სოკოვანი დაავადებები XXI საუკუნის ყველაზე გავრცელებულ სნეულებათა სიაშია. მეცნიერთა აზრით, მათ წარმოშობას მრავალი მიზეზი უწყობს ხელს, მათ შორის - გლობალური დათბობა, ტენიანობის მომატება და სხვა.
ბუნებაში უამრავი სოკო არსებობს, მაგრამ 300-მდე სახეობა ადამიანისთვის პათოგენურია და თითოეულს მხოლოდ მისთვის დამახასიათებელი კლინიკური სურათი აქვს. გვესაუბრება ექიმი დერმატოლოგი იოსებ ჭუმბურიძე:
- ლოკალიზაციის მიხედვით განასხვავებენ სოკოვანი დაავადების რამდენიმე ფორმას: ტერფის მიკოზს, კანის სოკოვან დაავადებას, ვაგინალურ კანდიდოზს, ფრჩხილის სოკოს, პირის ღრუს სოკოს, საჭმლის მომნელებელი ტრაქტის სოკოვან დაავადებას და სხვა.
ერთ-ერთი მათგანია სპოროტრიქოზი - სოკოსმიერი დაავადება, რომლის სახელწოდება მისი გამომწვევი სოკოს სახელიდან მომდინარეობს. ეს დაავადება უმთავრესად კანსა და კანქვეშა ქსოვილს აზიანებს, მაგრამ გართულების შემთხვევაში შესაძლოა გამოიწვიოს სახსრების, ძვლების, ფილტვებისა და ტვინის დაზიანებაც.
ადამიანი შესაძლოა დაავადდეს როგორც ერთი ტიპის სოკოთი, ისე რამდენიმეთი ერთად. ამჟამად სოკოვანი დაავადების განკურნება შესაძლებელია, რადგან არსებობს ახალი თაობის ანტიმიკოზური პრეპარატების ფართო სპექტრი, თუმცა მათი თვითნებურად მიღება დაუშვებელია, პრეპარატიც და შესაბამისი მკურნალობაც სპეციალისტმა უნდა დანიშნოს.
ზღვისპირეთში დამსვენებელთა შორის არცთუ იშვიათად ვხვდებით კანის ჩირქოვან დაავადებებს, უპირატესად - სტრეპტოსტაფილოდერმიას. ინფიცირება შეიძლება მოხდეს როგორც წყალში, ისე პლაჟზეც, ამიტომ მიზანშეუწონელია ზღვის სანაპიროზე მიწაზე თუ ქვიშაზე დასაფენი ქსოვილისა და საზღვაო ფეხაცმლის გარეშე ყოფნა.
ერთეული მომცრო ჩირქოვანი კერის გაჩენის შემთხვევაში შეიძლება დაზიანებული ადგილი ბრილიანტის მწვანით დაიმუშაოთ და 1-2 დღით მაინც მოარიდოთ წყალს.
სოკოვანი ინფექციების საყვარელი ადგილებია ტერფები, განსაკუთრებით - თითებს შორის არეები, საზარდულისა და სარძევე ჯირკვლების ქვედა ნაოჭები და იღლიის ფოსო. ამ ზონებში სიწითლის, აქერცვლის, ქავილის გაჩენა სოკოვან დაავადებაზე მიუთითებს. ასეთ შემთხვევაში დერმატოლოგს უნდა მიმართოთ.
- თუმცა განკურნებიდან რამდენიმე ხნის შემდეგ სოკო ხელახლა ვლინდება.
- ეს იმიტომ, რომ ზოგიერთ სოკოვან დაავადებას რემისია ახასიათებს და როდესაც ხელსაყრელი პირობები შეექმნება, ხელახლა იჩენს თავს.
- როგორია დაავადების კლინიკური სურათი და უმთავრესად სხეულის რა ადგილებს ედება სოკო?
- სოკო სხეულის ნებისმიერ ადგილას შეიძლება გაჩნდეს: ბეჭებზე, კისერზე, მუცელზე, იღლიის ფოსოში, მხრებზე... სოკოს ნიშანია სხვადასხვა ზომის ბაცი ან ყავისფერი, ან მოყვითალო-მოთეთრო აქერცლილი ლაქები, რომლებსაც გაერთიანებისადმი აქვთ მიდრეკილება.
გარდა ამისა, როგორც უკვე ვთქვი, სოკო ჩნდება ფეხის თითებზე, ყურში და სხვაგანაც. ზოგიერთი სოკოსთვის დამახასიათებელი კლინიკური სურათი ისეთი ტიპურია, რომ დიაგნოზს მის მიხედვით სვამენ. როცა ეს შეუძლებელია, ბაქტერიოსკოპიული და ბაქტერიოლოგიური კვლევები ტარდება.
