ორქიდეები - ბუნების სასწაული - Marao

ორქიდეები - ბუნების სასწაული

2011-02-26 12:58:27+04:00

ორქიდეების სილამაზემ არ შეიძლება გულგრილი დატოვოს ისეთი ადამიანებიც კი, ვისაც ყვავილები არ უყვარს. მათ ტყუილად არ უწოდებენ ბუნების საოცრებას, სასწაულს...

უამრავი ჯიშის ორქიდეა არსებობს, არიან ამ ყვავილების კოლექციონერებიც, რომლებიც მზად არიან ნებისმიერი თანხა გადაიხადონ, რათა კიდევ ერთი მშვენიერი ორქიდეა შეჰმატონ თავიანთ კოლექციას.

ზოგიერთი იმასაც ამბობს, რომ ეს მცენარე ქალივითაა, ერთხელ თუ მიგიზიდა და თავბრუ დაგახვია, მისი სიყვარული სიცოცხლის მანძილზე გაგყვება. ორქიდეა ძალიან მგრძნობიარეა, ის დადებითად განაწყობს და მუხტავს ადამიანს.

საინტერესო ის არის, რომ ორქიდეას ძალიან დიდი ხნის ისტორია აქვს, მას ანტიკური პერიოდიდან ვხვდებით. ჩვენს წელთაღრიცხვამდე მეოთხე საუკუნეში ჩინეთში ამ ყვავილებს ეთაყვანებოდნენ კიდეც. ძველმა ბერძენმა ფილოსოფოსმა და ერთ-ერთმა პირველმა ბოტანიკოსმა თეოფრასტმა ჯერ კიდევ ქრისტეს შობამდე 375 წელს უწოდა ამ ყვავილს "ორქისი". ძველ საბერძნეთში კი მიაჩნდათ, რომ ორქიდეა პოტენციას ამაღლებდა.

ორქიდეების ფასი სხვადასხვა ქვეყანაში გაორმაგდა, სწორედ ამიტომ მის მოსაპოვებლად არაფერს ერიდებოდნენ. ტროპიკული ტყეები თანდათან იცლებოდა ბუნების ამ სასწაულისგან. აუქციონზე ეს ყვავილები ყველაზე ძვირად იყიდებოდა და იყო შემთხვევები, რომ მის ხელში ჩასაგდებად მკვლელობები ხდებოდა.

ორქიდეის ფასი მსოფლიო ბაზარზე დღესაც დიდია. ეს იმიტომ, რომ ზრდასრული ორქიდეის მისაღებად 5 წელი, ზოგიერთი ჯიშისთვის კი 10 წელია საჭირო. ორქიდეის 30000 ჯიში არსებობს. გარდა სილამაზისა და უცნაური, მრავალფეროვანი ფორმებისა, ის მკვეთრი ფერებითა და საოცარი სურნელებითაც გამოირჩევა.

საინტერესოა ისიც, რომ ორქიდეის თვისებები დიდად არის დამოკიდებული მის ჯიშზე, მაგალითად ერთი ჯიში სურნელს მხოლოდ დღისით გამოსცემს, მეორე – მხოლოდ ღამით, მესამე - დღისით სხვანაირ სურნელს აფრქვევს, ხოლო ღამით სხვანაირს და ასე შემდეგ. ორქიდეის ყვავილობა სამი კვირიდან სამ თვემდე გრძელდება, ის ამ მხრივაც განსხვავდება სხვა ყვავილებისგან.

მსოფლიოში არსებობს დიდი ფირმები, რომლებიც სწორედ ამ ყვავილების გამრავლებასა და მისი ახალი ჯიშების გამოყვანაზე ზრუნავენ.

შეგიძლიათ ორქიდეები სახლის პირობებშიც გაამრავლოთ, არსებობს სპეციალური ჯიშები, რომლებიც სწორედ ქოთანში ხარობს. მათ იმდენად განსაკუთრებული მოვლა არ სჭირდებათ, რამდენადაც უცნაური: ამ ყვავილს არ უყვარს შეწუხება, ამიტომ რაც შეიძლება იშვიათად საჭიროებს გადარგვას, ისიც მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მისი ფესვები ქოთანში აღარ ეტევა. კარგია თუ მის ფოთლებს თბილი წყლით დანამავთ. აუცილებლად გასათვალისწინებელია კლიმატი, მას სითბო უყვარს.

ორქიდეის ყვავილი, რომელიც ვანილის სურნელს გამოსცემს, კულინარიაში გამოიყენება.