როგორც წესი, ახალი წლისთვის მზადებას დღესასწაულამდე რამდენიმე დღით ადრე ვიწყებთ. ვრთავთ სახლს, ვყიდულობთ საჩუქრებს და ინტერნეტში კერძების ორიგინალურ რეცეპტებსაც ვეძებთ. მაგრამ ნამდვილი დღესასწაულის ატმოსფერო მაშინ იქმნება, როცა საახალწლო ნაძვის ხის მორთვას ვიწყებთ.
გირჩევთ, გამოიჩინოთ ფანტაზია და თქვენი სახლი ორიგინალურად მორთოთ სადღესასწაულო განწყობის შესაქმნელად კი კრეატიული იდეებით ჩვენ მოგამარაგებთ.
1. ნაძვის ხე ნაძვის ხის გარეშე
თუ სახლში ფერადი გირლანდები, სათამაშოები და ტკბილეულობა მოგეპოვებათ, ნამდვილი ნაძის ხე არც დაგჭირდებათ. მის "დადგმას" კედელზე მოხატული კონტურით შეძლებთ. კედელზე აკურატულად ჩამოკიდებთ გირლადებს, სათამაშოებს, კანფეტებს და ნურც ნათურების ანთება დაგავიწყედებათ.
2. მილოცვა ახლობლებისთვის ფიცრებისგან გაკეთებულ ნაძვის ხეზე
წარწერები და ასოები იტერიერს მუდამ განსაკუთრებულ ელფერს ანიჭეს. გამოიყენეთ ეს იდეა და ხის ფიცრებისგან ნაძვის ხე ააწყვეთ. მისი დადგმა ეზოშიც შეგეძლებათ, თუ საკუთარი სახლი გაქვთ, და მისაღებ ოთახშიც. მთავარია, მილოცვის დაწერა არ დაგავიწყდეთ.
3. ადვენტ-კალენდარი "უფროსი ბავშვებისთვის"
ახალი წლის დღესასწაული ძირითადად ბავშვებისთვის ეწყობა ხოლმე, მაგრამ უფროსები რატომ დავჩაგროთ, მათაც მოვუწყოთ სიურპრიზი. ამისთვის ადვენტ-კალენდრის იდეა გამოგვადგება. ხის ფიცარი სამკუთხედად გამოჭერით, ნაძვის ხის იმიტაცია რომ შექმნას და ზედ პატარა ვედროები დაამაგრეთ. მათში "უფროს ბავშვებს" მარტო კანფეტები და საჩუქრები კი არა ჟურნალები და სხვადასხვა საჭირო ნივთი ჩაულაგეთ.
4. ეკო ნაძვის ხე
თუ ახალი წლის აღნიშვნას სოფლის სახლში აპირებთ ან ინტერიერი სკანდინავიურ სტილში გაქვთ მოწყობილი, მაშინ ეკო ნაძვის ხის იდეა მოგეწონებათ. მის დასამზადებლად ბუნებრივი ნივთები უნდა გამოიყენოთ. ასეთი სადღესასწაულო აქსესუარი მოკრძალებულად, მაგრამ ელეგანტურად გამოიყურება. მისი გაფორმება ქაღალდის ფიგურებითა და ხისგან გამოთლილი ცხოველებით შეგიძლიათ.
5. ვისაც ცხოვრება წიგნების გარეშე ვერ წარმოუდგენია
6. წვრილმანებისგან
ერთი შეხედვით შეიძლება მოგეჩვენოთ, რომ ნაძვის ხე გამოუსადეგარი ნივთებისგანაა შექმნილი, მაგრამ კარგად დაკვირდით. ხედავთ, რა ლამაზადაა მასში შერწყმული ფერები და ნივთები.
7. ნაძვის ხე სამახსოვროდ
ასეთი ნაძვის ხე ნებისმიერ ოთახში შექმნის სადღესასწაულო განწყობას. და შეიძლება, ოჯახის წევრებმა იგი მთელი წლით დატოვონ კედელზე. მის დასამზადებლად ძველი ჩარჩოიანი ფოტოები, მისალოცი ბარათები, სუვენირები და სათამაშოები დაგჭირდებათ.
8. მრავალფუნქციური ნაძვის ხე ლენტებისგან
იგი შეგიძლიათ ღვინის ან შამპანურის ბოთლს ჩამოაცვათ. მომცრო ზომის საჩუქრებს დაადგათ ზემოდან; შეგიძლიათ სუფრაზეც წამოასკუპოთ, ან რამდენიმე მცირე ზომის დაამზადოთ და თითოეულ სტუმარს თეფშზე დაუდოთ.
9. ტკბილეულის მოყვარულთა ოცნება
როცა საახალწლოდ, ნაძვის ხეზე კანფეტებს ვკიდებთ, ერთი სული გვაქვს სადღესასწაულო დღეები მალე გავიდეს, რომ კანფეტები შევჭამოთ და ახლა წარმოიდგინეთ, ნაძვის ხე მთლიანად კანფეტებისგან და ტკბილეულისგან რომ იყოს დამზადებულ-მორთული. კანფეტების ჭამა-გასინჯვაში ნაძვის ხის "აწყობას" ალბათ რამდენიმე დღეს მოანდომებთ და უფრო მეტსაც გეტყვით, ასეთი ნაძვის ხე შეიძლება ძველ ახალ წლამდეც ვერ გაძლოს.
10. კიბე-სანათი
თუ სადღესასწაულო განწყობა არ გაქვთ, არ გსურთ კერძების მომზადება და სტუმრების დაპატიჟება, უქმეებზე კი თბილ პლედში გახვევას და წიგნის კითხვას აპირებთ, ოთახში ასეთი ნაძვის ხე დადგით.
თუ სადღესასწაულო განწყობას ვერ შეგიქმნით, გაგაღიმებთ მაინც. მისთვის ძველი კიბე, რამდენიმე სათამაშო და ნათურები დაგჭირდებათ. თუ მას ნაძვის ხეს არ დაარქმევთ, სანათი დაუძახეთ, რომელიც ოთახში სიმყუდროვესა და ჯადოსნურ ატმოსფეროს შეგიქმნით.