mkurnali.ge-ს რედაქტორის ექსპერიმენტი - როგორ მოვამზადოთ კოსმეტიკური საპონი სახლის პირობებში - Marao

mkurnali.ge-ს რედაქტორის ექსპერიმენტი - როგორ მოვამზადოთ კოსმეტიკური საპონი სახლის პირობებში

2015-02-10 13:55:24+04:00

კოსმეტიკური საპონი სახლის პირობებში ასე მზადდება: 200 გრამი საპონი გახეხეთ მსხვილ სახეხზე (აუცილებლად პლასტმასის) და ჩაყარეთ ემალის მაღალ ქვაბში. დაასხით ნახევარი ლიტრი წყალი და გააჩერეთ მინიმუმ 2-3 საათის განმავლობაში (შეგიძლიათ, მეორე დღემდეც გააჩეროთ).

შემდეგ დადგით საშუალო ცეცხლზე და გამუდმებით ურიეთ ულაქო ხის გრძელი კოვზით. დუღილს რომ დაიწყებს, თანმიმდევრობით ჩაუმატეთ: ერთი სუფრის კოვზი ქაფურის სპირტი (ნელ-ნელა და თან ურიეთ), ნახევარი სადილის კოვზი კოსმეტიკური ზეთი (ზეითუნის, სიმინდის, სოიის...), ნახევარი სადილის კოვზი გლიცერინი (ძალიან სქელი), 50 მილიგრამი ნიშადურის სპირტი და, სულ ბოლოს – 75 მილიგრამი 3-პროცენტიანი წყალბადის ზეჟანგი ("პერეკისი").

ამოფუებისთანავე გადმოდგით და თქვიფეთ იმავე ხის კოვზით გაცივებამდე. ბოლოს მოათავსეთ მინისსახურავიან ჭურჭელში და შეინახეთ ბნელ და გრილ ადგილას.

წასმის წინ კოსმეტიკური საპონი უნდა ათქვიფოთ შესაბამის სითხეში კანის ტიპის მიხედვით: მშრალი კანისთვის – ბალახების ნაყენში (გვირილა, პიტნა, სალბი); ნორმალური კანისთვის – ბორაქსის 5-პროცენტიან ხსნარში; ცხიმიანი კანისთვის – 3-პროცენტიანი წყალბადის ზეჟანგში. საპნის ნიღაბს მშრალ კანზე იჩერებთ 10 წუთს, ნორმალურზე – 15 წუთს, ცხიმიანზე – 17-20 წუთს. მერე ჩვეულებრივად ჩამოიბანთ თბილი წყლით და წაისვამთ მკვებავს.

კოსმეტიკის მოსაშორებლად ასეთ რჩევას მოგცემთ: გამწმენდი რძე გამოიყენება კოსმეტიკის მოსაშორებლად. ამისათვის ის სახეზე უნდა დაიდოთ ბამბის ტამპონით და მსუბუქი მოძრაობით მოიშოროთ მაკიაჟი. სრულფასოვანი გაწმენდის მიზნით ეს პროცედურა უნდა გაიმეოროთ 2-3-ჯერ, შემდეგ კი რეკომენდებულია სახის წყლით (უკეთესია მინერალური წყალი) ჩამობანა და ტონიკით გაწმენდა.

ტონიკი კანს სძენს სიახლის შეგრძნებას, ასრულებს გაწმენდის პროცესს და ბოლომდე აშორებს კანს მარილებისა და მინერალების ნარჩენებს (რომელსაც წყალი შეიცავდა).

იხილეთ სრულად: mkurnali.ge