რამდენიმე დღის წინ შვედეთში სოციალურ ქსელთან დაკავშირებული მორიგი სკანდალი აგორდა.
მამაკაცმა გამოაქვეყნა განცხადება თხოვნით, დახმარებოდა საზოგადოება თავისი დაკარგული შვილების მოძებნაში.
”ფეისბუქის” მომხმარებლები თანაგრძნობით მოეკიდნენ მამაკაცის თხოვნას და დაიწყეს პოსტის აქტიურად გაზიარება და მოწონება, რის შედეგადაც განცხადება ვრცელ აუდიტორიაზე გავრცელდა. ბავშვები იპოვეს, მაგრამ ბედნიერი დასასრული ამ ისტორიას მაინც არ ჰქონდა. აღმოჩნდა, რომ მამაკაცი ამ მეთოდით ცდილობდა, მოეძებნა მისგან გაქცეული ყოფილი ცოლი.
მიუხედავად იმისა, რომ ქალს უსაფრთხოების მიზნით შეცვლილი ჰქონდა სახელი და გვარი, "ფეისბუქის" მეშვეობით ექსქმარმა მაინც მოახერხა და იპოვა ის. ახლა ქალი იძულებულია, ქმარს სპეციალურ, კრიზისულ ცენტრში დაემალოს.
ამ სიახლემ შვედეთის მოსახლეობა ააღელვა, ბევრი ქალი ხომ იძულებულია ყოფილ, მოძალადე ქმარს დაემალოს. ახლა კი ისინი შეშფოთებულები არიან, რომ სოცქსელების მეშვეობით მათ აუცილებლად იპოვიან, სოციალურ ქსელებს ხომ გეოლოკაციაც აქვს, რომელიც მომხმარებლის ადგილმდებარეობას განსაზღვრავს.
ზოგიერთ შემთხვევაში სოციალური ქსელების დამატებითი ფუნქციები კრიმინალური მიზნებისთვის გამოიყენება. ასე მაგალითად, ამ წლის იანვარში დიდი გამოხმაურება მოჰყვა ვინმე ალექსეი კაბანოვის საქმეს, რომელმაც საკუთარი ცოლი მოკლა და რომელმაც ალიბის შექმნის გამო სოციალურ ქსელში გამოაცხადა ვითომდა დაკარგული ცოლის ძიება. სწორედ ამ განცხადების საშუალებით მიაგნეს მას სამართალდამცავებმა.
საშიშროება, რომელიც შესაძლოა, სოციალურ ქსელში აქტიურობამ და დაუფარავმა პროფილმა გამოიწვიოს, განხილვის მნიშვნელოვანი თემა გახდა. ხშირია თაღლითობის, მანიპულაციების, შეურაცხყოფების და სხვა დაუსჯელი დანაშაულების შემთხვევები. ასევე, ბოლო დროს გახშირდა ყალბი (დასპამული) განცხადებები ვითომდა მძიმე ავადმყოფების დასახმარებლად. ამ გზით კატასტროფული სისწრაფით იზრდება სახიფათო კონტენტი სოციალური ქსელების მრავალმილიონიან აუდიტორიაზე და თაღლითობას ერთგვარ, მომგებიან საქმედ აქცევს.
ამასთან, ”ფეისბუქის” წარმომადგენლების გადაწყვეტილებით, მომხმარებლები ვეღარ დამალავენ საკუთარ პროფილს, რამეთუ ოპცია "ვის შეუძლია ნახოს შენი კედელი?" პარამეტრებში აღარ იარსებებს. ამის შემდეგ პროფილის მთელი ინფორმაცია და "ქრონიკები" შეეძლება ნახოს ყველა მომხმარებელმა (მეგობარმა თუ არამეგობარმა). ერთადერთ შემთხვევაში გახდება თქვენი გვერდი მიუწვდომელი, თუ ამა თუ იმ არასასურველ პიროვნებას ე.წ. შავ სიაში ჩასვამთ, ანუ დაბლოკავთ.