"ნაღმი" - ასე ჰქვია ქართველი რეჟისორისა და სტუდია "სარკეს" მიერ გადაღებულ ქართულ-ამერიკულ ფილმს, რომელიც საქართველოს კინოეკრანებზე 23 ოქტომბრიდან გამოვა.
სიუჟეტის მიხედვით, სამი ამერიკელი ტურისტი: კრისი, დენიელი და ალისია - საქართველოში ლაშქრობისას პრობლემის წინაშე აღმოჩნდება - კრისი ნაღმზე დაადგამს ფეხს და იძულებულია, ადგილიდან აღარ გაინძრეს, რადგან ნაღმი, შესაძლოა, აფეთქდეს.
ფილმში სიტუაცია კიდევ უფრო იძაბება, როცა ტყეში ქართველი მონადირე ილია გამოჩნდება, რომელიც დახმარების ნაცვლად, ძალადობას იჩენს ერთ-ერთი ტურისტისადმი. ამის შემდეგ მოვლენები დრამატულად ვითარდება.
ქართულ-ამერიკულ თრილერში, რომელიც შურისძიებასა და ძალადობაზეა, ერთმანეთს პარტნიორობას ამერიკელი და ქართველი მსახიობები უწევენ. კანადელი ადრიან კოლუსის სცენარით გადაღებულ ფილმში მთავარ როლს სტერლინგ ნაითი ასრულებს, რომელსაც ქართველი და უცხოელი მაყურებლები "ჰანა მონტანასა" და "გრეის ანატომიში" შესრულებული როლებით იცნობს.
ასევე მონაწილეობენ: Resident Evil-ის მსახიობი, ამერიკელი სპენსერ ლოქი და მსახიობი და მომღერალი, ავსტრალიური Idol-ის მესამეადგილოსანი დეინ გაიერი.
მოძალადე მონადირის, ილიას როლს კი ქართველი მსახიობი კოტე თოლორდავა ასრულებს, რომელსაც "ნაღმში" საკმაოდ რთული როლის შესრულება და საკუთარი წონის "მსხვერპლად" შეწირვა მოუწია - მსახიობმა ამ როლისთვის 15 კილოგრამი მოიმატა.
გარდა ამისა, კოტეს ისეთი რთული დავალების შესრულება მოუხდა, როგორიც ფუტკრების სკაში ყოფნა და მეფუტკრეობის ათვისებაა; ორი თვის განმავლობაში კი, გადაღებების დაწყებამდე, ყოველდღიურად როტვეილერთან ერთად დადიოდა.
"ყოველდღე "ჯოკერასთან" და "ნორდთან" ერთად დავდიოდი, რომლებიც ერთმანეთის დუბლიორები იყვნენ ფილმში. როტვეილერის ჯიშის ძაღლები არიან და უნდა შევჩვეოდი.
როტვეილერი ერთ-ერთი ყველაზე არაპროგნოზირებადი ჯიშია, რომელსაც ისეთი ყბა აქვს, რომ მსხვერპლს ადვილად ამტვრევს. საჭირო იყო, ძაღლი მოთვინიერებულიყო, რათა საჭირო დროს ჩემთვის დაეჯერებინა. ერთ-ერთ ეპიზოდში ძაღლი ჩემს ამერიკელ კოლეგას ეცემა და კბენის მომენტში ჩემს ბრძანებაზე უნდა გაჩერდეს.
სხვათა შორის, ამ ძაღლებმა ფანტასტიკურად ითამაშეს. თავიდან ურთიერთობა ალიკაპით დავიწყეთ. თან გამაფრთხილეს, რომ ძალიან აგრესიული ძაღლი იყო და პატრონის გარდა, არავის ეკარებოდა. თუმცა, ბოლოს ძალიან დავმეგობრდით", - ამბობს კოტე თოლორდავა.
