ქალბატონთა უმრავლესობას ფეხმძიმობის შემდეგ კანზე თეთრი ხაზები - სტრიები უჩნდება. სტრიები ძირითადად ჩნდება ფეხმძიმობის დროს კანის დაჭიმვისას - მუცელზე, მკერდზე, თეძოებსა და დუნდულებზე.
თუმცა ის შეიძლება ჰორმონალური ცვლილებების შედეგიც იყოს. ახალწარმოქმნილი სტრიები მოწითალო ან იისფერია. სწორედ ამ დროს უნდა დაიწყოთ მასთან ბრძოლა. უკვე ჩამოყალიბებული სტრიების ბოლომდე გაქრობა შეუძლებელია, ასე რომ, დროულად უნდა მიმართოთ პროფილაქტიკურ ღონისძიებებს. მათ შორის კი საუკეთესო საშუალებაა ცურვა.
სტრიების მკურნალობას შეიძლება ორი თვე ან მეტი დრო დასჭირდეს. ჯერ კიდევ ფეხმძიმობის პერიოდში უნდა მიაქციოთ ყურადღება რაციონს. მოერიდეთ ცხიმმჟავების შემცველ პროდუქტებს. შეეცადეთ, ხშირად მიირთვათ მოხარშული თევზი და ხილ-ბოსტნეული. მიიღეთ 1,5-2 ლიტრამდე წყალი, ორგანიზმში წყლის ნაკლებობა პირდაპირ მოქმედებს კანის სიმკვრივეზე.
სტრიების პროფილაქტიკაში სპეციალისტის რჩევები დაგეხმარებათ.
გვირილის სახვევი: 200 გრამი გვირილის ყვავილი ერთ ჭიქა რძეში აადუღეთ და მასში დასველებული ქსოვილით სტრიების მონაკვეთი შეიხვიეთ, თბილად დაიფარეთ. 10-15 წუთის შემდეგ კონტრასტული შხაპით ჩამოიბანეთ და სტრიების საწინააღმდეგო კრემი წაისვით.
ლოსიონი და ზეთი
ლოსიონი და ზეთი კანზე სახვევის შემდეგ უნდა წაისვათ. ისინი კანს არბილებენ და ატენიანებენ.
როზმარინის ლოსიონი. ერთმანეთში აურიეთ 8 წვეთი როზმარინის ზეთი და რამდენიმე წვეთი ზეითუნის ზეთი და შხაპის შემდეგ სტრიებით დაზიანებულ მონაკვეთზე წაისვით. 2-3 კვირის შემდეგ სტრიები ნაკლებშესამჩნევი გახდება.
კამისა და ცაცხვის ლოსიონი. თითო სუფრის კოვზ დაქუცმაცებულ კამასა და ცაცხვის ყვავილს დაასხით ორი ჭიქა მდუღარე და ორი საათით გააჩერეთ. გამოყენების წინ გადაწურეთ.
აბაზანები
მარილის აბაზანა. ერთ ჯერზე 1 კილოგრამი ზღვის მარილი დაგჭირდებათ. წყლის ტემპერატურა 37 გრადუსი უნდა იყოს. აბაზანის მიღების ხანგრძლივობა 15 წუთს არ უნდა აღემატებოდეს.
სახამებლის აბაზანა. 350-500 გრამი სახამებელი 5 ლიტრ წყალში გახსენით და გამზადებულ აბაზანაში ჩაასხით, წყლის ტემპერატურა არ უნდა აღემატებოდეს 37 გრადუსს, აბაზანის მიღების ხანგრძლივობა კი - 20 წუთს.
ჟურნალი "რეიტინგი"
(გამოდის ორშაბათობით)