სილამაზისთვის ქალბატონებს არც ფული ენანებათ და არც დრო. ალბათ, დამეთანხმებით, რომ ლამაზი თმა მომხიბვლელობის ერთ-ერთი მთავარი კომპონენტია.
იხილეთ 2014 წლის გაზაფხული-ზაფხულის მოდური ვარცხნილობები
თმის მოვლა სახლის პირობებშიც შეიძლება. თუმცა განსაკუთრებული დღეებისთვის ქალბატონები სილამაზის სალონებს აკითხავენ. აქ ნამდვილად შეიძლება, თქვენს ფანტაზიას გასაქანი მისცეთ და თავი მოდური და ორიგინალური ვარცხნილობით მოიწონოთ.
ჩვენ თბილისის ერთ-ერთ პრესტიჟულ სილამაზის სალონს ვეწვიეთ იმის გასარკვევად, რა ტენდენციებია დღეს ჩვენს ქალაქში და რა ჯდება განსაკუთრებული ვარცხნილობა. ამ თემაზე სტილისტი ალიკა გვესაუბრა, რომელიც უკვე ათი წელია, თბილისელი ქალების ვარცხნილობაზე ზრუნავს.
- დღეს არ არის მოდაში პომპეზური ვარცხნილობები, მაგალითად, ე.წ. კოსა. დღეს ახალგაზრდები ირჩევენ ბუნებრიობას. მაგალითად, ადრე ქორწილებსა თუ სხვა ღონისძიებების დროს აწეულ თმას ამჯობინებდნენ, რომელიც გადატვირთული იყო სხვადასხვა აქსესუარით, ყვავილებით.
იქმნებოდა შთაბეჭდილება, რომ ადამიანი განსაკუთრებულად მოემზადა ამ დღისთვის და ცოტა სასაცილოც კი იყო ასეთი ვარცხნილობები. თანაც, დამეთანხმებით, რომ ე.წ. კოსა ყველას არ უხდება, განსაკუთრებით, პუტკუნა გოგონებს. ეს ვარცხნილობა ძალიან პრეტენზიულია და იმ ადამიანებს უხდებათ, რომელთაც გამხდარი სახე აქვთ.
ვერ ვიტყვი, რომ დღეს აწეული თმა მთლიანად დაივიწყეს, მაგრამ ის უფრო სადა და ბუნებრივი გახდა. მაგალითად, დღეს ძალიან მოდურია ნახევრად აწეული თმა. თითქოს საგანგებოდ კი არ გაიკეთეთ, არამედ სახლიდან გამოსვლისას უცებ აიწიეთ. ასევე, ძალიან მოდურია ნაწნავი. მისი დახმარებით მართლაც ძალიან ლამაზ ფორმებს ვიღებთ.
- რომელია ყველაზე ძვირად ღირებული ვარცხნილობები დღეს თბილისში?
- ასეთი ვარცხნილობები მაინც კლიენტის მოთხოვნაზეა დამოკიდებული. სადღესასწაულო ვარცხნილობების ფასები 20 ლარიდან იწყება და ას ლარამდე ადის. გაააჩნია თმის სიგრძეს და იმ პროცედურებს, რაც ამ ვარცხნილობას სჭირდება. მაგალითად, ცოტა ხნის წინ გოგონას საქორწილო ვარცხნილობა გავუკეთე.
მისი მოთხოვნა იყო, რომ გაშლილ თმაში " სვაროვსკის" კრისტალები ჰქონოდა ჩაბნეული. თითოეულ კრისტალს სპეციალური წებოს საშუალებით ვაწებებდით. ოთხი საათი ვაკეთებდით და მართლაც ძალიან ლამაზი გამოვიდა. თუმცა, პირადად მე რომ მკითხოთ, ზედმეტად თვალშისაცემი იყო.
მთელი თავი უბრდღვიალებდა. ეს სიამოვნება 200 ლარი დაუჯდა. ასევე, ძვირი სიამოვნებაა აფრიკული ნაწნავი - ერთი ნაწნავის ფასი ლარიდან სამ ლარამდეა. თუ იმას გავითვალისწინებთ, რამდენი ნაწნავის გაკეთება მოგიწევთ თმაზე, თანხა დაახლოებით ასი ლარიდან იწყება.
სადღესასწაულო ვარცხნილობა - მისი გაკეთება სილამაზის სალონების პრესტიჟზეა დამოკიდებული. იწყება ოცი ლარიდან და ასი ლარის ფარგლებში მერყეობს. ქიმიური დახვევა ან გასწორება - ეს 100-150 ლარი დაგიჯდებათ.
თმის დაგრძელება - ერთ-ერთი ძვირად ღირებული პროცედურაა და მისი ფასი 750 დან 1250 ლარამდე მერყეობს. განსხვავებაა სადღესასწაულო და საქორწინო ვარცხნილობებს შორის. მაგალითად, საქორწინო ვარცხნილობა 80 ლარი ღირს.
- ყველაზე ხშირად როგორი ვარცხნილობის გაკეთებას გთხოვენ კლიენტები?
- უნდათ, რომ განსაკუთრებულად გამოიყურებოდნენ, მაგრამ ფანტაზია არ ჰყოფნით და ყველაზე მეტად მაინც ბუნებრივ დახვევას მთხოვენ ხოლმე. ამ დროს თმა ისე გამოიყურება, თითქოს ეს-ესაა, საწოლიდან ადექით - არ არის ძალიან "დავარცხნილი". ასეთი ვარცხნილობა დღეს თბილისელ გოგონებში ძალიან პოპულარულია.
რაც შეეხება აწეულ თმას, ის ძირითადად შუახნის ქალბატონებშია მიღებული. ახალგაზრდა გოგონასთვის ასეთი ვარცხნილობა ცოტა "ბებერია". ქალბატონებს ვურჩევდი, რომ ბუნებრივი თმა შეინარჩუნონ. ასეთი თმა ყოველთვის ბევრად ლამაზია, ვიდრე შეღებილი და უფრო მეტი იმპროვიზაციის საშუალებას იძლევა.
იხილეთ 2014 წლის გაზაფხული-ზაფხულის მოდური ვარცხნილობები
ქეთი საგინაშვილი
(სპეციალურად საიტისთვის)