როტვეილერებთან და ფუტკრებთან დამეგობრების გარდა, კოტე თოლორდავას ფილმში საკმაოდ თამამი და რთული სცენის თამაში იმ დროს მოუწია, როდესაც ერთ-ერთ უცხოელ ტურისტზე ძალადობს.
ქართველი მსახიობის თქმით, როდესაც თავიდან უთხრეს, რომ ინტიმური სცენა უნდა ეთამაშა, ცოტა სკეპტიკურად შეხვდა ამ ამბავს, მაგრამ რეჟისორ ლევან ბახიას სასარგებლოდ უნდა ითქვას, რომ შეძლო კოტეს დარწმუნება, რომ "ნაღმში" გადაღებული ინტიმური სცენა, განსხვავებით სხვა ქართული ფილმებისგან, მაღალპროფესიონალურად იქნებოდა გადაღებული.
"თავდაპირველად, როდესაც მითხრეს, რომ მომიწევდა ინტიმური სცენის თამაში, ამას ცოტა სკეპტიკურად შევხვდი, რადგან როგორც წესი, საქართველოში ასეთი სცენები, სანახაობრიობის თვალსაზრისით, არაესთეტიკურია. თუმცა, როდესაც ფილმის რეჟისორმა ლევან ბახიამ დეტალურად ამიხსნა, როგორ მოხდებოდა ამ სცენის გადაღება, საბოლოოდ დავთანხმდი.
რაც შეეხება თავად სცენას, გადაღების წინ მეც და ჩემი პარტნიორიც ძალიან დაძაბულები ვიყავით. განსაკუთრებით მე, რადგან უნდა შემესრულებინა მოძალადეს როლის, რომელიც ქალზე ძალადობს სექსუალურად. თუმცა, სცენის გადაღების მომენტში ორივე ჩვენგანი ბოლომდე შევედით როლში, ერთი მომენტში კი იმდენად ცუდად გავხდი, რომ დახმარებისა და რჩევისთვის ჩემს მეუღლეს, განოს დავურეკე.
ვუთხარი, ვეღარ ვაგრძელებ, რა ვქნა, როგორ მოვიქცე-მეთქი. განომ, არც მეტი, არც ნაკლები, მშვიდად მითხრა, გააგრძელე თამაში და ისე იძალადე, რომ კრისი (ფილმის ერთ-ერთი პერსონაჟი), სახლში რომ დაბრუნდება და ამას ნახავს, შენზე შურისძიება მოუნდესო", - იხსენებს კოტე თოლორდავა.
ქართველი მსახიობის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ მონადირე ილიას პერსონაჟი, თავისი მანიაკური თვისებებით, აბსოლუტურად უცხო იყო მისთვის, "ნაღმზე" მუშაობისას ფანტასტიკური სამუშაო პერიოდი გაიარა მთელ გუნდთან ერთად.
"მაგრამ არ შემიძლია არ გამოვარჩიო ლევან ბახია, ფილმის რეჟისორი. ლევანს იმდენად სწორი გასაღები ჰქონდა მოძებნილი თითოეულ მსახიობთან, საუბარი მაქვს ჩვენს სამეულზე, საოცარი მიდგომა ჰქონდა თითოეულ გმირთან. ყველამ ზუსტად ვიცოდით, რა გვინდოდა, რა უნდა გვეკეთებინა და რაც მთავარია, ეს არის სრულიად იმპროვიზაციაზე აგებული ფილმი, სადაც ერთი სცენაც კი არ იყო დადგმული.
უბრალოდ, მსახიობებმა ზუსტად ვიცოდით, რა გვინდოდა. დღემდე არ ვიცი, როგორ შეძლო ლევან ბახიამ, რომ კამერა არ იყო გაფრთხილებული, ვინ სად წავიდოდა, ვინ როგორ ივლიდა. თითოეულმა მსახიობმა მართლაც ძალიან დიდი სამუშაო გავწიეთ", - ამბობს კოტე თოლორდავა.
R