რა სურთ ქალებს? ის, რაც ყველა კაცმა უნდა იცოდეს! - Marao

რა სურთ ქალებს? ის, რაც ყველა კაცმა უნდა იცოდეს!

2015-03-04 13:30:26+04:00

როგორც იქნა, გაზაფხულიც მოვიდა. ეს წელიწადის განსაკუთრებული დროა, რადგან ადამიანის ჰორმონებს თავდაყირა აყენებს. ახალი თავგადასავლები, ემოციები, განახლებული გარდერობი და განახლებული ჩვენ - ქალები.

გადავწყვიტე, ამ ბლოგიკაში სწორედ ქალებზე და ქალების სურვილებზე ვისაუბრო. შესაბამისად, ვფიქრობ, ეს ბლოგი მამაკაცებისთვისაც საინტერესო იქნება.

თუ ნებისმიერ მამაკაცს დაუსვამთ შეკითხვას: - "რა სურთ ქალებს?", სავარაუდოდ, ყველა მათგანი ერთნაირ პასუხს გაგცემთ: - "ქალებმა თვითონაც არ იცით, რა გინდათ!" საქმე ისაა, რომ ქალი საკმაოდ რთული "მექანიზმია" და მისი გაშიფვრა ასე ადვილი არ არის. ქალებს აქვთ შესანიშნავი ალღო, კარგად იციან კაცების ბუნება და საჭიროებისამებრ, შეუძლიათ გამოიყენონ თავიანთი შესაძლებლობები, რათა მიიღონ ის, რაც უნდათ. და მაინც, რა სურთ ქალებს? - მოდით, განვიხილოთ!

თამაში, თავგადასავლები

ქალებს მოსწონთ მამაკაცებთან "თამაშის" პროცესი. მათ შეუძლიათ, თავი გულუბრყვილო არსებად მოაჩვენონ ან "მსხვერპლის" როლი გაითამაშონ და დაარწმუნონ მამაკაცი, რომ ის "მონადირეა" და სიტუაციასაც თავად მართავს, სინამდვილეში კი ყველაფერი წინასწარ ჰქონდეთ გათვლილი. უბრალოდ, მოვლენებს ისე ოსტატურად ნიღბავენ, რომ ეჭვსაც ვერავინ შეიტანს. არ იფიქროთ, რომ ქალი მარტივი არსებაა, რომელიც წესების მიხედვით თამაშობს. თუ გინდათ, რომ მასთან ურთიერთობისას თავი გამარჯვებულად იგრძნოთ, როგორც "მინიმუმ" - წესების გარეშე ეთამაშეთ. ქალი გიჟდება თავგადასავლებზე და როდესაც მის ცხოვრებაში საინტერესო არაფერი ხდება ან თუ მამაკაცი გარკვეული დროის შემდეგ მოსაწყენი და ერთფეროვანი მოეჩვენება, ის ურთიერთობას გაწყვეტს.

ფლირტი

დიახ, ფლირტი ყველა ნორმალურ ქალს სიამოვნებს და უფრო მეტიც - ჰაერივით სჭირდება! ფლირტი ურთიერთობის ერთ-ერთი სასიამოვნო ფორმაა, რომელიც ქალს თავდაჯერებულობას მატებს და მის ცხოვრებას საინტერესოს ხდის. ქალის ცხოვრებაში ყოველთვის უნდა იყოს მსუბუქი ფლირტი. მიუხედავად იმისა, ჰყავს უკვე პარტნიორი თუ არა, ქალისთვის აუცილებელია იმის ცოდნა, რომ გარშემომყოფი მამაკაცებისთვისაც სასურველი და მიმზიდველია. ეს მას საკუთარი თავის რწმენასა და თავდაჯერებულობას მატებს.

სიყვარული, ქორწინება

ქორწინება ყველა ქალის მთავარი მიზანია. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ბავშვების გაჩენა და გამრავლება მათ ინსტინქტში აქვთ ჩადებული. ყველა ქალი ოცნებობს, გვერდით ძლიერი მამაკაცი ჰყავდეს, რომელიც ყველა მის პრობლემას გადაჭრის და ვისთან ერთადაც ბედნიერ ოჯახს შექმნის.

