ფოტო, რომელზეც შიშველი ჯონ ლენონი თავის მეუღლეს, იოკო ონოს ეხვევა, ენი ლეიბოვიცის პორტფოლიოს ყველაზე სკანდალურ კადრად ითვლება.
ფოტო სპეციალურად ჟურნალ Rolling Stone-ის ყდისთვის გადაიღეს. თუმცაღა, ასეთი კადრის გადაღების იდეა ფოტოსესიის მსვლელობისას გაჩნდა. "თავდაპირველად არაფერი გამოგვდიოდა, - იხსენებს ერთ-ერთ ინტერვიუში ფოტოგრაფი. – ლენონმა დაჟინებით მოითხოვა, რომ მასთან ერთად მისი ცოლიც გადაეღოთ, მაგრამ შეყვარებული წყვილის ბანალური კადრები გამოდიოდა. უკვე ფარ-ხმალს ვყრიდით, რომ ბოლო მომენტში მუსიკოსს ვთხოვე, გაშიშვლებულიყო და თავის ცოლს მოხვეოდა. თუმცა, არ მითქვამს, როგორ მოხვეოდა – ყველაფერი ბუნებრივად გამოუვიდა და ძალიან ემოციურად".
სხვათა შორის, გადაღებებისას ონომაც მოინდომა გაშიშვლება, მაგრამ ლეიბოვიცმა ეს ზედმეტად ჩათვალა.
როცა ჯონ ლენონმა ფოტო ნახა, აღიარა, რომ ეს იყო საუკეთესო მათ შორის, რაც კი ოდესმე უნახავს. "ამ კადრში ნათლად ჩანს ჩემი და იოკოს სიყვარული", - თქვა მუსიკოსმა.
ვინ იფიქრებდა, რომ ეს ფოტოსესია ჯონ ლენონისთვის უკანასკნელი აღმოჩნდებოდა. რამდენიმე საათის შემდეგ ის მოკლეს...
დემი მური
მეორე შვილზე ორსულობის ბოლო კვირებში შიშველი დემი მური ფოტოგრაფმა ჟურნალ Vanity Fair-ის აგვისტოს ნომრისთვის გადაიღო. ეს ყდა გამოცემის ისტორიის მანძილზე საუკეთესოდ აღიარეს.
ენი ლეიბოვიცის თქმით, მისი და დემის მთავარი ამოცანა ფოტოსესიის დროს ის იყო, რომ ეჩვენებინათ, ორსულობა – არანაკლებ სექსუალურს ხდის ქალს.
დღეს უამრავ მსგავს ფოტოს ნახავთ ინტერნეტსივრცეში, თუმცა არ უნდა დაგვავიწყდეს, ვინ იყო იდეის ფუძემდებელი! ერთხელ, როცა ენი ლეიბოვიცს ჰკითხეს, რას გრძნობს, როცა სხვა ფოტოგრაფები ბაძავენ მას, ქალმა პასუხად გულიანად გაიცინა.
ვუპი გოლდბერგი
ასეთი ვუპი აქამდე არავის უნახავს! ოსკაროსანი მსახიობი საოცრად ჰარმონიულად გამოიყურება რძის აბაზანაში. ამ ფოტოთი ლეიბოვიცმა დაამტკიცა, რომ შეუძლია იმუშაოს არა მხოლოდ იდეალური ფორმების მოდელებთან, არამედ სასაცილო და არც ისე მოხდენილ მსახიობებთან.
"ფოტოში მთავარი იდეაა და ასევე, ბუნებრიობა", - ხშირად იმეორებს ენი.
სტინგი
რთულია ამის დაჯერება, მაგრამ ფოტოზე, სადაც ადამიანი ბუნებასთან არის შერწყმული – მომღერალი სტინგია გამოსახული. უნდა აღინიშნოს, რომ ენი ლეიბოვიცმა ამ კადრით საოცარი სიფაქიზით წარმოაჩინა მომღერლის შინაგანი სამყარო და ცხოვრების სტილი: მისი გატაცება იოგით და ტანტრას სექსუალური მიმდინარეობით, ასევე, გარემოს დაცვისა და დამოუკიდებლობისკენ სწრაფვის სურვილით.
