ახლა კიდევ ერთ ჩემთვის გასაშტერებელ ამბავს მოგიყვებით: ერთ-ერთ ქართულ სუფრაზე, აი, ისეთზე, "აკადემიას" რომ ეძახიან ბიძა-კაცები, ქართული ოჯახისა და ტრადიციების სადღეგრძელოს შემდეგ საუბარი გოგონების აღზრდის პრობლემებსაც შეეხო და ერთმა ახალგარდა კაცმა ერთგვარი გამწარებით წამოიძახა: პრობლემა, იცით, რაშია? - დედები გოგონებს არ ასწავლიან, კაცებს როგორ უნდა მოუარონო.
თვალები დავჭყიტე გაოცებისგან იმიტომ, რომ მსგავსი აზრი, წესით, ახალგაზრდა ტვინში არ უნდა მოხარშულიყო.
მაინც როგორ უნდა მოვუაროთ კაცებს-მეთქი და აბა, აქ დაიწყო, თუ დაიწყო... მე რომ მეგონა, ამაში მხოლოდ მამაკაცის მოფერება-მოფრთხილება: მისთვის ჭუჭყიანი ტანისამოსის გარეცხვა-დაუთოება, გემრიელი სადილ-ვახშმის მომზადება, დედამთილ-მამამთილის უპირობო პატივისცემა და ჯიშის საამაყო შვილების აღზრდა იგულისხმებოდა - თურმე, სულ სხვა რამ სდებია გულში!
"პირველ რიგში, ეს არის პატივისცემა, პატივისცემა და კიდევ პატივისცემა!" - ეს ისეთი ინტონაციით წარმოთქვა, მეგონა, სიტყვა "თაყვანისცემას" გულისხმობდა.
არადა, შეხედავდი და ისეთი გამომეტყველება ჰქონდა, თითქოს, ჭიანჭველასაც არ დააბიჯებსო. მისი აზრით, თურმე ქალები ქმრებს ამცირებენ, როდესაც მათი აზრის საწინააღმდეგო აზრს საჯაროდ გამოხატავენ ("არ არის საჭირო ლაპარაკი საერთოდ!"). უდიერად ეპყრობიან, როცა სამსახურიდან მოსულს ბავშვთან თამაშს ან მით უარესი, მის დაძინებას სთხოვენ. აკნინებენ, როცა რაიმე სახის გადაწყვეტილებას დამოუკიდებლად იღებენ ("ქალმა რა იცის?!") და საერთოდ, დანაშაულს სჩადიან, როცა მის უკითხავად სახლიდან, თუნდაც დაქალთან, გადიან ("არ უნდა იკითხოს?! იქნებ ქმარი არ უშვებს?!").
როგორც ამ ახალგაზრდა კაცს წარმოედგინა, ქმრის პატივისცემა მისდამი უსიტყვო და გაუაზრებელ მორჩილებაში გამოიხატებოდა და ამაში ის ვერაფერს ხედავდა არათუ მიუღებელს, არამედ უცნაურსაც კი.
"ქალებს დაავიწყდათ, რომ ოჯახის უფროსი კაცია!" - ფრაზა, რომელიც საერთოდ მკლავს და ბოლოს მიღებს. მოდი და აუხსენი, რომ 21-ე საუკუნეში უფროს-უმცროსობაზე დაფუძნებული ურთიერთობა, ყველაზე რბილად რომ ვთქვათ, სიმახინჯეა. და საერთოდ, დაკვირვებიხართ, რომ ქართული ე. წ. ტრადიციული ოჯახი ჯერ კიდევ ბატონყმურ წყობილებას ჩამოჰგავს?! - აქაც არის ბატონი, რომლის ნება-სურვილი უზენაესია, ის იღებს პასუხისმგებლობას, გადაწყვეტილებებს, ანაწილებს შემოსავალს და ქალს, როგორც "ყმას", გარკვეულ "გასამრჯელოს" აძლევს.
