ფარული ველური სურვილები ყველა ადამიანში ცოცხლობს, მაგრამ უმრავლესობა ერიდება მათ საქვეყნოდ გამომჟღავნებას და იხსნება მხოლოდ მაშინ, როდესაც მარტო რჩება საკუთარ თავთან.
თებერვლის თვის კინოთერაპია ეძღვნება წლის ყველაზე სასურველ, განხილვად და ეროტიკულ ფილმს "გრეის ორმოცდაათი ელფერი", რომლის პრემიერაც მისმა მესვეურებმა, არც მეტი, არც ნაკლები, ვალენტინობის დღეს დაამთხვიეს.
სკანდალი, სექსი, სადიზმი, სინაზე, სიყვარული, დრამა... ელ ჯეიმსის გახმაურებული რომანის ავ-კარგზე უკვე ბევრგან დაიწერა და ითქვა. ეს წიგნი ბევრ ქვეყანაში წაუკითხავად დაწვეს და მისი შეცნობის ცდუნებისაგან ამ გზით დაიცვეს მოქალაქეები. საოცარია, მაგრამ ამ წიგნმა უხერხულობა და სირცხვილი ისეთ ქვეყნებშიც კი გამოიწვია, როგორებიცაა შეერთებული შტატები და დიდი ბრიტანეთი.
მის საჯაროდ შეძენას ბევრი მკითხველი მოერიდა და გამოსავალი ელექტრონული ვერსიის გადმოწერაში იპოვა. შედეგად კი, "გრეიმ" მილიონიანი რეკორდი მოხსნა წიგნის ელექტრონული ვერსიის გაყიდვებში და მსოფლიო დონის ბესტსელერად იქცა. ყველაფერი კი თინეიჯერების საყვარელი "ბინდის" საგიდან დაიწყო, როდესაც სტეფანი მაიერის პერსონაჟებმა იმდენად აღაფრთოვანა ბრიტანელი დიასახლისი ე.ლ. ჯეიმსი, რომ ფანსაიტებზე ბელასა და ედვარდის "ფანფიქშენების" წერა დაიწყო. ქალბატონი ჯეიმსი ისე გაიტაცა ვამპირულმა საგამ, რომ საკუთარ ფანტაზიას ბოლომდე მისცა გასაქანი და ბელასა და ედვარდის უმწიკვლო წყვილის სექს-ისტორიების შეთხზვას მიჰყო ხელი.
ქალბატონის ეროტიკულ ფანაზიებს ბევრი მოწონებით შეხვდა და ჯეროვნადაც დაუფასა, მაგრამ გამოჩნდნენ მოწინააღმდეგეები და სისხლისმოყვარული რომეოსა და ჯულიეტას წმინდა სიყვარულის მადიდებელმა ფანებმა ლანძღვა-გინება არ დაიშურეს. შედეგად, ე.ლ. ჯეიმსმა მთლიანად წაშალა თავისი პოსტები ფანფიკ საიტიდან და პირად საიტ FiftyShades.com-ზე განათავსა. გმირებს სახელები შეუცვალა და პრაქტიკულად, ახლიდან და ახლებურად გადაწერა საკუთარი სცენარი, რომელიც ფენტეზიდან რეალურ სამყაროში გადმოიტანა და მთავარი გმირი არა სისხლისმსმელ, არამედ დაუოკებელ სექსვამპირად გამოიყვანა. წარმატებამაც არ დააყოვნა. საოცარია, მაგრამ წიგნმა, რომლის 80%-ს სექსის საკმაოდ ნატურალისტურად აღწერილი სცენები შეადგენს, არა გაზეთების ჯიხურის ქვედა მოფარებულ თაროებზე, არამედ მხატვრული ლიტერატურის გვერდით დაიდო ბინა და პოპულარობისა და გაყიდვების თვალსაზრისით, "ჰარი პოტერიც" კი ჩამოიტოვა უკან.