ამჟამად ყველაზე გავრცელებულ სოკოვან დაავადებად მიჩნეულია ტერფის მიკოზი, ანუ ტერფის სოკო, მისი ხელშემწყობი ფაქტორებია დახურული ფეხსაცმლით სიცხეში დიდხანს სიარული, ოფლიანობა. ზაფხულში, როდესაც ფეხი არ ნიავდება, კანზე მიკრობებისა და სოკოს გამრავლებისთვის ნოყიერი ნიადაგი იქმნება.
კანის სოკოვანი დაავადება ადვილად იკურნება, ფრჩხილში დაბუდებული სოკო კი უფრო ხანგრძლივ მკურნალობას მოითხოვს, თუმცა სწორი მკურნალობით ამ დაავადების დამარცხება გარანტირებულია.
- შეიძლება, სოკოვანი დაავადება გართულდეს?
- რა თქმა უნდა. თუ პაციენტმა ბოლომდე არ მიიყვანა მკურნალობა, ან თვითონ მკურნალობა ჩატარდა არასწორად, შესაძლოა პირველადი კლინიკური სურათი წაიშალოს და დიაგნოზის დასმა გართულდეს.
პაციენტებს არ ვურჩევ ხალხური რეცეპტების გამოყენებას, რადგან დღეს გარემო ისეა დაბინძურებული და ყოველდღიურად იმდენ მიკრობთან გვიხდება შეხება, რომ შესაძლოა, ნაცადმა რეცეპტებმა უკურეაქციაც კი გამოიწვიოს.
- ზაფხულში ხშირია ვაგინალური კანდიდოზიც...
- ვაგინალურ კანდიდოზს სოკო კანდიდა იწვევს, რომელიც საშოს ლორწოვანზე, საჭმლის მომნელებელ ტრაქტსა და პირის ღრუს ლორწოვანზე ბინადრობს. ხელშემწყობი პირობების დროს კანდიდა გამრავლებას იწყებს და ვაგინალურ კანდიდოზს იწვევს.
ამ დაავადებისთვის დამახასიათებელია ქავილი, წვა, სიწითლე. ასეთ შემთხვევაში აუცილებელია ჰიგიენის დაცვა, ხელშემწყობი პირობების მოცილება და სისტემური მოქმედების ანტიმიკოზური პრეპარატების მიღება.
აღსანიშნავია, რომ სოკო კანდიდა შეიძლება ალერგიული დაავადებების მიზეზად იქცეს. კანდიდა ცილოვანი და ნახშირწყლოვანი ალერგენების კომპლექსია და შესაძლოა, კანის, სასუნთქი გზებისა და ნაწლავების ლორწოვანი გარსების ალერგიული დაზიანება გამოიწვიოს, ამიტომ ალერგიული დაავადების მქონე ბავშვები კანდიდოალერგენებზეც უნდა შევამოწმოთ.
თუ ავადმყოფი ბავშვი ცხოვრობს ნესტიან შენობაში, რომლის კედლებზე მოდებულია ობის სოკო, ხოლო დაავადების გამწვავება ემთხვევა შემოდგომასა და გაზაფხულს, აუცილებელია გამოკვლევა მიკოალერგოზებზე.
მნიშვნელოვანია კიდევ ერთი დეტალი - ობის სოკოს რეზერვუარები არის მაწანწალა ცხოველები. მათგან ადამიანს შეიძლება გადაედოს: მიკოსპორია - თავის თმიანი ნაწილისა და კანის სოკოვანი დაავადება, ტრიქოფიტია, რომლის დროსაც ფრჩხილები, თმა და კანი ზიანდება, ეპიდერმოფიტია - ფრჩხილებისა და კანის დაზიანებით მიმდინარე სოკოვანი დაავადება.
- რა ტიპის სოკოვანი დაავადებები გხვდებათ ქალებში?
- ყველაზე ხშირად - ფრჩხილის სოკოვანი დაავადება. ამ დაავადების შემთხვევაში ხშირად მიმართავენ ქირურგიულ ჩარევას, მაგრამ ეს, როგორც წესი, არ ამართლებს - ფრჩხილს დაზიანებული ნაწილი კი სცილდება, მაგრამ ახალი ფრჩხილი კვლავ დაავადებული ამოდის.
დაავადებული ფრჩხილის გარკვეული ნაწილის მოცილება ზოგჯერ აუცილებელიც არის, მაგრამ ამის შემდეგ მედიკამენტური მკურნალობის კურსი უნდა ჩატარდეს.
ლიკა კერატიშვილი
გაზეთი "ყველა სიახლე"
(გამოდის ოთხშაბათობით)