სინოპტიკოსების აზრით, მომდევნო კვირაც საკმაოდ ცხელი გველის. ამიტომ, სპეციალურად თქვენთვის შევკრიბეთ რამდენიმე რჩევა, რაც სიცხის ადვილად გადატანაში დაგეხმარებათ.
კვება
ზოგიერთებს სიცხეში ჭამაც არ შეუძლიათ, რაც სავსებით გამართლებულია. ცნობილია, რომ სიცხეში ნივთიერებათა ცვლა 5-10 პროცენტით იკლებს. ამიტომ, პირველი, რაც მოგეთხოვებათ, კალორიული საკვების შემცირებაა. საუზმე ძირითადად რძის პროდუქტებისგან (ხაჭო, არაჟანი, ნადუღი) უნდა შედგებოდეს. სადილზე ცივი წვნიანი მიირთვით, ვახშამზე - ბოსტეული (სასურველია უმი ბოსტნეულის ზეთმოსხმული სალათები). დროებით უარის თქმა მოგიწევთ კრემიან ნამცხვრებზე, შემწვარ-მოხრაკულზე, აგრეთვე, სხვადასხვა სოუსზე. თუ კერძებს მაიონეზის გარეშე ვერ ჭამთ, შემდეგი სოუსი მოამზადეთ, დაჭერით მწვანილები, ნიორი, მოასხით ზეითუნის ზეთი, ლიმონის წვენი, შეურიეთ მდოგვი და საყვარელი სუნელები. ასეთი საკმაზი ნებისმიერ კერძს გემრიელსა და ჯანსაღს გახდის.

ყოველდღიურად მიირთვით ახალმომზადებული კერძი. ნუ დაგავიწყდებათ წყლის სმა. ყავა სითხეში არ მიათვალოთ, იგი შარდმდენი თვისებებით გამოირჩევა. უპირატესობა მიანიჭეთ ახლმომზადებულ კომპოტებსა და ახალგამოწურულ წვენებს, მაგრამ გახსოვდეთ, რომ ზაფხული ანგინის სეზონია, ამიტომ, მაქსიმალურად მოერიდეთ მაცივრის ყინულიან წყალს და ცივ სასმელებს.
თუ ხორციან საკვებზე უარის თქმა გიჭირთ, მიირთვით ქათმის (უკანოდ), კურდღლისა და ხბოს ხორცი. გაზარდეთ ხილისა და ბოსტნეულის რაოდენობა.
ჯანმრთელობა
გადახურება და მზის დაკვრა ზაფხულის ყველაზე აქტუალური თემაა. მზის დაკვრის შემთხვევაში ადამიანი გრილ ადგილას უნდა დააწვინოთ, წყალში დასველებული ნაჭრებით გაუგრილეთ კეფა და ტერფები. წყალი აზრზე მოსვლის შემდეგ დაალევინეთ.
ზოგიერთებს მზისგან თვალების წვა და ზოგჯერ მხედველობის გაუარესება აღენიშნება. ამიტომ, თუ ასეთი რამ დაგემართათ, გადაინაცვლეთ ჩრდილში, დაიბანეთ თვალები თბილი წყლით, შემდეგ კი ცოტა ხნით თვალებზე მუქი ფერის ნაჭერი დაიდეთ. ეცადეთ, ქუჩაში, განსაკუთრებით თუ მზეზე გიწევთ სიარული მზის სათვალის გარეშე არ გახვიდეთ.
ნასიცხიც ზაფხულის ერთ-ერთი უსიამოვნებათაგანია. მისი მკურნალობა მხოლოდ შხაპითა და გრილი სამოსით შეგიძლიათ.
ფიტნესი
მაქსიმალურად შეამცირეთ ფიზიკური დატვირთვა. თუ სრულიად ვერ ახერხებთ ვარჯიშის შეწყვეტას, შეამცირეთ 20-25 პროცენტით, თუ სკვერში, ბუნებაში ვარჯიშობთ და 30 პროცენტით - თუ შენობაში. შეეცადეთ, ვარჯიშის შემდეგ იცუროთ, ან შხაპი მაინც მიიღოთ აგრეთვე, არ დაგავიწყდეთ წყლის სმას.

სამოსი
მთავარი აქცენტი თავსაბურავზე (პანამა, კეპი, შლაპა) გადაიტანეთ 40-გრადუსიან სიცხეში ქუჩაში თავმოშიშვლებული ნუ გახვალთ. სამოსი ნატურალური ქსოვილის უნდა გეცვათ. ყველაზე კარგად მზის სხივებს თეთრი ფერი აირეკლავს. ამ ფერის სამოსში ნაკლებად დაგცხებათ. ნუ ჩაიცვამთ მაღალქუსლიან ფეხსაცმელს; უპირატესობა საშუალოქუსლიან მიანიჭებთ. აგრეთვე, სანდლებს ან "ბალეტკებს".
მოერიდეთ მასიური სამკაულების გამოყენებას.
დაბოლოს, მოკლე, მაგრამ სასარგებლო რჩევები:
ზაფხულში გაამდიდრეთ რაციონი ხილითა და ბოსტნეულით, - ზამთრისთვის ორგანიზმი ყველა საჭირო ვიტამინითა და მინერალით გამდიდრდება.

ზაფხულში მოერიდეთ ცივ წყალში ბანაობას. ცივი წყლისგან სისხლძარღვები ვიწროვდება, მერე კი ფართოვდება და ზიანი მოაქვს ორგანიზმისთვის. ამიტომ, როგორც უნდა გცხელოდეთ, მაინც თბილ წყალში იბანავეთ.
ზაფხულში ხშირდება ორგანიზმიდან ოფლის გამოდენა. ეცადეთ, ხშირად მიიღოთ შხაპი და გამოიყენოთ თქვენი კანისთვის მისაღები ანტიპერსპირანტი.
გამოიყენეთ მზისგან დამცავი საშუალებები არა აქვს მნიშვნელობა ზღვის სანაპროზე ხართ, თუ ქალაქში დადიხართ. ქუჩაში გასულმა აუცილებლად იქონიეთ თან წყალი.