ხშირად ანეკდოტი არა მხოლოდ სასაცილოა, არამედ დამრიგებლური და ბრძნულიც.
გთავაზობთ ერთ წვერიან ანეკდოტს, რომელიც, ალბათ, ბევრს მოგისმენიათ და ბევრიც გიცინიათ. მისი მოყოლა ბავშვებისთვისაც შეიძლება, რადგან არ კარგავს აქტუალურობას და გვასწავლის, რატომ არის მნიშვნელოვანი საინტერესო კითხვების დასმა.
დრაკონმა ტყეში მგელი დაიჭირა და ეუბნება:
- შეხედე, გწერ: "მგელი, რუხი, ერთი ცალი". დღეს სადილად მოხვალ, უნდა შეგჭამო. გასაგებია?
- გასაგებია.
- შეკითხვები გაქვს?
- არა.
წავიდა დაღონებული მგელი.
განაგრძო გზა დრაკონმაც. ახლა მელია დაიჭირა.
- ვიწერ: "მელია, კუდაგრძელია, ერთი ცალი". დღეს ვახშამზე მოხვალ, უნდა შეგჭამო. გასაგებია?
- დიახ.
- შეკითხვები გაქვს?
- არა.
წავიდა აცრემლებული მელია.
დრაკონმა კი ტყეში გზა განაგრძო და ახლა კურდღელი დაიჭირა. ეუბნება:
- მაშ ასე, ვიწერ: "კურდღელი, გრძელყურება, ერთი ცალი". ხვალ ჩემთან მოხვალ საუზმეზე და შეგჭამ. გასაგებია?
- დიახ, გასაგებია.
- შეკითხვები გაქვს?
- დიახ, მაქვს.
- გისმენ.
- შეიძლება, არ მოვიდე?
- შეიძლება. კურდღელი ა-მოვ-შა-ლო!
რამდენჯერაც წაიკითხავთ, იმდენჯერ გაგეცინებათ. არადა, რა დიდი ფილოსოფიაა – თუ გაინტერესებს რაიმე – იკითხე. სულელური შეკითხვები ხომ არ არსებობს.