- მას არ აქვს ემოციები! ის მხოლოდ ლოგიკით მოქმედებს და სრულ იგნორირებას უკეთებს სხვების აზრს. მასთან ერთად კარგ დროს გაატარებ, მაგრამ მალევე ყველაფრისთვის გადახდა მოგიწევს...
მას შეუძლია ადვილად მოგატყუოს სახეზე "უმანკო" ღიმილით და მხოლოდ ერთი გამოხედვით კოშმარი მოგგვაროს... მთლიანობაში, ქარიზმატული და მიმზიდველი ადამიანია. საუბარში - მსუბუქი და სასიამოვნო... განსაზღვრულ დისტანციაზე სრულიად ნორმალური ჩანს. ის არასოდეს გრძნობს სინდისის ქენჯნას და დანაშაულის შეგრძნებას. სოციუმი მისთვის უბრალოდ თოჯინების ჯგუფია, რომელთანაც უნდა ითამაშოს სპექტაკლი და თვითონ იყოს მთავარ როლში.
ინტერაქტიული ემოციების ფუნდამენტალურ არქონას ინტელექტი და რაციონალურობა ცვლის. ის ნებისმიერ შესაძლო სიტუაციაში ატყუებს სხვებს. მას არ ეტყობა დეფექტი საუბრის და მსჯელობის მომენტში. მისი დეფექტი მხოლოდ მის საქციელში გამოიხატება. მას არ შეუძლია წესრიგის დაცვა, სხვების უფლებების პატივისცემა, ერთი სიტყვით - ის სოციალურად საზიანოა!.. და როდესაც შენ აღარ იქნები მისი ინტერესის საგანი, ის ბოლომდე გამოგფიტავს და დიდი ხნით წაგართმევს სიმშვიდისა და თავდაჯერებულობის შეგრძნებას. შენ გახდები ბევრად უფრო სევდიანი და დიდხანს იფიქრებ იმაზე, თუ რა მოხდა და სად დაუშვი შეცდომა...
ასეთი ადამიანები ყოველთვის იყვნენ და ახლაც არიან. ძველად, ზოგიერთი კონკრეტული სახის ქცევის დარღვევას "მორალურ აშლილობას" ან "მორალურ იდიოტიზმს" უწოდებდნენ. ამგვარი ქცევის მქონე ადამიანებს მკურნალმა ექიმებმა "ფსიქოპათები" შეარქვეს, მაგრამ შემდგომში, ეს ტერმინი უფრო ზუსტმა განსაზღვრებამ - "სოციოპათმა" ჩაანაცვლა.
ასეთი ტიპის წარმოდგენა მარტივად შეიძლება, რადგან გასართობი წიგნები და ფილმები სავსეა სოციოპათი-გმირებით. რომანის წარმატებისთვის საკმარისია, მთავარი გმირი რომელიმე სოციოპათი იყოს. საინტერესოა, რატომ იზიდავს ასე ძალიან ეს ტიპაჟი პუბლიკას?
ემოციების არქონა სოციოპათს უშიშარს ხდის. ის ყოველთვის მზადაა რისკისთვის. ის უკიდურესად თავდაჯერებული და ქარიზმატულია. უსაფრთხო დისტანციიდან ასეთი პიროვნება ფსიქიკურად აშლილი კი არა, ძლიერი ხასიათის გეჩვენება.
როგორც უკვე გითხარით, სოციოპათებზე არაერთი ცნობილი წიგნი დაწერილა და არაერთი ფილმი გადაღებულა. მაგალითად, ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და წარმატებული - დევიდ ფინჩერის "გაუჩინარებული გოგონა" გახლავთ.
... ქორწინების მეხუთე წელს ნიკ დანი გადაწყვეტს, სუფთა ჰაერზე გაისეირნოს და თავისი ოჯახის მომავალზე დაფიქრდეს. შინ დაბრუნებული კი ბრძოლის ნიშნებს აღმოაჩენს და ხვდება, რომ მისი ცოლი, სახელად ემი - გაუჩინარდა. პოლიცია გამოძიებას იწყებს და ნიკის კოშმარიც იწყება... დღითიდღე იზრდება ფაქტების რაოდენობა, რომლებიც ნიკის დანაშაულში მხილებას მიუთითებს. ფილმის - "გაუჩინარებული გოგონა" რეჟისორი დევიდ ფინჩერი გახლავთ. ეს არ არის უბრალოდ დეტექტივი, როგორიც დასაწყისში გვეჩვენება, ეს ერთდროულად სატირული დრამაცაა, კრიმინალური თრილერიც და გარკვეულწილად, რომანტიკული კომედიაც. ფინჩერი დეტალების ოსტატია, რასაც ამ ფილმში კიდევ ერთხელ ადასტურებს. "გაუჩინარებულ გოგონაში" ყველაზე საინტერესო მოვლენები ვითარდება მაშინ, როდესაც ამას ყველაზე ნაკლებად მოელი...
საუბარი ფლინ გილიანის წიგნის ეკრანიზაციაზეა. "გაუჩინარებული გოგონას" ავტორი მრავალი ლიტერატურული პრემიის ლაურეატია. მისი ნაწარმოებები 28 ქვეყანაში გამოიცა. ორი წელი ტოპ-10-დან არ ჩამოსულა, მთელი მსოფლიოს მასშტაბით... ბოლო წლების წიგნების აბსოლუტური სენსაცია! ახლა ეს ნაწარმოები ქართულად ითარგმნა და გამომცემლობა "პალიტრა L"-ი მას 15 ივნისს გამოსცემს სერიაში "ტოპ ტრილერები".
ზოგის აზრით, სოციოპათი - კაცობრიობის სხვა ტიპია. ადამიანი, რომელსაც არ გააჩნია სოციალური ემოციები, გაცილებით ადვილად ერგება პროგრესს და ყველაზე გლობალურ ცვლილებებს. საზოგადოების გარკვეულ ნაწილს სჯერა, რომ დადგება "მოქნილი მარტოხელების" ცივილიზაცია - ჯეიმს ბონდების, ოსტაპ ბენდერების საზოგადოება... თითქოს ამისკენ მიემართება სოციუმი. თუ ელიტის წრეებში, პოლიტიკაში, შოუბიზნესში სოციოპათები იქნებიან ლიდერები, ბუნებრივია, საზოგადოება ეცდება, მიბაძოს ამ "ვარსკვლავებს". მაგრამ ჩვენ არ უნდა დაგვავიწყდეს ის, რომ სოციოპათია დასავლური ცივილიზაციის მონაპოვარი არ არის, ეს, უბრალოდ, ხასიათის სახეა.
ესკიმოსების ენაში არსებობს სიტყვა "კუნლანგეტა". ასე ეძახიან ადამიანს, რომელიც გამუდმებით იტყუება, ქურდობს, ძალადობს ქალებზე, თაღლითობს, არ აქცევს ყურადღებას წესებს და ხშირად ხდება დასჯის ღირსი. კითხვაზე, თუ რა ბედი ეწევათ ასეთ კუნლაგენტებს, ესკიმოსები პასუხობენ: "ვიღაცა ყინულიდან წყალში გადააგდებს მას, სანამ ვერავინ ხედავს..."
თეა ინასარიძე