ისე, კარგად რომ დაუფიქრდე, ზამთარი ჩვენთან სამი კი
ყველაზე მეტად თებერვალი არ მიყვარს, რადგან თითქმის სულ ქარია. ბავშვობაში ვიღაცამ მომიყვა „სურბ სარქისის“ ლეგენდა და ღრმად მჯეროდა, რომ თებერვლის ქარების მიზეზი სწორედ ის იყო. კალენდარს შევხედე. მახსოვს, რომ ახლა სურბ სარქისის დღეებია. პარასკევი ღამე კი მარილიანი კვერების რიტუალის დროა! ზეგ სწორედ პარასკევია. ჩემი შარშანდელი მცდელობა გამახსენდა. მკითხაობების დიდად არ მწამს, მაგრამ მახსოვს, ცნობისმოყვარეობამ ამიტანა და „დავგუგლე“:
„სომხური ლეგენდის თანახმად, წმინდა სარქისმა თებერვალში მოიტაცა ბერძენი ელენა. მამამ მდევრები დაადევნა, მაგრამ ამოვარდა საშინელი ქარბუქი და რამდენიმე დღე გაგრძელდა. მდევრებმა ქალი ვეღარ დაიბრუნეს.
თუ პარასკევს საღამოს, ტაფაზე გამოაცხობ მარილიან კვერს (2 სუფრის კოვზი ფქვილი, 1 სავსე ჩაის კოვზი მარილი და ცოტა წყალი), ძილის წინ შეჭამ, ისე, რომ ზედ არაფერი დააყოლო და დაიძინებ, შაბათს გამთენიისას დაგესიზმრება წინასწარმეტყველური სიზმარი, რომელიც უნდა დაიმახსოვრო. ვინც სიზმარში წყალს დაგალევინებს, ის იქნება შენი ბედი. სასურველია, კვერი ქვრივმა ქალმა გამოაცხოს“.
ჩემი მეზობელი, ქვრივი ლაურა გამახსენდა, მეშვიდე სართულზე ავირბინე და კარზე მოკრძალებულად დავაკაკუნე. მახსოვს, ბავშვობაში სულ ვერიდებოდი ხოლმე. კაცივით ბოხი, ჩახრინწული ხმა და ძალიან თმიანი მკლავები ჰქონდა (იმ დროს ჯერ კიდევ არ იყო აქტუალურ ფაზაში ეპილაცია). ისე, რა საინტერესო ფენომენია ბავშვობაში განცდილი პატარ-პატარა შიშები და ფობიები. ახლა ხომ უკვე დიდი ვარ? მაგრამ უსიამოვნო განცდამ მაინც შემიპყრო. არადა, რა ვქნა? ძალიან მაინტერესებს, სიზმარში ვინ დამალევინებს წყალს.

ლაურამ კარი მალევე გააღო. თავზე „ბიგუტები“ ეკეთა და ხალათი ეცვა.
– ხომ მშვიდობაა, შვილო?
– კიი, კიი, ლაურა დეიდა! მშვიდობაა. უბრალოდ, თქვენთან უცნაური თხოვნა მაქვს! შეგიძლიათ, რომ ზეგ საღამოს მარილიანი კვერი გამომიცხოთ? ზეგ სურბ სარქისია და…
– უი, შენ რა გითხრა მე!
ბოხი ხმით „გადაიროხროხა“ („გადაიკისკისა“ არ შეესაბამება მის ხმის ტემბრს).
– ზეგ საღამოსთვის გაგიკეთებ და ასე, შვიდისთვის ამოირბინე.
– რეცეპტი გითხრათ?
– ვიცი, ვიცი! ორი სომეხი დაქალი მყავდა, მაგის მეტი რა მიჭამია! ერთი სუფრის კოვზი ფქვილი უნდა, ერთი ჩაის კოვზი მარილი.
მადლობა ვუთხარი და კიბე გახარებულმა ჩავირბინე. პარასკევს, რვის ხუთ წუთზე ისევ მის კარზე ვაკაკუნებდი. კვერი კარებშივე გამომაწოდა. ცალ მხარეს დასწვია, მაგრამ მე მაინც მადლობა გადავუხადე. ჩემი მოუთმენელი ხასიათის რა ვთქვი, ძილამდე ვერ მოვისვენე და რვა საათზე შევჭამე.

ლაურამ ალბათ სასიკვდილოდ გამიმეტა. მე მგონი, ფქვილის და მარილის დოზები ერთმანეთში აერია და პირიქით გამოაცხო. მსგავსი საზიზღრობა ცხოვრებაში არ მიგემია! გაჭირვებით გადავყლაპე. სანამ დამეძინა, ტანჯვისაგან მოვკვდი. სიზმარში კი ვნახე, ვითომ მინდორში ვიდექი და გარს ძალიან ბევრი ბიჭი მეხვია. ყველა უცნობი იყო. სათითაოდ მოდიოდნენ და წყალს მასხამდნენ.

გაღვიძებისთანავე 2 ლიტრი წყალი დავლიე და ჩემს გათხოვილ დაქალს დავურეკე. სიზმარი რომ მოვუყევი, დამცინა – შენ ალბათ მეძავი გახდებიო. ნერვები მომეშალა. რისთვის ვიწვალე ამდენი? იმედია, წელს მაინც გამიმართლებს და ვინმე ღირსეული მამაკაცი დამალევინებს წყალს სიზმარში. ღირსეული - იმიტომ, რომ იდეალურები არ არსებობენ. ამიტომ უნდა გიყვარდეთ მამაკაცი ისეთი, როგორიც არის! – მოიცა, მაგრამ თუ საერთოდ არ არის?
მაშინ, მაშინ… ადექით და ესესხეთ ბლომად ფული მას, ვინც მოგწონთ და ყურადღებას არ გაქცევთ. დაე, მაგ უნამუსომ 24 საათის განმავლობაში მხოლოდ თქვენზე იფიქროს!!!
გისურვებთ წარმატებას!
