ავტომობილი დიდი ხანია აღარ წარმოადგენს ფუფუნების საგანს - საკმარისია, დაახლოებით 3000-დოლარიან კრედიტზე ხელი მიგიწვდებოდეთ, რომ საკმაოდ ნორმალურ მანქანას შეიძენთ. ასეთ კრედიტზე კი ხელი ძალიან ბევრს მიუწვდება - ამიტომაც გადააჭარბა ავტომობილების რაოდენობამ საქართველოში ერთ მილიონს.
ჟურნალ AUTO BILD-ის ქართული გამოცემის რედაქტორი შალვა ბუაჩიძე: "მარტო ფულის ქონა არ ნიშნავს იმას, რომ მანქანას სარფიანად იყიდი. მყიდველს, პირველ რიგში, აინტერესებს, როგორია მისთვის სასურველი მანქანა - რამდენად გამძლეა, რა პრობლემები შეიძლება ახასიათებდეს და ა.შ. AUTO BILD-ის "ფეისბუქის" გვერდზე (Auto Bild Georgia) უამრავი მკითხველი გვწერდა და გვეკითხებოდა სხვადასხვა ავტომობილის შესახებ. ამიტომაც გადავწყვიტეთ, შეგვექმნა ავტო-კატალოგი, სახელწოდებით "რა მანქანა ვიყიდოთ", სადაც საქართველოში პოპულარული 400-მდე ავტომობილის დეტალური მიმოხილვის ნახვა შეიძლება."
ჟურნალი AUTO BILD წარმოგიდგენთ 7 რჩევას მათთვის, ვინც ავტომობილის შეძენას აპირებს:
1. მოიძიეთ ინფორმაცია
მოლაპარაკებების დაწყებამდე გააკეთეთ თქვენთვის სასურველი მოდელის ფასის დეტალური ანალიზი. ასეთი ანალიზის გაკეთება შესაძლებელია ვებგვერდზე "აუტობილდ.გე", რუბრიკაში "რა მანქანა ვიყიდოთ". გაიგეთ სასურველი მოდელის მინიმალური და მაქსიმალური ფასი. ვებგვერდის ამავე განყოფილებაში ნახავთ საქართველოში პოპულარული მეორადი ავტომობილების დეტალურ მიმოხილვას - ყველა მოდელის პლუსებს, მინუსებს, ყველაზე გავრცელებულ პრობლემებს და მიიღებთ ამომწურავ ინფორმაციას საქართველოში ხელმისაწვდომი სერვისის შესახებ. ჩვენი კატალოგი დაგეხმარებათ, გაარკვიოთ, რა სისუსტეები ახასიათებს თქვენთვის სასურველ მანქანას.
2. ფასის ლიმიტი
დაისახეთ ფასის კონკრეტული ლიმიტი, რომელსაც არავითარ შემთხვევაში არ გადააჭარბებთ. მოლაპარაკების დაწყებამდე არ წამოგცდეთ თქვენთვის სასურველი ფასი და ნუ ეტყვით გამყიდველს, კიდევ რა ვარიანტები გაქვთ, რადგან ასეთ შემთხვევაში, შესაძლოა, უფრო იაფად შეძენის შანსი ხელიდან გაუშვათ. თუ ხედავთ, რომ გამყიდველი ფასს აღარ დააკლებს, წაუყენეთ მას დამატებითი მოთხოვნები - მაგალითად, მოსთხოვეთ უახლოესი სავალდებულო სერვისის დაფინანსება (მაგალითად, ზეთის გამოცვლა). თუ ატყობთ, რომ საბურავები ძველია, მოითხოვეთ ახალი საბურავები.
3. შეამოწმეთ ავტომობილი
წაიყვანეთ ვინმე ავტომობილის დასათვალიერებლად. თუნდაც ავტო-ექსპერტი არ იყოს, მოლაპარაკებაზე მარტო წასვლას ვინმესთან ერთად წასვლა ჯობია. შეამოწმეთ ან შეამოწმებინეთ ავტომობილი პროფესიონალს, აუცილებლად მოიწყვეთ ტესტ-დრაივი. მოსთხოვეთ გამყიდველს მანქანის წიგნი (თუკი არსებობს), სადაც აღნიშნულია, როდის რა გამოუცვალეს ავტომობილს. თუ შემოთავაზება სერიოზულია, გამყიდველი მანქანის დეტალურად შემოწმების წინააღმდეგი არ იქნება.
იხილეთ სტატია სრულად: autobild.ge