როგორ მოვიშოროთ კოჟრი - მარტივად მოსამზადებელი რეცეპტები - Marao

როგორ მოვიშოროთ კოჟრი - მარტივად მოსამზადებელი რეცეპტები

2014-07-09 12:01:52+04:00

კოჟრი, ანუ "მაზოლი" - გაუხეშებული კანი - ძირითადად, ხელებსა და ფეხებზე ჩნდება.

ფეხებზე მოუხერხებელი ფეხსაცმლის გამო; ხელებზე - მძიმე სამუშაოს შესრულების შემდეგ.

გთავაზობთ მარტივ რჩევებს, თუ როგორ გათავისუფლდეთ კოჟრებისგან.

პირველი რეცეპტი: საპნიან-სოდიანი აბაზანები - 36-40-გრადუსიან წყალში, დაახლოებით ერთ ლიტრში შეურიეთ 1 ჩაის კოვზი სოდა. გაისაპნეთ ფეხები და ჩაყავით სოდიან წყალში 15-20 წუთის განმავლობაში.

შემდეგ გაუხეშებული კანი პემზით ან სპეციალური ჯაგრისით გაიხეხეთ. გადაივლეთ თბილი წყალი, შეიმშრალეთ და მკვებავი კრემი წაისვით. ასეთი აბაზანები კვირაში რამდენჯერმე, კოჟრების სამუდამოდ გაქრობამდე გაიკეთეთ.

მეორე რეცეპტი: ნივრიან-ძმრიანი - 3 კბილ ნიორს დაასხით 3-4 ჭიქა ღვინის ძმარი. გააჩერეთ 2 კვირა. შემდეგ გადაწურეთ, დაასველეთ მასში ბამბის ქსოვილი და დაიფინეთ კოჟრიან ადგილას. ზემოდან წინდა ჩაიცვით და გაიჩერეთ მთელი ღამე.

მესამე რეცეპტი: ნივრის საფენი - გახეხეთ ნიორი. დაირბილეთ კოჟრი სოდიან წყალში და დაიფინეთ გახეხილი ნივრის წვენში დასველებული მარლა. პროცედურა ღამით, ძილის წინ უნდა გაიკეთოთ. გაიმეორეთ კოჟრის მოცილებამდე.

მეოთხე რეცეპტი: პროპოლისის სიკეთე - კოჟრის მოსაშორებელ საუკეთესო საშუალებად პროპოლისი ითვლება. დაიდეთ პროპოლისის ნაჭერი კოჟრზე და დაიკარით პლასტირი. რამდენიმე დღეში კოჟრი უნდა გაგიქრეთ.

მეხუთე რეცეპტი: მარილიანი აბაზანები - კოჟრის მოცილება მარილის ცივ აბაზანებსაც შეუძლია. ამისათვის 1 სადილის კოვზ მარილს დაასხით 1 ლიტრი ცივი წყალი. ჩააწყვეთ მასში ფეხები და 20-25 წუთი დაელოდეთ. მსუბუქი წვა უნდა იგრძნოთ. პროცედურის შემდეგ გაიარეთ მიწაზე ან ცხელ ქვიშაზე. ასეთი აბაზანები დაღლილობასაც მოგიხსნით და სასარგებლოა ბრონქებისა და გულისთვის.

მეექვსე რეცეპტი: ნივრიანი - გახეხილი ნიორი კარაქს გადაურიეთ. ფაფისებური მასა უნდა მიიღოთ. წაისვით დამბალ კოჟრზე, ზედ დაიფინეთ მრავალძარღვას ფოთოლი და შეიხვიეთ. გაიკეთეთ 2-3 ასეთი პროცედურა და კოჟრიც მოგცილდებათ.

მეშვიდე რეცეპტი: ხახვის ფურცლებიანი - ხახვის ფურცლები მოათავსეთ ქილაში და დაასხით ძმარი (უნდა დაფაროს). გააჩერეთ 2 კვირა. ღამით, ძილის წინ ძმრით გაჟღენთილი ხახვის 2-3 ფურცელი კოჟრზე დაიდეთ, გარშემო კი ვაზელინი ან ცხიმიანი კრემი წაისვით. დილით კოჟრის მოცილებას გაფხეკვითაც შეძლებთ.

მერვე რეცეპტი: პომიდვრიანი - დაიმუშავეთ კოჟრი ცოცხალი პომიდვრით ან პომიდვრის პასტით.