ძველად ქალბატონები, ჰიგიენური საშუალებების არარსებობის გამო, წყალმცენარეებს, ხავსს, ხის დარბილებულ მერქანსაც კი იყენებდნენ.
ძველ ეგვიპტეში თურმე, საფენებს რბილი პაპირუსისგან ამზადებდნენ, მაგრამ საბედნიეროდ, 21-ე საუკუნეში ეს პრობლემა აღარ არსებობს და მაღაზიებსა თუ აფთიაქებში უამრავი ჰიგიენული საშუალების შეძენა შეგიძლიათ და მაინც, ზაფხულის დადგომასთან ერთად, ქალბატონებისთვის ერთ-ერთი მტკივნეული თემა დასვენებაა კრიტიკულ დღეებში, რამაც შეიძლება ნანატრი შვებულება ჩაგიშხამოთ.
თუ დაგავიწყდებათ ტამპონები. ისინი ზედგამოჭრილია ექსტრემალური სიტუაციებისთვის. ექიმები ირწმუნებიან, რომ ციკლის დროს არ არსებობს არავითარი უკუჩვენება წახვიდეთ აუზზე და იბანაოთ ზღვაში. ამ შემთხვევაში, ტამპონი შეუცვლელი ჰიგიენური საშუალებაა. უბრალოდ, უნდა იცოდეთ ტამპონის სწორად მოხმარების წესები:
1. ყოველთვის შეიძინეთ კარგად ნაცნობი ბრენდების პროდუქცია (უმჯობესია ჰიგიენური საშუალებების აფთიაქში შეძენა).
2. წესით, ტამპონი დისკომფორტს არ უნდა გიქმნიდეთ. თუ მცირე დისკომფორტი მაინც არსებობს, ე.ი. მისი გაკეთების დროს შეცდომა დაუშვით და მაშინვე უნდა გამოიცვალოთ. იგივე ტამპონის ხელმეორედ გამოყენება დაუშვებელია!
3. რაც ყველაზე მთავარია, ტამპონი 3-4 საათში ერთხელ უნდა შეიცვალოთ (თუ რა თქმა უნდა შორ გზაზე არ მიემგზავრებით და ფიზიკურად მისი შეცვლის საშუალება არ გაქვთ).
4 საათზე მეტხანს ტამპონის გაჩერება ორგანიზმში დაუშვებელია, რადგან ტამპონი არჩერებს სისხლის თავისუფლად გამოდინებას. ამდენად, პათოლოგიური მიკრო-ორგანიზმების განვითარების ხელსაყრელი პირობა იქმნება.
4. ზღვაში ან აუზში ბანაობისას, იგრძნობთ თუ არა, რომ ტამპონი სრულად გაიჟღინთა, დაუყოვნებლივ გამოიცვალეთ.
5. მიუხედავად იმისა, რომ ციკლის დროს ბანაობა შეიძლება, გახსოვდეთ, რომ გაციება ან გადახურება სასურველი არ არის.
ბედნიერ შვებულებას გისურვებთ!
ჟურნალი "და ქალი"
(აგვისტოს ნომერი)