ერთდროულად ორი ცნობილი ჟურნალის - People-ისა და Hello-ს - ყდას ამშვენებს 39 წლის ანჯელინა ჯოლი საქორწილო კაბით!
დიდი ხნის ლოდინისა და მკითხაობის შემდეგ, თუ როგორი იყო ჰოლივუდის ულამაზესი ვარსკვლავი ანჯელინა ჯოლი ქორწილის დღეს, თაყვანისმცემლებს მიეცათ საშუალება, ენახათ ის საქორწინო კაბით.
ჯოლიმ მნიშვნელოვანი დღისთვის კაბის შეკერვა Versace-ს მოდის სახლს ანდო, კერძოდ კი, იტალიური ბრენდის საუკეთესო დიზაინერს, ლუიჯი მასის. სწორედ ამ დიზაინერმა მსახიობთან და მის შვილებთან ერთად მოიფიქრა ანჯელინა ჯოლის ცხოვრებაში ყველაზე მნიშვნელოვანი დღისთვის კაბის დიზაინი – ჯოლისა და პიტის ექვსმა შვილმა სპეციალურად დედიკოს საქორწილო კაბისთვის შექმნეს სახალისო და საყვარელი ნახატები, რომლებიც დიზაინერმა ანჯელინას კაბასა და ფატაზე გადაიტანა.
"ლუიჯი – ჩვენი დიდი ხნის მეგობარია და მასზე უკეთეს დიზაინერს ჩემი საქორწინო კაბის შესაქმნელად ვერც ვიპოვიდი. ის კარგად იცნობს და უყვარს ჩვენი შვილები და კაბაზე ერთობლივი მუშაობა ერთგვარი სახალისო ექსპერიმენტი იყო", - ამბობს ბედნიერი პატარძალი ჟურნალ People-ისთვის მიცემულ ინტერვიუში.
შეგახსენებთ, რომ ანჯელინა ჯოლისა და ბრედ პიტის დიდი ხნის ნანატრი ქორწილი (2-წლიანი ნიშნობის შემდეგ) 23 აგვისტოს, საფრანგეთის სამხრეთით გაიმართა. ცერემონიალს მხოლოდ 22 სტუმარი ესწრებოდა. მათ შორის იყვნენ პიტის ნათესავები და ანჯელინას უფროსი ძმა.
იხილეთ ფოტოგალერეა
აღსანიშნავია, რომ ცერემონიალი საფრანგეთში შემთხვევით არ გამართულა: ამბობენ, რომ ანჯელინა დედას სიკვდილის წინ შეპირდა, რომ ცოლად გაჰყვებოდა თავისი შვილების მამას, ბრედს და ქორწილს წყვილის კუთვნილ შატო მირავალის ულამაზეს რაიონში გადაიხდიდა.
მეტიც, ქორწილის თარიღი ბრედისა და ანჯელინას გაცნობის 10 წლის იუბილეს დაამთხვიეს. სწორედ 2004 წლის 10 აგვისტოს შეხვდნენ პირველად ჰოლივუდის სექს-სიმბოლო ანჯელინა ჯოლი და პიტი ერთმანეთს ფილმის - "მისტერ და მისის სმიტის" გადასაღებ მოედანზე.
"ენჯიმ და ბრედმა ქორწილში ყველაზე ახლო მეგობრები და ნათესავები დაპატიჟეს, - მოუთხრო ერთ-ერთ უცხოურ საიტს ვარსკვლავური ქორწილის სტუმარმა, რომელმაც ანონიმად დარჩენა ამჯობინა. – ახალდაქორწინებულების ექვსივე შვილს თავისი მისია ჰქონდა ცერემონიალზე: მედოქსსა და პაქსს ანჯელინა საკურთხეველთან მიჰყავდათ, შაილოსა და ნოკსს საქორწინო ბეჭდები მიჰქონდათ, ხოლო საჰარი და ვივიენი პატარძლის ფეხებქვეშ საკუთარ ბაღში დაკრეფილი ყვავილების ვარდისფერ და თეთრ ფურცლებს ყრიდნენ. ენჯის თოვლივით ქათქათა აბრეშუმის თეთრი კაბა ეცვა და ბრედი მოინუსხა პატარძლის სილამაზით, როცა საკურთხეველთან მისულ ენჯის სახიდან პირბადე ახადა".