სამწუხაროდ, ჩვენ ხშირად ვეღარ ვნახულობთ ერთმანეთს, ზოგჯერ გადის რამდენიმე დღე და მხოლოდ სოციალური ქსელის ან ტელეფონის მეშვეობით ვურთიერთობთ, მაგრამ მიუხედავად ამისა ზუსტად ვიცით, რომ ჩვენს სიყვარულს ერთი მისხალიც არ აკლდება.
ამით არაფერი აკლდება იმ ერთიანობის განცდას, რომელიც უკვე ინსტინქტის დონეზე გვაქვს გამჯდარი და ყოველი ბედნიერებისა თუ განსაცდელის ჟამს ერთ მუშტად გვკრავს. და ამით არაფერი აკლდება მონატრებას, რომელიც კიდევ უფრო ტკბილსა და მძაფრს ხდის იმ ძვირფას მომენტებს, რომლებსაც ცხოვრების მძიმე რიტმს ერთმანეთისთვის ვპარავთ. ერთად ყოფნის უძვირფასეს წუთებში ჩვენ ვსაუბრობთ ყველაფერზე: გადავდივართ ერთი თემიდან მეორეზე, ვხმაურობთ, ვკამათობთ, ზოგჯერ ვჩხუბობთ კიდეც... ვხუმრობთ, ვხალისობთ, ბავშვებივით ვანცობთ და ვთამაშობთ და, ალბათ, ამ დროს ყველაზე სასაცილოები და საყვარლები ვართ.
ჩვენ ღამეები გაგვითენებია გვერდიგვერდ საწოლებში მწოლიარეებს, ბავშვობისა და სტუდენტობის მძაფრი მოგონებების გაზიარებისას, ჩურჩულით გაგვინდია ერთმანეთისთვის ყველაზე ძვირფასი საიდუმლოები და სასიყვარულო ისტორიები და ეს იყო ძალიან, ძალიან იდუმალი მომენტები ჩვენი ცხოვრებიდან. იდუმალი და რაღაცნაირად მარადიული...
ჩვენ ვმდგარვართ დიდი პრობლემებისა და სიძნელეების პირისპირ, ზოგჯერ დაბნეულები და სასოწარკვეთილებიც, მაგრამ ერთად, გვერდიგვერდ, მხარდამხარ! და არ არსებობს იმაზე დიდი შვება და იმედი, როცა შენს გვერდით შენთვის ძვირფასი და საყვარელი ადამიანის ძლიერ მხრებს ხედავ... და ამიტომ უკვე აღარაფრის გეშინია! ნუ გეშინია!
ხომ იცით, როგორი ცრუმორწმუნე ვარ! ძალიან ბევრი რაღაცის მჯერა და მეშინია, დიდ მნიშვნელობას ვანიჭებ ნიშნებს, რომელსაც ბედი გვიგზავნის და მწამს, რომ ცხოვრებაში შემთხვევით არაფერი ხდება. და რადგან ჩვენ ერთმანეთს შევხვდით და ამდენი წელი ერთად მოვდივართ, შემთხვევითი სულაც არაა! - ჩვენ უკვე ერთმანეთის ისეთი მყარი ნაწილები ვართ, რომ ერთის ჩამოშლით ჩამოვიშლებით ყველა!
ხშირად მომისმენია მამაკაცებისგან: მხოლოდ ჩვენ, კაცებმა, ვიცით უანგარო და უღალატო მეგობრობა, ქალებისგან განსხვავებითო. ნურას უკაცრავად! ყველაზე რბილად რომ ვთქვათ, ეს ძალიან დიდი გულუბრყვილობაა.
ასევე არ მესმის, როცა ამბობენ, რომ ქალისთვის ქალი საუკეთესო მეგობარი ვერ იქნება, რადგან ქალებს ერთმანეთის შურთო... მგონი, დროა, ერთხელ და სამუდამოდ უარი ვთქვათ დრომოჭმულ სტერეოტიპებზე.