გვინეტ პელტროუ
ეს გვინეტ პელტროუს საყვარელი ფოტოა და ის მსახიობის ყველა სოციალურ ქსელშია განთავსებული. მასზე გვინეტი დედასთან ერთად არის გადაღებული.
"საოცრად მომწონს ეს ფოტო. ყოველდღე ვტკბები ამ კადრით. ენიმ მოახერხა და მთელი არსებით შეიგრძნო ჩემი და დედას ურთიერთობა", - თქვა ერთ-ერთ ინტერვიუში მსახიობმა.
პენელოპა კრუსი და ვუდი ალენი
ასევე სიღრმისეულად ჩაწვდა ენი რეჟისორ ვუდი ალენისა და მისი მუზის – მსახიობ პენელოპა კრუსის – ურთიერთობას. ასეთი რეჟისორი და მსახიობი არავის უნახავს...
ქეით მოსი და ჯონი დეპი
ქეით მოსი და ჯონი დეპი 1997 წელს დაშორდნენ ერთმანეთს. ეს ფოტო 1991 წელს არის გადაღებული. შიშველი და მგრძნობიარე სუპერმოდელი, ვნებიანი მსახიობი, დიდებული საწოლი, თეთრი თეთრეული... ლეიბოვიცმა მოახერხა და ფოტოთი გადმოსცა 90-იანი წლების ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი წყვილის ამაღელვებელი და დრამატული სიყვარული.
არნოლდ შვარცენეგერი
არნოლდ შვარცენეგერისა და მისი ცოლის, მარია შრაივერის საოცრად მგრძნობიარე სურათი ცოლ-ქმრის დაშორებამდე კარგა ხნით ადრეა გადაღებული.
ამ ფოტოს შემხედვარე ძნელი წარმოსადგენია, რომ წყვილის ურთიერთობამ კრახი განიცადა...
კირა ნაიტლი და სკარლეტ იოჰანსონი
ეს ფოტო ენი ლეიბოვიცმა 2011 წელს გადაიღო და მის გამოქვეყნებას ინტერნეტ-შარჟების ტალღა მოჰყვა. შიშველ მსახიობებს განასახიერებდნენ მსუქანი მამაკაცები და ქალები. ეს, რა თქმა უნდა, ფოტოს წარმატებაზეც ბევრით მეტყველებს.
მაილი საირუსი
ეს კადრი 2008 წელს შეიქმნა და მასზე ჯერ კიდევ მოკრძალებული და უბიწო, ჰანა მონტანას როლით ცნობილი, 15 წლის მაილი საირუსია გამოსახული.
ფოტოს ახალგაზრდა მსახიობის ფანებისგან უარყოფითი რეაქცია მოჰყვა. ხოლო თავად გოგონამ განაცხადა, რომ ფოტოგრაფმა მას აიძულა, გაშიშვლებულიყო კამერის წინ...
დღეს კი მაილის ჩაცმული ნახვაა პრობლემა, მისი თამამი ჩაცმულობა და ქცევები ხანდახან შოკში მის თაყვანისმცემელებსაც კი აგდებს. ნუთუ ლეიბოვიცმა მოახერხა და მაშინვე დაინახა მაილის ჯერ კიდევ დაფარული "ტალანტი"?
ანჯელინა ჯოლი
ლეიბოვიცის საყვარელი მოდელი ყოველთვის იყო და იქნება ანჯელინა ჯოლი. ფოტოგრაფს ის უამრავი გამოცემისთვის და პირად ფოტოსესიებში ჰყავს გადაღებული.
კადრი, სადაც ჯოლი აბაზანაში შიშველი წევს, ფოტოგრაფისა და მსახიობის პირველი ერთობლივი ნამუშევარია.
შემდეგ ფოტოგრაფმა ჯოლი პირველ შვილთან, მედოქსთან ერთად გადაიღო. ყველა ფოტოზე მსახიობი, ალბათ, პირველად მრავალი წლის მანძილის შემდეგ, გამოიყურება ლაღად და ძალიან ბედნიერად.
ლეიბოვიცია ავტორი პირველი პროფესიონალური კადრის, სადაც ანჯელინა ჯოლი და ბრედ პიტი ერთად არიან გადაღებულნი.