ალბათ, ყველა ჩვენგანს, ხშირად თუ არა, ხანდახან მაინც გვსმენია საყვარელი მამაკაცისგან ჩვენი სახელის ნაცვლად მოსაფერებელ-კნინობითი ფორმის ზედმეტსახელები.
ფსიქოლოგები ამტკიცებენ, რომ ყოველი ასეთი სახელის მიღმა იმალება მამაკაცის თქვენდამი დამოკიდებულება და მისი ფარული ფსიქო-ტიპი. მეცნიერები ამ ზედმეტსახელების გაშიფვრას შეეცადნენ.
"ბაჭია"
თუ მამაკაცი ამ პატარა მღრღნელს გადარებთ, მაშინ ის ბუნებით მონადირეა და სავსებით შესაძლებელია, რომ მას ასეთი ბევრი ბაჭია ჰყავს... იმისათვის, რომ ის შეაჩეროთ სხვებზე ნადირობისას, საჭიროა, თავი მოაჩვენოთ მახეში გაუბმელ ბაჭიად, რომელსაც ნებისმიერ მომენტში შეუძლია გაექცეს. ერთადერთ მახედ კი, რომელშიც თქვენ ნებით გაებმებით, მხოლოდ კანონიერი ქორწინება იქნება და ნუ დაგავიწყდებათ, რომ "ორი კურდღლის მადევარი ვერცერთს ვერ დაიჭერს"!
"ფისო"
კატებისა და ფისოების მოყვარული მამაკაცები, როგორც წესი, ძალიან რომანტიკულები და თბილები არიან. ეს ეგზემპლარები ადვილად ემორჩილებიან გაწვრთნას. ურთიერთობის დასაწყისში მეკატეებს საკმაოდ კარგად შეუძლიათ შენიღბონ თავიანთი უხასიათობა რომანტიკულობით. ასეთ მამაკაცზე ძალიან მოსახერხებელია გაავარჯიშოთ თქვენი დედობრივი ინსტინქტები.
"ოქრო/ბრილიანტო"
დარწმუნებული ხართ, რომ ის თქვენთან კომერციული ინტერესების გამო არ არის? თქვენი რჩეული – საკმაოდ მერკანტილური ტიპია, თუ ეს მეტსახელი მას ისე აქვს გამჯდარი, რომ სახელს საერთოდ აღარ გეძახით. ამასთან, ოქრო/ბრილიანტი – მაინც უსულო ლითონია. ასე რომ, მზად იყავით იმისათვის, რომ თქვენ კიდევ არაერთხელ გამოგცდიან გამძლეობაზე.
"მზეო"
ასეთი მეტსახელის აჩემებისას მამაკაცს თქვენგან საკმაოდ სპეციფიკური მოლოდინი აქვს: თქვენ მისთვის ერთგვარი სავიზიტო ბარათი ხდებით, ხოლო თქვენი სილამაზე მის თავმოყვარეობას ამაღლებს. ამიტომაც ყოველთვის ზედმიწევნით კარგად უნდა გამოიყურებოდეთ, რადგან ხომ იცით, კონკურენცია დიდია – გვერწმუნეთ, თქვენ ერთადერთი არ ხართ, ვისაც ასე მიმართავენ.
"ფუნთუშავ/ტკბილო"
დარწმუნებული ხართ, რომ თქვენს საყვარელ მამაკაცს კარგად კვებავთ? იქნებ ის უბრალოდ მშიერია და საშიშროება გელით, რომ ერთ-ერთ ვნებიან ღამეს შემოეჭამოთ? თუ ასე არ არის, მაშინ მამაკაცი, რბილად რომ ვთქვათ, მიგანიშნებთ (და ხშირად გაუცნობიერებლად), რომ კარგი იქნებოდა, წონაში დაგეკლოთ. ყველა შემთხვევაში, ნუ დაივიწყებთ, რომ მამაკაცის გულისკენ მიმავალი გზა კუჭზე გადის – მის კუჭზე და არა თქვენსაზე!
თუ ის გვარით მოგმართავთ
თუ საყვარელი მამაკაცი გვარით მოგმართავთ, ის ამით თითქოს გეუფროსებათ და ცდილობს, საკუთარი ავტორიტეტის აღიარება მოიპოვოს თქვენგან. ასეთ მიმართვაზე პასუხი "არის, უფროსო!" – ასეთი მამაკაცის ფასეულობების სისტემაში იდეალურად ჯდება.
