთ გრძნობს - Marao

ექსპერიმენტული ვაქცინის წყალობით ჟანა ფრისკე თავს უკეთ გრძნობს

2014-03-31 16:01:45+04:00

ჟანა ფრისკეს მამამ გაზეთ "კომსომოლსკაია პრავდასთან" ინტერვიუში განაცხადა, რომ მომღერლის მდგომარეობა ექსპერიმენტული ვაქცინით მკურნალობის შედეგად უკეთესობისკენ შეიცვალა.

11 მარტს ვლადიმერ ბორისოვიჩ ფრისკე თოქ-შოუში "პუსტ გოვორიატ" კარგი სიახლეებით მივიდა: ჟანა ფრისკეს მამამ განაცხადა, რომ მომღერალი თავს ბევრად უკეთ გრძნობს. ეს ინფორმაცია ამავე გადაცემაში დაადასტურა ფრისკეს უახლოესმა მეგობარმა, ოლგა ორლოვამ. ამ უკანასკნელმა ანდრეი მალახოვის გადაცემაში მოჰყვა, რომ ჟანა არა მხოლოდ პროცედურებზე დადის, არამედ სეირნობს და რომ მეგობრები ერთად რესტორანსა და სილამაზის სალონშიც კი იყვნენ.

ჟანას მკურნალობის მეთოდზე უფრო დაწვრილებით ვლადიმერ ბორისოვიჩმა გაზეთ "კომსომოლსკაია პრავდას" უამბო. როგორც აღმოჩნდა, კლინიკაში, სადაც მომღერალი თერაპიის კურსს გადის, ტვინის სიმსივნეს ექსპერიმენტული ვაქცინით მკურნალობენ.

"დიახ, ჟანა ლოს-ანჯელესში მკურნალობს. ეს საუკეთესო კლინიკაა და აქ ქიმიოთერაპიით კი არა, სულ სხვა მეთოდებით მკურნალობენ. როგორც კი სიმსივნე ზომაში დაპატარავდება, ჟანას მხედველობაც აღუდგება. ჩემი შვილი თავს უკეთ გრძნობს. მან 6 კილოგრამიც დაიკლო". – განაცხადა ჟანას მამამ გაზეთთან ინტერვიუში.

გამოცემა ასევე წერს, რომ მომღერალს, როგორც ჩანს, მკურნალობენ ICT-107 ვაქცინით, რომლის კლინიკური გამოცდა ახლახან წარმატებით დასრულდა ლოს-ანჯელესის სამედიცინო ცენტრში. პაციენტების ნაწილმა, რომელმაც გამოკვლევაში მიიღო მონაწილეობა, გლიობლასტომის აღმოჩენის შემდეგ 5 წელზე მეტი იცოცხლეს და ეს იმ დროს, როცა ამ დიაგნოზით ადამიანები საშუალოდ 15 თვეს ცოცხლობენ.

ვაქცინის საიდუმლო იმაში მდგომარეობს, რომ მასში შემავალი კომპონენტები ააქტიურებენ ადამიანის იმუნურ სისტემას და შედეგად, ორგანიზმი სიმსივნეს უჯრედულ დონეზე ებრძვის.