დაგვეთანხმებით, შვებულება არის პერიოდი, როცა კატასტროფული სისწრაფით გადის დრო, იხარჯება ფული და იცლება ფოტოაპარატის მეხსიერება. როგორ შევინარჩუნოთ ეს უკანასკნელი?
პასუხი მარტივია: ნუ დახარჯავთ დროს არაფრისმომცემ და უნიჭო კადრებზე. ჩვენ შევადგინეთ ფოტოების სია, რომელთა გარეშეც თავისუფლად ჩაივლიდა თქვენი შვებულება.
რა აერთიანებს კადრებს "მზე ხელისგულზე", "ქვიშაში ჩაფული ადამიანი" და "გოგონა აფრიალებული პარეოთი"? მსგავსი ფოტოები აქვს აურაცხელი რაოდენობის ადამიანს და შესაძლოა, თქვენც კი. ამიტომაც მოდი, ნუ დაკარგავთ დროს და თქვენი აპარატის მეხსიერებას შემდეგი ფოტოების გადაღებისთვის:
1. ცა, თვითმფრინავი, ალკოჰოლი
Duty free-ს მაღაზიები – საყვარელი ადგილია ბევრი ტურისტისთვის, მაგრამ არა იმიტომ, რომ იქ შედარებით დაბალ ფასად იყიდება სასმელი და სხვა რამ. არამც და არამც! უბრალოდ, გაფრენის წინ ბევრს რატომღაც აეროფობია ეწყება და სწორედ მასთან საბრძოლველად ყიდულობენ ისინი ტეკილას, ჯინს, ლიქიორსა თუ სხვა მაგარ სასმელს. ეს ყველაფერი გასაგებია, მაგრამ საქმე ისაა, რომ ტურისტების უმეტესობა ამ სასმელს არა ჩასხდომამდე, რომელიმე კაფეში მიირთმევს, არამედ პირდაპირ ჰაერში და რა თქმა უნდა, ამ "ისტორიულ ფაქტს" აფიქსირებს კიდეც.
მე, შვედური მაგიდა და წითელი ღვინო
შვედური მაგიდა – რამდენ რამეზე მეტყველებს ეს სიტყვები... ხშირად სწორედ ეს სიტყვათშეთანხმება ხდება მიზეზი იმისა, რომ ტურისტები ირჩევენ ამა თუ იმ კურორტს დასასვენებლად. და ალბათ ამიტომაც არის, რომ ისინი შანსს არ უშვებენ ხელიდან, რომ არ დააფიქსირონ ეს "სიმდიდრე" ფოტოკამერით. სხვათა შორის, უცნაური კანონზომიერებით, ასეთ ფოტოებს ტურისტები შვებულების დასაწყისში იღებენ (ალბათ იმიტომ, რომ ჯერ მათ სხეულზე არ არის ასახული დელიკატესები და სხვადასხვა ტკბილეული).
ოჰ, ეს ფეხები
კიდევ ერთი უცნაური შეხამება ფოტოსთვის, რომლის გარეშეც თქვენი ფოტოალბომი თავისუფლად იარსებებდა: ზღვა, შეზლონგი და თქვენი ფეხები. რაც უნდა ლამაზი იყოს ისინი, გრძელი და გარუჯული, მაინც აჯობებს, მთლიანად გამოჩნდეთ კადრში. თუმცა, როგორც ჩანს, ვინც ასეთ ფოტოებს იღებს, მეტი არაფერი აქვს გამოსაჩენი.
"მზე ხელისგულზე"
როგორც პრაქტიკიდან ჩანს, ადამიანები ხელისგულზე იტევენ ყველაფერს, რაც კი მოუნდებათ, დაწყებული მზიდან – ეიფელის კოშკით დამთავრებული. მსგავსი "უცნაური კადრები" თითქმის ყველა მოგზაურის ფოტოალბომში მოიძებნება. მეტიც, ისეთი მოყვარულებიც არსებობენ, რომლებიც მსგავსი ფოტოს გადაღებაში ფულს იხდიან.
დამმარხეთ, თუ შეიძლება!
მაინც საიდან მოდის ეს სურვილი, დაიფლა სილაში? – ეს ამოცანაა, რომელიც ამოუხსნელი რჩება, აგერ, უკვე რამდენიმე ათეული წელია. არადა, იმისათვის, რომ მსგავსი "ფენომენალური ფოტო" გადაიღო, საკმაო მონდომება და ჯაფაც კია საჭირო. რა თქმა უნდა, თუ სიდედრთან ან ცოლთან (რომელთანაც უკვე ფაიფურის ქორწინებას აღნიშნავთ) ერთად ისვენებთ, ამის გაკეთება არც ისე რთულია, მაგრამ ღირს კი? ქვიშიდან ამოყოფილი თავი – არც ისეთი მომხიბვლელი კადრია, რომელიც შეგიძლიათ, რომ პლაჟზე გადაიღოთ. თუ მსგავსი არგუმენტი თქვენთვის საკმარისი არ არის, მაშინ გაესაუბრეთ ინფექციონისტებს, ისინი მაინც მოგიყვებიან ქვიშაში არსებული ბაქტერიების შესახებ და იქნებ ამან მაინც ჩაკლას თქვენი ენთუზიაზმი, დაიფლათ მიწაში მხოლოდ იმიტომ, რომ ფოტო გადაიღოთ.
გრძელი, აბრეშუმივით მბზინავი... და რაც მთავარია, სველი
პლაჟზე გადაღებული ფოტოები განსაკუთრებულ ყურადღებას იმსახურებს. სად, თუ არა იქ, კეთდება უამრავი უნიჭო და გამოუსადეგარი კადრი. უდავო ლიდერია – ფოტო, სადაც აღბეჭდილია გრძელი და სველი თმა, რომელიც მკვეთრად უკან გადაწეულ თავზე იზრდება. შესაძლოა, 90-იანების დასაწყისში ეს ნამდვილი ნოუ-ჰაუ იყო, მაგრამ ახლა 2014 წელია და დროა, შევცვალოთ ფოტოგემოვნება.
ქარში აფრიალებული პარეო
მამაკაცები ვერასოდეს იგებდნენ, რაში სჭირდებათ ქალებს პლაჟზე გარდერობის ის ატრიბუტი, როგორიც არის პარეო. არადა, ბევრი ქალისთვის ხომ ეს სამოსიც არის, პირსახოციც, მზისგან დამცავიც და... აქსესუარი, რომელსაც შეუძლია მიანიჭოს სუსტ სქესს იდუმალება, სექსუალურობა და სიმსუბუქე. ყოველ შემთხვევაში, ბევრი ქალი ფიქრობს ასე. საუკეთესო ეფექტის მისაღებად, უნდა დადგეთ ზურგით და წინ გასწიოთ ფეხი. სახე მზეს უნდა მიუშვიროთ, დახუჭოთ თვალები, ხოლო ქსოვილი უკან გადაიგდოთ, რომ ქარმა კარგად ააფრიალოს. რა, არ არის სილამაზე? – იკითხავთ ალბათ. რა თქმა უნდა, არის – მაგრამ ზედმეტად ბანალური!