რა თქმა უნდა, ლამაზი და ჯანმრთელი თმა – ნებისმიერი ქალის მშვენებაა, მაგრამ ყოველდღიურად თმის ფენით გაშრობა, დაყენება, არასწორი კვება, თმის მოვლის ქიმიური საშუალებები, ამინდი, ცუდი ეკოლოგიური მდგომარეობა - ხდება თმის სტრუქტურის გაფუჭების მიზეზი.
ფიქრობ, რომ მხოლოდ ძვირად ღირებული თმის აღმდგენი საშუალებები გიშველის? ცდები! ოდესღაც ქალებს სქელი და ძლიერი თმა ჰქონდათ. იმიტომ, რომ ისინი მხოლოდ და მხოლოდ ბუნებრივ საშუალებებს იყენებდნენ.
ათ და ასწლეულების შემდეგ ჩვენ მოგვეცა საშუალება, მოგვეპოვებინა რამდენიმე რეცეპტი, რომლებიც შენს თმას ლამაზს, სქელს, მბზინავს და, რაც მთავარია, ჯანმრთელს გახდის.
აი, რეცეპტების ტოპ-სია, შეინახე და გამოიყენე!
1. მაცივარში აუცილებელად გექნება კეფირის, მაიონეზის ან მაწვნის ნარჩენები. წაისვი რომელიმე მათგანი თმაზე, შეიფუთე პოლიეთილენის ქუდით, შემდეგ კი პირსახოცით, გაიჩერე 20 წუთი და ჩამოიბანე არა შამპუნით, არამედ ბალახების ნაყენით ან თბილ წყალში გახსნილი ძმრით. ეს ნიღაბი გაამაგრებს თმის ბოლქვებს.
2. დღეს ძალიან პოპულარულია თმის კერატინული გასწორების მეთოდი, მაგრამ მისი გაკეთება ყველას არ შეუძლია – ძვირი ღირს. ამიტომაც ერთ არაჩვეულებრივ მეთოდს გასწავლით, რომელსაც თავად მარტივად გაიკეთებთ შინ: ცოტაოდენ შამპუნში (იმდენში, რასაც ერთ დაბანაზე გამოიყენებ) შეურიე 1 კვერცხი, 1 სუფრის კოვზი მშრალი ჟელატინი და 1 ჩაის კოვზი კონიაკი. ათქვიფე ყველაფერი ერთად, რომ ერთგვაროვანი მასა მიიღო და წაისვი თავზე. 5 წუთი გაიჩერე და ჩამოიბანე. ამ პროცედურის შემდეგ თმა დამყოლი, მბზინავი და მოცულობითი გახდება.
3. ეძებ ძვირად ღირებულ და ეფექტურ თმის მოსავლელ საშუალებას? აჯობებს, აფთიაქში შეირბინო და იყიდო ძალიან იაფი A, E ან B ვიტამინები. უბრალოდ, დაუმატე ისინი შენს შამპუნში (ერთი ამპულა ერთ ჯერზე დასაბან შამპუნში) და ნახავ, როგორი დამყოლი და მბზინავი გახდება შენი თმა. ვიტამინების ალტერნატივად შეგიძლია შეიძინო ნებისმიერი ეთერზეთი. განსაკუთრებით კარგია თმისთვის ლიმონის, გერანის და ლავანდის ეთერზეთი.
4. თუ ფინანსები მოგცემს საშუალებას – შეიძინე თმის სპეციალური ამპულები, რომლებიც აფთიაქებსა და პარფიუმერიის მაღაზიებში იყიდება. როცა დრო არ გაქვს, პოლიეთილენის ქუდი შეგიძლია შეცვალო ფოლგით (ტყვიის ქაღალდით) და აღარ მოგიწევს თმის ნიღბით 1-2 საათი ჯდომა, ტყვიის ქაღალდში ნიღაბი 2-ჯერ უფრო სწრაფად მოქმედებს.
5. ძალიან კარგია თმისთვის სხვადასხვა ბალახის (ჭინჭრის, გვირილის, კალენდულას) ნაყენი. ნაყენის მოსამზადებლად კი ბალახს დაასხი ადუღებული წყალი, გააჩერე 2 საათი, გაწურე და გადაივლე დაბანილ თმაზე. ასევე, შეგიძლია გადაივლო ხილის (ვაშლის ან ყურძნის) ძმრისა და წყლის ნაზავი, ესეც შესანიშნავია თმისთვის.
6. გაყოფილი ბოლოებია შენი პრობლემა? უბრალოდ, შეიზილე თმის ბოლოებში სელის ან აბუსალათინის ზეთი. ერთადერთი გაფრთხილება: უნდა ჩამოიბანო კარგად (მინიმუმ, 2-3-ჯერ შამპუნის წასმით). და კიდევ: ზეთი ცოტა უნდა წაისვა, თორემ ჩამობანა გაგიჭირდება.
7. მარილი არა მხოლოდ საჭმლის სანელებელია, არამედ თმის მოვლის საუკეთესო საშუალებაც. როგორ გამოვიყენოთ? სველ თმაში შეიზილე ცოტაოდენი მარილი (უკეთესია იოდიზირებული), თან ნაზად დაიმასაჟე თავი, შემდეგ კი კარგად ჩამოიბანე. აუცილებლად წაისვი ბალზამი. შედეგი: ცვენა შეგიჩერდება და ნაზი და ფაფუკი გახდება თმა.
8. დღეს ძალიან პოპულარულია ე.წ. ბოშური კონდიციონერი. აიღე საშუალო ზომის ხახვი, დაჭერი ალყა-ალყა, დაასხი ნახევარი ჭიქა რომი და გააჩერე მთელი დღე. შემდეგ გაწურე და შეიზილე თავის კანში. ეს თმის ცვენის შესაჩერებელი შეუცვლელი საშუალებაა.
9. თუკი სააფთიაქო ყუთში მოგეძებნება ასპირინი, დაფხვენი 2 აბი და დაუმატე შენს შამპუნს – შედეგი გაგაოცებს. თმა მარტივად ივარცხნება. ეფექტი გარანტირებულია!
10. შეურიე კვერცხის გული 2 სუფრის კოვზ თუნდაც ყველაზე იაფიან კონიაკს. მიღებული მასა წაისვი თმაზე, შეიფუთე პოლიეთილენის პარკით, ზემოდან კი პირსახოცით. 20 წუთში ჩამოიბანე ნიღაბი. ნახავ, პირველივე ჯერზე თმა როგორი ფაფუკი და მბზინავი გახდება.
ყოველივე ამის შემდეგ დარწმუნდები, რომ აუცილებელი არ არის, ბევრი ფული დახარჯო თმის მოვლის საშუალებებში.
ჰო, მართლა, კიდევ ერთი რჩევა: არ გადააჭარბო! ეს პროცედურები, რა თქმა უნდა, კარგია, მაგრამ ყოველდღიურად მათი ჩატარება არ არის რეკომენდებული: ოპტიმალური რეგულარულობა – კვირაში 1-2 გაკეთებაა.