იცით რა გამახსენდა ახლა? - ჩემს ცხოვრებაში ერთ-ერთ ყველაზე უმძიმეს პერიოდში, როცა იატაკზე ჩაკეცილს ცრემლი მახრჩობდა, ჩემს ტელეფონზე გაისმა ზარი: რეკავდით თქვენ, მოსვლა გინდოდათ... და პირველად ჩემს სიცოცხლეში უარი გითხარით! თქვენთვის ეს უტყუარი ნიშანი იყო იმისა, რომ ყველაზე მეტად ახლა მიჭირდა... და ზუსტად რამენიმე წუთში ჩემს სახლში იყავით უკლებლივ ყველა!
თქვენ ხართ ადამიანები, რომლებმაც, სულიერი მოძღვარივით, იცით თითქმის ყველა ჩემი საიდუმლო, ნაკლი და ღირსება და სულაც არ ვნანობ, რომ შემიძლია უყოყმანოდ ამოვიღო გული და დაგიდოთ წინ. პირიქით, ვამაყობ იმით, რომ თამამად შემიძლია გავიშიშვლო სული და დავდგე თქვენს წინაშე როგორც პატარა გულუბრვილო ბავშვი, რომელსაც ჯერ ცოდვა-მადლის გარჩევა არ უსწავლია...
კიდევ გამახსენდა: როცა მორიგი ცხოვრებისეული სირთულის დროს "გადარჩენის ოპერაციაზე" შევიკრიბეთ და სამზარეულოში შეკეტილები მწვავე პრობლემაზე ვმსჯელობდით, როგორ ვერ ბედავდნენ ოჯახის წევრები კარის შემოღებას, რადგან ჩვენი "ჩასხდომები" ლამის სამხედრო შტაბის შეკრებებს ემსგავსება.
ჩვენ არასდროს დაგვიხევია უკან და არასდროს გვითქვამს უარი ურთიერთობაში ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან ფაქტორზე - გულწრფელობაზე. ამიტომ ყოველთვის პირდაპირ ვეუბნებით ერთმანეთს სათქმელს - პირდაპირ და გაბედულად. ჩვენთვის არ არსებობს ტაბუირებული თემა, დაფარული პრობლემა, უთქმელი სიტყვა...
მახსოვს, როგორ ვღელავდით ხოლმე, როცა ჩვენს შეყვარებულებს სამეგობროში წარვადგენდით... გვინდოდა მათ კარგი შთაბეჭდილება მოეხდინათ! გვსურდა ისევე გულწრფელად მიგვეღო ისინი, როგორც ერთ დროს ერთმანეთი მივიღეთ... რადგან ჩვენთვის ერთმანეთის აზრი ყოველთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ჩვენ ხომ ერთ დიდ ოჯახად ვცხოვრობთ!..
ახლა, როცა ღამის ფანჯარაში აქა-იქ მოკიაფე სინათლეებს გავყურებ და ვფიქრობ თქვენზე, სიამოვნებისგან მეღიმება - რა ბედნიერებაა, რომ მყავხართ! ადამიანები, რომლებთანაც შემიძლია დაუღალავად ვიქოთქოთო, ვიწუწუნო, ვიცინო. რომ შემიძლია ჩემი პრობლემებისგან დავიცალო და ჭირვეული ბავშვივით გამოსავალის მოძებნაში დახმარება მოვითხოვო... რომ შემიძლია დაუფიქრებლად ჩავიდინო სისულელე და არ მეშინოდეს, რომ ზურგს შემაქცევენ...
რომ თავისუფლად შეგიძლიათ გამკიცხოთ და მისაყვედუროთ , დამტუქსოთ, მაგრამ ერთი წუთითაც არ შემეპარება ეჭვი თქვენს სიყვარულში! ეეე, რა მაგარია, რომ მყავხართ! ამიტომ ცხოვრების ნამდვილად არ მეშინია!
და თუ კიდევ ერთხელ დადგება მომენტი, როცა იქ, ზემოთ, გადაწყვეტენ, რომ გამოგვცადონ, მჯერა, რომ ჩვენ კიდევ ერთხელ წარმატებით ჩავაბარებთ ამ გამოცდას და მოვიგებთ ამ ომსაც! ნამდვილად ვიცი, რომ მოვიგებთ, სანამ ერთად ვართ, ერთი მყარი ნაწილი ვართ და სწორედ ამიტომ ჩამოშლა არ გვიწერია!