"თურქული ვნება" – ასე ჰქვია 2014 წლის ყველაზე რეიტინგულ და მასშტაბურ ბრაზილიურ სერიალს, რომელიც "პალიტრა ტვ"-ის ეთერში ოქტომბრიდან გავა.
დიახ, ბრაზილიურს და არა თურქულს, რომელიც ბოლო დროს თითქმის ყველა ქართულ არხზე ტრიალებს.
ცნობილი ბრაზილიური ტელენოველების ("კლონის" და "გზა ინდოეთისკენ") სცენარისტის, გლორია პერესის ბოლო ნამუშევარმა არნახული პოპულარობა და ინტერესი გამოიწვია მსოფლიო სერიალების მოყვარულებში.
ფილმის სიუჟეტი თურქეთში, კერძოდ კი, სტამბოლში ვითარდება. მთავარი გმირი, მორენა – ახალგაზრდა გოგონაა რიო-დე ჟანეიროდან, რომელიც იმისათვის, რომ ოჯახი არჩინოს, იძულებულია, თურქეთს მიაშუროს.
კონტრაქტით მორენამ სამოდელო სააგენტოში უნდა იმუშაოს, თუმცა სტამბოლში ჩასული სულ სხვა რეალობაში აღმოჩნდება – აუქციონზე, სადაც ლამაზი ქალებით ვაჭრობენ, მორენაც ერთ-ერთი გასაყიდი ლოტი ხდება...
სერიალში მამაკაცის მთავარ როლს ცნობილი ბრაზილიელი ვარსკვლავი, სექს-სიმბოლო და მილიონობით ქალთა გულთამპყრობელი როდრიგო ლომბარდი ასრულებს.
ცოტა რამ მსახიობის შესახებ:
ის მხიარულია, მომხიბვლელი და გიჟდება ჩეხოვზე. ბრაზილიის ყველაზე სექსუალური მამაკაცი ჟურნალ "Istoe Gente"-ს მიხედვით (მან რეიტინგში ისეთ ვარსკვლავებს გაუსწრო, როგორებიც არიან ბრედ პიტი, ანტონიო ბანდერასი და სხვანი), ცხოვრებაში ძალიან უბრალოა... მეტიც, ის ზედმეტად მორცხვიც კია. სიმორცხვის გადასალახავად მსახიობი დიდი ხნის განმავლობაში ფსიქოსეანსებსაც გადიოდა.
შესაძლოა, როდრიგოს სწორედ ამ თვისებამ განაპირობა, რომ მასზე არა მხოლოდ სერიალების თაყვანისმცემლები, არამედ ცნობილი ვარსკვლავებიც არიან შეყვარებულნი.
მაღალი, მოხდენილი და ძალიან სიმპათიური როდრიგოს ხიბლი არა მხოლოდ მის გარეგნობაშია, არამედ მის ინტელექტშიც, რომელიც მას დედისგან ერგო. პირველად წიგნით 12 წლის ასაკში დაინტერესდა – მაშინ ბიჭი ჯერ წიგნის ყდით მოიხიბლა, ხოლო შემდეგ შიგთავსით. ამის შემდეგ კითხვა როდრიგოს ცხოვრების თანმდევი გახდა.
"ჩეხოვის 8 მოთხრობის ადაპტირებას ვაკეთებ. ჯერჯერობით ეს ჰობია, მომავალში – ვნახოთ". – ამბობს მსახიობი ერთ-ერთ ინტერვიუში.
როდრიგოს ცოლი, რომელიც მან 2006 წელს ერთ-ერთი ნოველის გადაღებებისას გაიცნო, ვიზაჟისტი ბეტი ბაუმგარტენია. მასთან მსახიობს ერთი ვაჟი, რაფაელო ჰყავს. თაყვანისმცემელი ქალებით გარშემორტყმული მსახიობი მთელ თავისუფალ დროს ოჯახთან ერთად ატარებს.