ახალგაზრდა მსახიობმა მილა კუნისმა, რომელიც თანამედროვე მსახიობ გოგონებს შორის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული და წარმატებულია, ახალი ფილმი წარმოადგინა. მან და ჯასტინ ტიმბერლეიკმა ერთად ითამაშეს ფილმში "მეგობრული სექსი".
მილა წარმოშობით უკრაინულ ქალაქ ჩერნოვციდან არის. მშობლებმა ამერიკაში 7 წლისა წაიყვანეს და სწორედ იქ აიხდინა ოცნება. ნატალი პორტმანთან ერთად შესრულებულმა როლმა ფილმში "შავი გედი" ამ ეგზოტიკური ლამაზმანის მიმართ მსოფლიო ყურადღება მიაპყრო.
მანამდე უფრო იმით იყო ცნობილი, რომ თითქმის რვა წელი მაკოლეი კალკინს ხვდებოდა. "ოსკაროსანი" ფილმის წარმატების შემდეგ კი მილა თითქმის ყველა რეიტინგში ხვდება, სადაც მსოფლიოს ულამაზეს ქალებს ასახელებენ, გარდა ამისა, ცოტა ხნის წინ "ადამიანი ობობას" რიმეიკში ქალის მთავარ როლზე დაამტკიცეს.
- "მეგობრულ სექსში" თამაში ალბათ გაცილებით იოლი იყო, ვიდრე "შავ გედში"?
- საერთოდ, დღეში 18-20 საათს ვმუშაობდით. მაგრამ დღეღამურ გადაღებებს შორის ეს უეჭველად ყველაზე მხიარული იყო ჩემს ცხოვრებაში. ბევრს ვერთობოდით და საერთოდ არ მოგვიწყენია.
- თვითონ თუ მოგწონს რომანტიკული კომედიები?
- არ არსებობს ჟანრი, რომ არ მომწონდეს. მაგრამ ჩემთვის ყველა დროის საუკეთესო ფილმია "ლამაზმანი". ამის აღიარების არ მრცხვენია. "მეგობრული სექსი" კი რომანტიკული კომედიაა, მეგობრებზე, რომლებსაც ერთმანეთი შეუყვარდათ.
- ამბობენ, რომ "შავ გედში" შენ ყველაზე კარგი იყავი, პრიზიც მიიღე ვენეციაში ამ როლისთვის. ელოდი, რომ ეს სურათი შენთვის ასეთი წარმატებული იქნებოდა?
- ველოდი კიდეც და არც ველოდი, თუმცა მთლად ასეთი წარმატება მოულოდნელი იყო. მე უბრალოდ ბედნიერი ვიყავი ამ რეჟისორთან - დარენ არონოფსკისთან მუშაობით, გამოცდილებას ვიძენდი. მას რომ ეთხოვა ჩემთვის, ფეხსაცმელს გავუწმენდდი.
- მაგარი გოგონას იმიჯი გაქვს, ბოლო ორ ფილმში კი ბევრს ცელქობ. როგორი რეაქცია აქვთ ამაზე შენს უკრაინელ მშობლებს?
- მშობლები მშობლები არიან. დედაჩემი და მამაჩემი ძალიან ამაყობენ, რომ ცხოვრებაში ყველაზე მთავარი რამ გამომივიდა - იმ საქმით ვარ დაკავებული, რომელიც ძალიან მომწონს. მათაც ეს სურდათ - მათ გოგონას ისეთი ცხოვრება ჰქონოდა, რომელიც სიამოვნებას მოუტანდა.
რაც შეეხება კინოში ჩემს ონავრობებს, გამგები ადამიანები არიან. იციან, რომ ეს სამუშაოა, რომელშიც ფულს მიხდიან. ამას იღებენ, თუმცა მამა ხანდახან ვერ უყურებს ეკრანს, როცა ათასგვარ რაღაცას ვაკეთებ.
უხამს სცენებზე თავს აბრუნებს ან თვალებს ხუჭავს. რა თქმა უნდა, გულის სიღრმეში მშობლებს ენდომებოდათ, რომ მე დოქტორი გავმხდარიყავი, მაგრამ ასე არ გამოვიდა და ამასთან შეგუება უწევთ.
- ნათესავები თუ დაგრჩა უკრაინაში?
- არა, აღარავინ. ჩემი ყველა ნათესავი ახლა გერმანიაში, ისრაელსა და აშშ-შია, თუმცა მშობლებთან ძველებურად უკრაინულად ვლაპარაკობ.