თქვენი სახელის კნინობითი ფორმა
თქვენი სახელისგან წარმოქმნილი მეტსახელები – ერთდროულად ორ რამეზე მეტყველებს. პირველი: თქვენი ურთიერთობა საკმაოდ სერიოზულია, რადგან სხვაგვარად ის არ მიეჩვეოდა ისეთი მეტსახელის დაძახებას, რომელსაც სხვას ვერ დაუძახებს. და მეორე: ის ჩუმი (ან აშკარა) ეჭვიანია, რომელსაც სურს, რომ თქვენზე მხოლოდ მას ჰქონდეს უფლება, როგორც ერთგვარ ბრენდზე, რომელსაც სახელი თავად მიანიჭა.
"პატარავ"
ეს ადამიანი გართობას და მსუბუქ ცხოვრებას ანიჭებს უპირატესობას. შესაძლოა, იმიტომ, რომ მისი ცხოვრება მოსაწყენია და დატვირთული. ჩართეთ Fun და ნუ დაამძიმებთ მას პრობლემებით – სულერთია, ის მაინც აარიდებს ყოველივე ამას თავს.
"კვატუნია"
თქვენი მამაკაცი ვერ გამოვიდა ბავშვობის და სათამაშოების ასაკიდან. თქვენში ის, პირველ რიგში, გულუბრყვილობას აფასებს და ერთგვარ სიმსუბუქესაც, რომელსაც განსაკუთრებულად ნიჭიერები მთელი ცხოვრების მანძილზე იმიტირებენ. ატარეთ დახეული კომბინეზონები, დაადგით ფეხები შიგნით და პერიოდულად იცელქეთ კიდეც – გახადეთ ის ბედნიერი. და როცა (თუ) შვილს გაუჩენთ – მამობრივი ინსტინქტი მასზე გადავა და შესაძლოა, შემდეგ თქვენში ქალიც შეამჩნიოს.
"ლამაზო"
შეეცადეთ დიდხანს (უმჯობესია, არასოდეს) გამოხვიდეთ "ლამაზოს" იმიჯიდან. თქვენგან დაკითხვებსა და სკანდალებს თქვენი მამაკაცი ვერ აიტანს და ერთი გაბედეთ და ისტერიკები მოუწყვეთ, მისი ქვიშის სასახლე მაშინვე დაინგრევა, რაც მას დიდად არც დაადარდიანებს – მოჩვენებითი იდეალის ძებნაში ამ ადამიანს მთელი ცხოვრება შეუძლია გაატაროს.
"ძვირფასო"
ის ხუმრობს, არა? ან მას ბავშვობაში "უბრალოდ მარიაზე" ზრდიდნენ. თუ ასეა, მაშინ ახლა სწორედ თქვენ მოგიწევთ ყველაფრის გამოსწორება. მეშჩანურმა იდეალებმა მის ტვინში ღრმა კვალი დატოვა. პური – საპურეში, კარაქი – საკარაქეში, სექსი – საწოლში. და არანაირად სხვაგან!
"საყვარელო"
როგორც ჩანს, მას სერიოზულად მოენატრა სიყვარული. მეტიც, მას სწყურია განიცადოს ეს გრძნობა და ზუსტად იცოდეს – "ეს სიყვარულია!" თუმცა ასეთ მამაკაცებს ხშირად სიყვარულის მოთხოვნილება ერთგვარ "უაზრო სიყვარულში" გადასდით: სიყვარულის ობიექტს (ამ შემთხვევაში თქვენ) ის თავად აიყვანს ხელნაკეთ პიედესტალზე და ბოლომდე დახუჭავს თვალს ყველა თქვენს უარყოფით მხარეზე. ამასთან, ასეთი მომართვისას, ის გასცემს საკუთარ სურვილს, იყოს თქვენთვისაც საყვარელი (კანტის მორალური იმპერატივი: "მოექეცი სხვას ისე, როგორც გინდა, რომ მოგექცნენ შენ").
თუმცაღა, ყველა მეტსახელის, კნინობითი სახელის თუ მოსაფერებლისას მთავარი მაინც კონტექსტი და ინტონაციაა. აქ კი უკვე თქვენს ინტუიციაზე უკეთ ვერანაირი მეცნიერება ვერ გაერკვევა.