როცა ორი ზრდასრული ადამიანი ერთად ცხოვრებას - ჭირისა და ლხინის გაზიარებას გადაწყვეტს, რის ან ვის უფროსობა-უმცროსობაზეა საუბარი?! ალბათ, კვანტურ ფიზიკას უფრო იოლად ჩავწვდები, ვიდრე იმას, თუ როგორ ახერხებენ ადამიანები თან უყვარდეთ და თან ბრმად ემორჩილებოდნენ, თან უყვარდეთ და თან ფსიქოლოგიურ ზეწოლას ახორციელებდნენ, თან უყვარდეთ და თან ბატონები ან მონები იყვნენ! - სიყვარული ხომ ნებაყოფლობითი და ძალდაუტანებელი გრძნობაა!
ეს "გამიშვის" თემა ხომ საერთოდ ტვინში მირტყამს! - ზრდასრულმა ადამიანმა განა თავად არ უნდა იცოდეს, სად წავიდეს და სად - არა?! "აუ, დაქალთან, დედასთან, კაფეში, კინოში ... გამიშვი რა" - რატომ იმცირებთ თავს მსგავსი თხოვნებით?! დავიჯერო, ქმრებიც იმავე ტექსტებით მოგმართავენ, როცა დასალევად, გასართობად ან სულაც საკუთარ საქმეებზე მიდიან - გაშვებას გთხოვენ?! განა ქმარი ვერ გაგიგებთ, თუ ამას სულ სხვა ფორმულირებას მისცემთ - თუ უბრალოდ იტყვით, რომ სადმე წასვლა გსურთ და ამ ინფორმაციას ბუნებრივად, ჩვეულებრივ მიაწვდით? თუ თქვენს საყვარელ მამაკაცებს თქვენი სახლიდან ფეხის გადგმის ისე ეშინიათ, რომ "შინაპატიმრობა" გაქვთ მისჯილი, მაშინ რა ნდობასა და სიყვარულზეა საუბარი?! მაპატიეთ, მაგრამ ამ შემთხვევაში არა მარტო თქვენი რეპუტაცია, არამედ მთლიანად ურთიერთობის სიჯანსაღე დგება ეჭვქვეშ...
ამიტომ თამამად გეუბნებით თქვენ, გოგონების დედებს: ასწავლეთ თქვენს ქალიშვილებს "მამაკაცების მოვლა":
ასწავლეთ, რომ ისინიც ისეთივე სრულფასოვანი ადამიანები და ოჯახის სრულუფლებიანი წევრები არიან, როგორიც მამაკაცები.
მათაც შეუძლიათ ჰქონდეთ საკუთარი, თუნდაც კრიტიკული აზრი და გამოთქვან ის ხმამაღლა.
მათ აქვთ უფლება, მოითხოვონ ქმრისგან საოჯახო საქმეებში დახმარება.
მათ აქვთ უფლება, მოითხოვონ ქმრისგან ბავშვების აღზრდაში მონაწილეობა.
მათაც აქვთ უფლება, დაღლილები წამოგორდნენ დივანზე და დაისვენონ.
მათაც აქვს უფლება, არ აკეთონ ის, რისი კეთებაც არ უნდათ ან არ შეუძლიათ.
მათაც აქვს უფლება, მოითხოვონ ოჯახის წევრებისგან საკუთარი მშობლების პატივისცემა.
მათაც აქვთ უფლება, შვილებს დაარქვან ის სახელები, რაც მოსწონთ და ეს მხოლოდ ქმრისა და მისი ოჯახის პრივილეგია არ არის.
მათაც აქვთ უფლება, ჰქონდეთ ჰობი, ჰყავდეთ მეგობრები და მოცალეობის ჟამს გაერთონ მათთან ერთად.
დაბოლოს: მათაც აქვთ უფლება - ყველაზე მეტი უფლება - ნებისმიერ სასურველ დროს და დასაშვებ გარემოში გაანებივრონ თავიანთი მამაკაცები სითბოთი და სიყვარულით!