მე ვიცი, რა არის ცხოვრება ნარკომანის გვერდით; ვიცი, რა შეუძლია ნარკომანმა გააკეთოს წამლისთვის და რა არ გააკეთოს ოჯახისთვის და შვილისთვის; ვიცი, რა არის ამ პრობლემასთან ომის გამოცხადება.
დაუღალავი ბრძოლა. ბრძოლა სიტყვით, კანონით, „ლოიალური მიდგომით“ , თამაშით. ბრძოლა ბოლო წამამდე, სანამ ძალაგამოცლილი არ დაეცემი.
ყველაზე ცუდი ის არის, რომ დაცემულს ისევ ის გადაგივლის, ვისაც ეომებოდი თვეები და წლები.
მე ვიცი, რა არის დანაშაულის გრძნობა, როცა დამარცხებული საკუთარ თავს ადანაშაულებ - რაღაც სწორად ვერ გააკეთე, სწორი პოზიცია ვერ დაიკავე და „მტერმაც“ სწორედ ამით ისარგებლა. მერე დამარცხებული „ომის ველს“ ტოვებ. ჩუმდები.
ამ სენთან ბრძოლაში, მე ერთ-ერთი რიგითი ქალი ვარ. ომში დამარცხებული, გულნატკენი, დამცირებული და ცხოვრებადაკარგული... მე ვცდილობდი, გადამერჩინა სხვა, მაგრამ შედეგად დანგრეული ოჯახი მივიღე.
რატომ ვწერ დღეს? - ის, რაც ახლა საქართველოში ხდება, რასაც ახლა ჩვენ ვუყურებთ, არც სწორი ნარკოპოლიტიკის ჩამოყალიბების პროცესი და არც სამართალია.
ამის თქმის მიზეზი მარტივია: ჩვენ უკვე მრავალჯერ გავასამართლეთ მომხმარებლები, მრავალჯერ მოვისმინეთ, რომ მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები სხვა პირების დასაკავებლად (იმედია, გამსაღებლები იგულისხმება), მაგრამ სამწუხაროდ, თითებზე ჩამოსათვლელია ინფორმაცია, რომ გამოძიებამ საქმე ბოლომდე მიიყვანა.
დავიჯეროთ, რომ ეს უბედურება ციდან ცვივა და უკვე ბრალდებულების ჯიბეებში და სახლებში ჩნდება?! - ბოლო დროს განვითარებული მოვლენებით თუ ვიმსჯელებთ, ამასაც დავიჯერებთ.
ადამიანის განადგურება მისი უარყოფით იწყება. მის მიმართ გულგრილობით, მისი პრობლემების გვერდის ავლით, მისი არმოსმენით და დანაშაულის დაფარვით.
ქართულ სამართალს, საბედნიეროდ, ახსოვს სასამართლო ფაქტები, როცა ძალიან ახალგაზრდა ადამიანი, დანაშაულის ