გწერ და შენი გულისცემა მესმის, როცა ამ წერილს კითხულობ. ალბათ გგონია, რაღაც ისე ვერ გააკეთე, რისთვისაც გისაყვედურებ. შენ ხომ ასე ნერვიულობ ყოველ ჩემს ზარზეც.
შენმა მასწავლებელმა დამირეკა ... (ალბათ ახლაც დაგიტრილადა ათასი აზრი...რატომ? )
მითხრა, რომ როცა საქმე ჩემამდე ინფორმაციის მოტანას ეხება, ყოველთვის განიცდი „დედა რას იტყვის“ . გინდა იცელქო, მაგრამ გგონია ამისთვის დაგსჯი...
ვერაფერი ვუპასუხე. წუთიანი პაუზის შემდეგ, როგორც იქნა ენა მოვიბრუნე და ვუთხარი, რომ მე მონსტრი დედა არ ვარ და არ გზღუდავ ურთიერთობებში. მერე მასწავლებელმაც მომიბოდიშა, არც მე მიფიქრია მსგავსი რამ, უბრალოდ ბავშვი ძალიან ემოციურად განიცდის შენს მიმართ ყველაფერსო...
შვილო, შენ ხომ იცი, რომ შენთან ერთად ვიზრდები, ვცხოვრობ და ვსუნთქავ.
როგორ შეიძლება გზღუდავდე მაშინ, რომ სრული თავისუფლება გაქვს. მე ხომ ფაქტობრივად ვერასდროს ვახერხებ შენთან ერთად ყოფნას.
ცხოვრებამ თავად დაგვიწესა მკაცრად განსაზღვრული წესები, რომელსაც მორჩილად მივსდევთ. ჩვენი ურთიერთობა საუზმით და ვახშმით შემოიფარგლება. დანარჩენ დროს მე სამსახურში, შენ სკოლაში, ან მარტო, სახლში ატარებ.
მე ვამაყობ შენით.
მინდა ეს იცოდე.
მოვა დრო, შენც გახდები მშობელი და მიხვდები, როგორ მტკივა ყოველი წუთი შენს გარეშე. როცა ახლოს ხარ, მაგრამ შენთვის არ ვარ. მე ამ დროს საქმეში ვარ ჩართული. მერე, თავს ვიმშვიდებ, რომ ეს ყველაფერი შენთვისაა, მაგრამ ვხედავ შენს ღრმა, სიკეთით სავსე თვალებში ჩამალულ სევდას „დედა , მოდი სახლში, მომენატრე“ ...
შენ იზრდები ცხოვრების სასტიკ რეალობაში - იზრდები ღირსეულად და ამ ყველაფერს შენით ახერხებ. შენ უკვე დიდი ხარ. ჩამოყალიბებული ადამიანი, რომლის აზროვნებისაც ბევრს შეშურდება.
რომ შემეძლოს ... რომ შემეძლოს ბედნიერი მყავდე ... რომ ვიცოდე ფორმულა, რაც ამ სისატიკეს დამამარცხებინებს... ალბათ მთებს დავძრავდი ... მაგრამ გულწრფელი ვარ შენთან, შვილო, და შენც კარგად იცი, რომ ასეთი ძლიერიც არ ვარ.
მრცხვენია ცრემლების, რომელიც ჩემს თვალებზე შეგინიშნავს. მრცხვენია სასოწარკვეთილების, რომლის დაძლევაშიც შენ დამეხმარე... გაკვირდები და ვფიქრობ, რომ შენ უფრო ძლიერი ხარ...
არავის წინაშე არ მაქვს ვალდებულება, პასუხიმგებლობა. მხოლოდ შენთან ვარ დამნაშავე. შენთან ვარ ვალში ...
ერთი თხოვნა მაქვს: არ შეიცვალო, იყავი ისეთი როგორიც ხარ. დაიმახსოვრე ადამიანები, რომლებიც ახლა შენს გვერდით დგანან. ისინიც გეყოფა ცხოვრების მეგზურებად. როცა წარმატებული გახდები, ყველას მოუნდება შენთან ურთიერთობა და მაშინ გაიხსენე დედის წერილი - ადამიანები საგნები არ არიან, რომ გამოიყენო, შვილო.
გახსოვდეს, შვილო, დუმილი ხშირად ოქრო არ არის. იყავი სიტყვაძუნწი, მაგრამ სამართლიანი - რაოდენობა ხარისხს არ განსაზღვრავს. გყავდეს თითზე ჩამოსათვლელი მეგობარი, მაგრამ ნამდვილი. ნაცნობობას კი არაფერი უდგას წინ.
არავის წინაშე არ ხარ ვალდებული. არც არავინ დაივალდებულებს შენს მიმართ თავს. ნუ შეგეშინდება თუ უცებ დაეცემი, რადგან ყოველთვის შეძლებ წამოდგომას. შენ გაქვს შანსი და შესაძლებლობა იარო წინ და უკან არ მოიხედო. და თუ შორეულ გზაზე დაღლილი შეჩერდები, გახსოვდეს, შენს უკან დედაშენის თვალები მოგყვება. მე ყოველთვის შეგეშველები.
ცხოვრებაში მზად უნდა იყო იმისთვის, რომ გამოჩნდებიან ადამიანები, რომლებიც შენ არ მიგიღებენ, - არც ამაზე იდარდო... გაუშვი ისინი და გზაჯვარედინზე თავად დაგეწევიან.
ნუ აქცევ სხვის პრობლემას საკუთარ პრობლემად, ისევე როგორც მე გავაკეთე ეს. რის გამოც ბევრჯერ დავრჩი იმედგაცრუებული და ცრემლიანი. არ მინდა ჩემი შეცდომა შენც გაიმეორო.
როდესაც ისწავლი ადამიანების მიმართ სიკეთის მიზნობრივად და სწორად გადანაწილებას აღარ დარჩები იმედგაცრუებული და დამარცხებული.
მოიპოვე ადამიანების სიყვარული და შეინარჩუნე ის. ეცადე ისეთ ადამიანებთან იყო, ვისაც შენსავით სურს, შენსავით ფიქრობს. შენ ვერ შეცვლი სამყაროს, ვერ შეცვლი წესებს, რომელსაც შენ არ წერ.
ნდობას გაუფრთხილდი…
შენით ამაყი დედა
იხილეთ ასევე: ნანიკოს ბლოგი: ცხოვრება Facebook-ში, ერთგულ მეხოტბეებთან და მზვერავებთან ერთად...