ბლოგი

შორენას ბლოგი: რატომ მიყვარს ძველით ახალი წელი!

შორენას ბლოგი: რატომ მიყვარს ძველით ახალი წელი!
ძალიან მიყვარს ძველით ახალი წელი იმიტომ, რომ ცხონებულ მამაჩემს უყვარდა. მამა ყოველთვის ამბობდა, რომ ნამდვილი ახალი წელი შობის შემდეგ, 14 აინვარს დგება. დაკლავდა ღორს, ააშიშხინებდა მწვადებს, დაუძახებდა მეზობლებსა და მოკეთეებს, ჩავიდოდით ქალაქიდან ჩვენც...

გაიხარებდა ჩვენი სახლი და ფუძე, ახმაურდებოდა, განათდებოდა. ქარვისფერი რქაწითელით შეისმებოდა ბედნიერი ახალი წლის, უკეთესი მომავლის, "ვინც ვერ მოესწრო, იმათი" და შვილების სადღეგრძელოები. მერე შეზარხოშებული მამაჩემი კალთაში ჩაისვამდა ჩემს ჯერ კიდევ პატარა შვილს და კიდევ ერთხელ დაყვავებით, თბილი და დაბალი ტონით ეტყოდა, რომ
ის მისი შთამომავალი და გზის გამგრძელებელია, რომ ეს ამოდენა სახლი, ეზო, კარ-მიდამო და ბაღ-ბოსტანი მისია და მის ხელს ელოდება.... რომ სულ ელოდა მის დაბადებას და მასზე უკეთესი კაცი უნდა გამოვიდეს... 

მამა ერთი ჩვეულებრივი მშრომელი და ამავე დროს არაჩვეულებრივი ადამიანი იყო, რადგან მისი სწორი მეურნე, მიწათმოქმედი და მეღვინე ძნელად თუ მოიძებნება დღესაც. თუმცა, გარდა ამისა ჰქონდა განსაკუთრებული თვისება, რაც სხვებისგან გამოარჩევდა: ეს ერთი შეხედვით უბრალო, ჯიჯღინა კაცი ბუნებით უზომოდ კეთილი და დემოკრატი იყო .

მე და დედას ყოველთვის გვეცვა ის, რაც მოგვწონდა, გვქონდა ის ვარცხნილობა და იმ ფერად ვიღებავდით თმას, როგორც გვინდოდა, მეგობრებში თავისუფლად დავდიოდით მაშინ, როცა ბევრ ქალს და გოგონას ამ ყველაფრის უფლებას მამა და ქმარი არ აძლევდა (!). ჩვენს ოჯახში ამგვარი შეზღუდვები და ბარიერები წარმოუდგენელი იყო. მამა ყოველთვის ამაყობდა, რომ მისი ოჯახის ქალები დამოუკიდებელი პიროვნებები და განათლებული ადამიანები იყვნენ.

ერთადერთი, რასაც მამა ვერ იტანდა ქალის ქცევაში (რა თქმა უნდა, უწესობის გარდა) , ეს იყო ხმამაღალი და მოურიდებელი სიცილი. ის ყოველთვის მასწავლიდა, რომ ქალს თავშეუკავებლად სიცილი არ ეკადრება და ძალიან ამდაბლებს...

სამაგიეროდ, მოსწონდა დაბალი ხმით, ტკბილად მოსაუბრე ქალები, რომლებიც თითქოს, კატებივით კრუტუნებენ... 

ყველაზე მეტად კი მამა ცოდნას და საკუთარი საქმის მცოდნე ადამიანებს აფასებდა. მისი დროის ქალები ძირითადად ოჯახებზე ზრუნავდნენ. მამა დიდ პატივს სცემდა ქალებს, რომლებიც არა მარტო კარგი დედები და ცოლები, არამედ საკუთარ პროფესიაში წარმატებული ადამიანები იყვნენ, განსაკუთრებით კი ეთაყვანებოდა ქალებს, რომლებიც დამოუკიდებლად, კაცების გარეშე უმკლავდებოდნენ ცხოვრებას. მათ მიმართ მამა განსაკუთრებულ მოწიწებას გამოხატავდა.
და არ ვიცი დამიჯერებთ თუ არა, მაგრამ დანამდვილებით შემიძლია გითხრათ, რომ მამაჩემის კიდევ ერთი ყველაზე დიდი ღირსება ოჯახისა და საყვარელი ქალის ერთგულება იყო. როგორც ვიცი, მას უბრალოდ, ვერც კი წარმოედგინა სხვაგვარად და ამით ძალიან ამაყობდა...

ახლა, როცა საათის ზარმა 12 ჩამოჰკრა, როცა თბილისის ცა მეორედ გაანათეს ფერადმა ფოიერვერკებმა, როცა კიდევ ერთხელ დავხუჭე თვალები და ბედნიერი წელი ვინატრე, გამახსენდა მამიჩემისეული სოფლის სახლი, დიდი ოთახი, ოთახის შუაგულში გაშლილი სუფრა და გარეთ სანადირო თოფების ბათქა-ბუთქი. დავინახე ჩემები: როგორ "დაგვაბერა" ბებომ უგემრიელესი გოზინაყით, როგორ ავწიეთ ჭიქები და დავლოცეთ ახალი წელი... მერე როგორ შეუკეთა მამამ კუთხეში მდგარ ღუმელს შეშა და მიაფიცხა შრომით დაღლილი, მაგრამ მაინც ძალიან ლამაზად მოყვანილი ხელები...

FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 1 /
ირა
მამაჩემი გამახსენდა . ზისტად ასეთი მამა მყავდა მეც :( ცრემლი მომადგა :)
16:14 / 15-01-2017
გამოხმაურება / 0 /
loadign_gif

გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
2728293031 1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31
e87a93