ფული

მამაკაცებში არსებობს მოსაზრება, რომ ქალს მხოლოდ ფული აინტერესებს. ერთი წუთით წარმოიდგინეთ - ვის არ უნდა ბევრი ფული? არაფერი ახალისებს ქალს ისე, როგორც ახალი ტანსაცმელი, ახალი ვარცხნილობა, ახალი იმიჯი, საჩუქრები, რითიც საყვარელ ადამიანებს გაახარებს; მოგზაურობა, ახალი ნივთები, რომლებსაც სახლისთვის იყიდის... ეს ყველაფერი მას უქმნის კომფორტს, რომელიც ნებისმიერი სქესის ადამიანისთვის სასიცოცხლოდ აუცილებელი კომპონენტია. მაგრამ ქალს ეშინია, რომ მეძავის იარლიყი არ მიაწებონ. ამიტომ ის არასოდეს აიღებს ფულს პირდაპირ კაცის ხელიდან. რაც შეეხება საჩუქრებს, - ეს უკვე ლეგალური საქმეა!

სექსი

სექსი ქალს ყოველთვის არ სურს (მამაკაცისგან განსხვავებით). ქალი ბუნებით უფრო ესთეტია. ამიტომ ცდილობს, სექსისთვის კარგად მოემზადოს. ქალი სექსის დროსაც ხშირად ფიქრობს იმაზე, თუ როგორ გამოიყურება. ამიტომ თუ ის გაშიშვლებისთვის მზად არ არის (გაიხსენეთ, რამდენი პროცედურა სჭირდება მას ამისთვის), სავარაუდოდ, თავის ტკივილს მოიმიზეზებს. ქალებს არ უყვართ, როდესაც პარტნიორი გაუფრთხილებლად წამოადგებათ თავზე ან მოულოდნელად დარეკავს და ეტყვის: - "5 წუთში შენთან ვარ!" ქალს მოწესრიგებისთვის 5 წუთზე გაცილებით მეტი დრო სჭირდება. გარდა ამისა, ქალისთვის მნიშვნელოვანია ის პროცესი, თუ "როგორ მივა სექსამდე". ეს უკანასკნელი კი კარგი იქნება, თუ ორიგინალურად, რომანტიკულად და ემოციურად მოხდება.

რომანტიკული შეხვედრები

კაცებს ვერ წარმოუდგენიათ, როგორ შეუძლია ქალს ერთდროულად შეხვდეს სხვადასხვა მამაკაცს. თუ ქალი ასე აკეთებს, ნუ იჩქარებთ დასკვნების გამოტანას. საქმე ისაა, რომ ქალი არჩევს. ის აკვირდება, ადარებს, აანალიზებს და ირჩევს მას, ვინც უფრო მეტად ჯდება მის პარამეტრებში. გამომდინარე იქიდან, რომ ქალი ბუნებით მონოგამია, ის ეცდება, ცხოვრების თანამგზავრი ყურადღებით აარჩიოს. ამიტომაც მისთვის ბუნებრივი მოვლენაა ერთდროულად სხვადასხვა მამაკაცთან შეხვედრა და ამაში არაფერი ამორალური არ არის.

კომპლიმენტები, ყურადღება

ქალისთვის აუცილებელია ყურადღების ცენტრში ყოფნა და კომპლიმენტები. ეს უმყარებს რწმენას, რომ ის ლამაზი და სასურველია. ქალს სურს, რომ მამაკაცი მხოლოდ მას ეკუთვნოდეს. ამიტომ, თუ მისგან კომპლიმენტებს ვერ მიიღებს, დაკომპლექსდება და საკუთარ თავში ეჭვს შეიტანს. ის ეცდება, სხვადასხვა მინიშნებით ათქმევინოს საყვარელ მამაკაცს კომპლიმენტი, შეეკითხოს: - "გიყვარვარ?"კომპლიმენტები, ყურადღება, ყვავილები, საჩუქრები - ეს ყველაფერი მხოლოდ იმის დამამტკიცებელი საბუთია, რომ მამაკაცი მას აფასებს.

