ბლოგი

შოშიას ბლოგი: ბიჭი პეკინის ქუჩიდან

შოშიას ბლოგი: ბიჭი პეკინის ქუჩიდან
ამ ისტორიას ჩემი მეგობრის ნებართვით გიყვებით. ის ძალიან კარგი, თბილი, ყოჩაღი და ხალისიანი გოგოა, ოღონდ ხანდახან დიდი და წყლიანი თვალები ჩუმი სევდით ევსება... ჩემი მეგობარი ე. წ. მარტოხელა დედაა...

და როგორც ეს ქართულ რეალობაში ხდება, ბევრს წვალობს, შრომობს, უმაგრეს ბიჭუნას ღირსეულად ზრდის. ხანდახან კი მძიმე ცხოვრებას როგორღაც სწყდება და თავისთვის ოცნებობს, სხვა ქალებივით ან სულაც პატარა გოგონებივით... მასაც ხომ აქვს ოცნების უფლება! მერე ამ ოცნებებს ხალისითა და იუმორით ჰყვება. ძალიან საყვარელია ამ დროს.

მაგრამ ეს
ამბავი მისი ფანტაზიის ნაყოფი კი არა, რეალური ისტორიაა. მოკლედ, თავი სერიალში გეგონებათ... გოგონას მოსწონს ერთი ბიჭი, რომელიც, სავარაუდოდ, მის მახლობლად უნდა ცხოვრობდეს და მასავით მარტოხელა უნდა იყოს (არ მიყვარს ეს სიტყვა, მაგრამ შემცვლელად არაფერი მომაფიქრდა), რადგან ყოველ საღამოს ზუსტად იმ კაფეში ვახშმობს, სადაც გოგონა ხშირად შედის. ბიჭი მაღალი, კარგი მოყვანილობის, საკმაოდ სიმპათიური, რაღაც დამახასიათებელი გარეგნობით, ისეთი, შორიდანვე რომ შეამჩნევ და არასდროს დაგავიწყდება. ის თითქმის ერთსა და იმავე დროს ჩნდება კაფეში. გოგონამ მას სახელიც რომანტიკული და ზღაპრული შეურჩია - "ბიჭი პეკინიდან"...

არ დაიჯერებთ და თავიდან გოგონაც ზუსტად იმ დროს შედიოდა კაფეში. ისინი რამდენჯერმე შეხვდნენ ერთმანეთს... ოღონდ მხოლოდ თვალებით. გოგონა ვერ უძლებს მის დაჟინებულ მზერას, არ იცის, სად დაემალოს, თუმცა, რატომ უნდა დაემალოს, სამყაროში ხომ შემთხვევით არაფერი ხდება?! ჯერ კიდევ როდის ამბობდა დალოცვილი პაოლო კოელიო, რომელიც ასე აიტაცა ქართულმა ინტერნეტმა: ნიშნებს მისდიეო!

აი, მაგალითად, ამას წინათ კაფეში კი არა, მაღაზიაში გადაეყარა. რა თქმა უნდა, იცნეს ერთმანეთი - ისევ იგივე მზერა, იგივე ალმური და გოგონამ, უხერხულობა რომ დაეფარა, მაწონი იყიდა! არადა, სულ სხვა რამისთვის იყო შესული.

კაცმა არ იცის, რა ჰქვია ამას - ეს ამბავი, ალბათ, რომანტიზმის ეპოქას უფრო მოუხდებოდა, მაგრამ ჩვენს აჩქარებულ და დაუნდობელ დროშიც კი იმ სასიამოვნო სიმშვიდეში გძირავს, რომელსაც ძალიან ლამაზი სახელი - "ოცნება" ჰქვია და რომლის წინაშეც ყველაზე პრაგმატული ადამიანიც კი უძლურია.
ნუ მეტყვით, რომ ეს ბავშვური გატაცებაა, დროებითი თავდავიწყება, ან სულაც იქნებ გოგონას ყველაფერი მოეჩვენა: ოცნებებსა და სურვილებს აჰყვა?!.. - არა, მე მჯერა ნიშნების!

ჩემი ერთი ახლობელი მეუბნეოდა: ქალისა და მამაკაცის ურთიერთობა ყველაზე ლამაზი მის გაცხადებამდეა, როცა ორივე რაღაც გაუცნობიერებელს გრძნობს, მაგრამ სიტყვით გამოხატვას არ ჩქარობს, ბოლომდე ტკბება რაღაც გამოუცნობისა და მოულოდნელის ნაზავითო.

არ ვიცი, როდემდე ივლიან ჩემი მეგობარი გოგონა და "ბიჭი პეკინიდან" ერთსა და იმავე დროს კაფესა და მაღაზიაში სიტყვის უთქმელად... რამდენ ხანს გაუძლებს გოგონა მის მწვავე და შემფასებლურ მზერას, რამდენჯერ გაწითლდება კიდევ, ეყოფა თუ არა გამბედაობა, გამოელაპარაკოს ან თუნდაც ბოლოს და ბოლოს, თავადაც ჯიუტად მიაშტერდეს თავხედურად მზირალ თვალებში. თუ ესეც მორიგ გაუთქმელ სურვილად, ნაზი გრძნობებით შეფუთულ მოგონებად დარჩება, რომლის მსგავსიც ქალებს ჩვენს უკიდეგანო მეხსიერებაში არაერთი მოგვეპოვება და რომლებსაც ალბათ, დიდი ხნის შემდეგ ჩვენს სიფრიფანა შვილიშვილ გოგონებს გატაცებით მოვუყვებით...

FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif
გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
28293031 1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31
e87a93