ლიტერატურისმცოდნეები და ექსპერტები დღემდე დავობენ მათი აზრით "უხამსი" წიგნის წარმატების საიდუმლოზე, ზოგიერთი მათგანი იმასაც კი აღნიშნავს, რომ ლიტერატურის მხატვრული ღირებულება წიგნის ანტიფემინისტურმა მიმართულებამ გადასძალა და სწორედ ამ ფაქტორმა ამოქაჩა; ზოგიც პირიქით, ამართლებს ამგვარი საკითხავის არსებობას და აცხადებს, რომ "გრეის ორმოცდაათი ელფერი" ისეთი სასიყვარულო-ეროტიკული კლასიკის ახლებური ვერსიაა, როგორებიცაა ტომას ჰარდის "ტეს დერბერვილი", ჩარლზ ბუკოვსკის "ქალები" და დევიდ ლოურენსის "ლედი ჩატერლეის საყვარელი".
ვერსიების ნაკლებობას მართლაც არ განვიცდით, თუმცა მიმაჩნია, რომ "გრეის" წარმატების საიდუმლო მის უკვე კარგად გამოცდილ სიუჟეტსა და მკითხველთა სამიზნე კატეგორიის სურვილებზე მორგებულ ფანდში მდგომარეობს. ვინც არ იცით, წიგნს ხუმრობით "დიასახლისების პორნოც" კი უწოდეს, რადგან როგორც ირკვევა, ფანატების დიდ უმრავლესობას სწორედ 30 წელს გადაცილებული დიასახლისები შეადგენენ. ცნობისათვის გეტყვით, რომ მხოლოდ 2012 წლის მარტიდან დეკემბრამდე წიგნის 50 მლნ ეგზემპლარი გაიყიდა და ყველანაირი რეკორდი მოხსნა.
ვინც ჯერ არ იცით, ფილმის სიუჟეტი მორიდებული სტუდენტი გოგონას, ანასტასია სტილისა და მილიარდერ კრისტიან გრეის სიყვარულის ამბავზეა აგებული. ანასტასიას პერსონაჟი იმდენად სტანდარტულია, რომ მასში არავის გაუჭირდება ამოიცნოს ჩვეულებრივი მეზობელი გოგონა ან თუნდაც საკუთარი თავი. მთავარი გმირიც სწორედ ისაა და მის თავში მოთუხთუხე ამბებში ვიხარშებით ჩვენც, მკითხველები. ერთი შეხედვით განათლებული და მოაზროვნე ანასტასია მილიარდერ გრეისთან შეხვედრის შემდეგ სრულიად კარგავს კონტროლს საკუთარ თავზე და უნებისყოფო, საკუთარივე სურვილით დამორჩილებულ უსუსურ არსებად იქცევა, ერთგვარ სექსთოჯინად სადისტის ხელში.
კრიტიკოსებმა ეს ამბავი ანტიფემინისტურ პროპაგანდად მოუნათლეს ქალბატონ ჯეიმსს და ქალის უფლებებისა და თავმოყვარეობის შელახვაში ამხილეს.
აი, მისტერ გრეი კი ცალკე სალაპარაკო თემაა, ის ნამდვილადაც რომ თეთრ რაშზე ამხედრებული პრინცია, ოღონდ მათრახით ხელში და სექსშოპში შეძენილი მრავლობითი სათამაშოებით შეიარაღებული. გარეგნულად იდეალური ინტელექტუალი კრისტიან გრეი დახურულ კარს მიღმა ნამდილ სადისტად იქცევა, რომლის ერთადერთი სურვილიც სხვისი დამონება და ტკივილის მიყენებაა.
დამეთანხმეთ, საინტერესო წყვილი და არანაკლებ საინტერესო რომანტიკულ-სადომაზომელოდრამატული ისტორიაა, რომელიც ძალიან მალე იხილავს კინოთეატრების ეკრანს და თუკი ფილმამდე გამოსული სამი ტრეილერის ნახვების რიცხვითა და არნახული რეკორდით ვიმსჯელებთ, წიგნის ეკრანული ვერსიაც არანაკლებ პერიპეტიებს გამოიწვევს მაყურებლებში და შესაძლოა, კინოგაქირავების ლიდერადაც მოგვევლინოს.
ბობოქარ ვალენტინობას გისურვებთ!!!
ია ბერიაშვილი
ჟურნალი "...და ქალი" (თებერვლის ნომერი)