გართობა

დიახ! ქალებსაც უყვართ გართობა. ამიტომ კარგი იქნება, თუ კაცები მხოლოდ კაფესა და კინოში წაყვანით არ შემოიფარგლებიან. კლუბები, ქალაქგარეთ რომანტიკული გასეირნება, ყველაფერი მოულოდნელი: ტირი, პეინთბოლი, ცხენზე ჯირითი, კვადროციკლებით შეჯიბრება, კატერით სეირნობა, აკვაპარკი და უამრავი სხვა ადგილია, სადაც მშვენიერი დროს გატარებაა შესაძლებელი. - იფანტაზიორეთ!

საოჯახო საქმეებში დახმარება

მართალია, სახლის საქმეები ოდითგანვე ქალს დააწვა მხრებზე, მაგრამ რადგან დღეს ქვის ხანაში აღარ ვცხოვრობთ და ქალთა სოციალურმა უფლებებმაც წინ წამოიწია, მამაკაცებისთვის მისაღები უნდა გახდეს, რომ ქალს საოჯახო საქმეებშიც სჭირდება დახმარება. არაფერი განსაკუთრებული არ მოხდება, თუ ზოგჯერ ჭურჭელს მამაკაცები გარეცხავენ, აღარ დაყრიან უწესრიგოდ მთელ ოთახში წინდებს და ტანსაცმელს. მოწესრიგებული მამაკაცი ბევრად სასურველია ქალისთვის და გარდა ამისა, ქალები გიჟდებიან, როდესაც მამაკაცი ხანდახან სამზარეულოში დატრიალდება და ვახშამს ან საუზმეს მოამზადებს.

ყავა უზმოზე

დილით ქალი ადრე უნდა ადგეს, ყველაფერი მოასწროს - გაისტუმროს ბავშვები და ქმარი, თვითონაც მოწესრიგდეს. არადა, რამდენი ოცნებობს, მაღვიძარას ნაცვლად ყავის სურნელმა გააღვიძოს. ამისთვის დასვენების დღეების გამოყენება შეიძლება, როდესაც ბავშვები არ არიან წასასვლელი სკოლაში. თუ მამაკაცები ცოლს ყავით გააღვიძებენ, მისი კარგი ხასიათი მთელი დღის განმავლობაში გარანტირებული ექნებათ.

ეს ქალების ძირითადი სურვილებია. როგორც ხედავთ, არც ისეთი გაუგებარი არსებები ვართ, როგორც ამას მამაკაცები მოგვაწერენ. ასე რომ, მამაკაცებო, სანამ წუწუნს დაიწყებდეთ იმის შესახებ, რომ ქალებმა თვითონაც არ ვიცით, რა გვინდა, ჯერ საკუთარ საქციელს დაუკვირდით. თუ ფიქრობთ, რომ თქვენს პარტნიორს ვერ გაურკვევია, რა უნდა თქვენგან, დაფიქრდით, იქნებ პრობლემა თქვენშია? ხომ არ ფიქრობთ, რომ მისთვის ძალიან მოსაწყენი გახდით და ვეღარ ახერხებთ მის ჭკუიდან გადაყვანას? იქნებ ის პირდაპირ ვერ გეუბნებათ, თუ რა სურს სინამდვილეში ან, უბრალოდ, უნდა, რომ ამას თავად მიხვდეთ? თქვენ ზუსტად იცით, რა გსურთ ქალებისგან?

აი, სამი სავარაუდო პასუხი:

1. "სექსი" - ყველაზე ახალგაზრდა მამაკაცის პასუხი;

2. " რომ გარეცხოს, საჭმელი მოამზადოს, ბავშვები გააჩინოს და აღზარდოს!" - ცხოვრებისგან ცოტათი დაღლილი, შუახნის მამაკაცის პასუხი;

3. "ქალში არის ის ენერგია, რომლის გარეშეც ჩვენს ცხოვრებას აზრი არ ექნებოდა!" - ინტელექტუალი, ჭკვიანი მამაკაცის პასუხი.

თქვენ რომელი მათგანი ხართ? :)

ქალური ბლოგიკა

თეა ინასარიძე

ჟურნალი "...და ქალი" (მარტის ნომერი)

ასევე იხილეთ:

რა სურთ კაცებს - ის, რაც ყველა ქალმა უნდა იცოდეს