ჯერ კიდევ ძველ ჩინეთში იყენებდნენ კულინარიასა თუ კოსმეტიკაში ამ უნიკალურ პროდუქტს. რა პროდუქტზეა საუბარი?
ჯანჯაფილი, იგივე კოჭა, მართლაც საოცარი პროდუქტია. ის წარმატებით გამოიყენება როგორც კულინარიასა და კოსმეტიკაში, ასევე კვების სისტემაშიც - დიეტების დროს.
ჯანჯაფილის კოქტეილები, რომელთა რეცეპტებსაც ახლა შემოგთავაზებთ, იმით არის ეფექტური, რომ კვების განსაკუთრებულ შეზღუდვას არ საჭიროებს (რა თქმა უნდა, ნუ გაიგებთ ისე, თითქოს ამ დროს გაძლიერებულად უნდა იკვებოთ) და ძალიან სწრაფად და ზედმეტი ძალისხმევის გარეშე იძლევა შედეგს. მაშ ასე:
ჯანჯაფილის გასახდომი კოქტეილები:
აიღეთ 1-2 სუფრის კოვზი გახეხილი ნედლი ჯანჯაფილი და 1 მოზრდილი ლიმონი კანიანად (ასევე გახეხილი). მოათავსეთ ინგრედიენტები თერმოსში და დაასხით 1,5 ლ გადადუღებული და გაგრილებული წყალი. გააჩერეთ ნაყენი 4-6 საათი და მიღების წინ (სურვილისამებრ) დაუმატეთ ერთი ჩაის კოვზი თაფლი. მიიღეთ ერთი ჭიქა ნაყენი ყოველი ჭამის წინ.
ასევე ძალიან ეფექტურია ჯანჯაფილის ნაყენი მწვანე ჩაისთან ერთად. ეს კოქტეილი არა მხოლოდ გასახდომად გამოიყენება, არამედ ის საუკეთესო მატონიზირებელი ეფექტითაც გამოირჩევა. დააყენეთ მწვანე ჩაი ჩვეულებრივი წესით. 1-2 სუფრის კოვზ გახეხილ ჯანჯაფილს დაასხით ერთი ლიმონის წვენი, შემდეგ დაასხით დაყენებული მწვანე ჩაი და გადაიტანეთ თერმოსში. გააჩერეთ 2-4 საათით. სვით თბილ-თბილი 150 მლ ნაყენი ყოველი ჭამის წინ, ნახევარი საათით ადრე.
შემდეგი რეცეპტი ჯანჯაფილით არა მხოლოდ დაგაკლებინებთ წონაში, არამედ გაგიმყარებთ იმუნურ სისტემას, გაგიუმჯობესებთ კანისა და თმის სტრუქტურას. აიღეთ 1-2 კოვზი გახეხილი ჯანჯაფილი, შეურიეთ 100 გრ დანაყილი ასკილი, ჩაყარეთ ორივე ინგრედიენტი თერმოსში და დაასხით 1,5 ლიტრი ადუღებული ცხელი წყალი, გააჩერეთ 2-4 საათი. მიიღეთ თითო ჭიქა ჭამამდე 30 წუთით ადრე.
რჩევა: თუ ვერ იშოვეთ ნედლი ჯანჯაფილი, შეგიძლიათ გამოიყენოთ ხმელი, დაფქული სახით, მაგრამ ამ შემთხვევაში ჯანჯაფილის რაოდენობა ნაყენებში უნდა დაიყვანოთ 0,5 სუფრის კოვზამდე 1,5 ლიტრ წყალზე.
ჯანჯაფილის დიეტის უკუჩვენება:
ჯანჯაფილის ნაყენის სმა არ არის რეკომენდებული ალერგიულებისთვის, განსაკუთრებით მათთვის, ვისაც ალერგია აქვს ციტრუსებზე; ადამიანებისთვის, ვისაც ჰქონია სისხლდენები, აქვთ კანთან ახლოს კაპილარები; ანთებების დროს, გასტრიტისა და კოლიტის შემთხვევაში. ასევე არ არის რეკომენდებული ორსულებისთვის და მეძუძური დედებისთვის – ბავშვის შესაძლო ალერგიის გამო.
იშვიათად, მაგრამ მაინც ჯანჯაფილი იწვევს არტერიული წნევის აწევას, ამიტომაც ჰიპერტონიკებსაც არ ვურჩევდით ამ კოქტეილის მიღებას ექიმის რეკომენდაციის გარეშე.