Mitsubishi Colt - რა მანქანა ვიყიდოთ? ავტომობილი ქალბატონებისთვის - Marao

Mitsubishi Colt - რა მანქანა ვიყიდოთ? ავტომობილი ქალბატონებისთვის

2015-01-29 12:32:10+04:00

ქალბატონების უმეტესობისთვის ავტომობილის შერჩევა უდიდეს თავისტკივილთან ასოცირდება. ვებგვერდ Autobild.ge-ს დახმარებით, გთავაზობთ ქალისთვის საინტერესო ავტომობილების მიმოხილვას.

იხილეთ ყველა მოდელის დეტალური მიმოხილვა

Mitsubishi Colt-ი, რომელიც 2002-08 წლებში იწარმოებოდა, ქართველ ქალბატონ მძღოლებში დიდი პოპულარობით სარგებლობს. ეს დამოკიდებულება რამდენიმე მიზეზით აიხსნება: პირველ რიგში, ავტომობილი აკმაყოფილებს ქალბატონების უმრავლესობის მთავარ მოთხოვნას - ძალიან კომპაქტურია, შესაბამისად, პარკირების პრობლემა არ აქვს და ამასთან ერთად, საკმაოდ კარგი გარეგნობა აქვს.

მნიშვნელოვანი ფაქტორია დაბალი ფასი - 3500$ ფარგლებში შესაძლებელია გამართული, უპრობლემო ავტომობილის შეძენა. კიდევ ერთი, ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორი ის არის, რომ ავტომობილი ძალიან პრაქტიკული და ჩვენი პირობებისთვის ამტანია. არ აქვს ხშირი გაუმართაობები, რაც თავიდან აგარიდებთ ავტო-სერვისებში სირბილს.

სალონი, ავტომობილის ზომის მიუხედავად, საკმაოდ ვრცელი და ტევადია. ბევრი ადგილია სხვადასხვა საყვარელი აქსესუარის და ახლად შეძენილი ნივთებით სავსე პარკების დასადებად. მიუხედავად იმისა, რომ მოდელების უმრავლესობა მარჯვენასაჭიანია, გადატანას მაინც არ გირჩევთ - ბევრი გართულება შეიძლება ახლდეს. თანაც, მარჯვენასაჭიანი ავტომობილით სიარული არ წარმოადგენს არანაირ პრობლემას.

პოპულარობიდან გამომდინარე, ამ მოდელის შეძენას საქართველოში უპრობლემოდ შეძლებთ, თუმცა, თუკი ადგილობრივ გამყიდველებს არ ენდობით ან სხვა მიზეზების გამო არ გსურთ ადგილზე შეძენა, შეგიძლიათ იაპონიიდან ჩამოიყვანოთ.

ყველაზე ხშირად, მფლობელები ამორტიზატორების და გადაბმულობის გაუმართაობას უჩივიან. ხელოსნების პრობლემა ნამდვილად არ არის, თუმცა ზოგიერთი სერვისი შეიძლება ძვირი დაგიჯდეთ. ნაწილებს რაც შეეხება, ამ შემთხვევაშიც შოვნის პრობლემა არ არის, თუმცა ზოგიერთი ნაწილი საკმაოდ ძვირია.

მოკლედ, თუკი გსურთ ავტომობილის შეძენა, ამ საქმისთვის გაქვთ დაბალი ბიუჯეტი გამოყოფილი და არ გსურთ, ავტომობილს შეძენის შემდეგ დაახარჯოთ დრო და ფინანსები, Mitsubishi Colt-ი ერთ-ერთი საუკეთესო ვარიანტია თქვენთვის.

იხილეთ ყველა მოდელის დეტალური მიმოხილვა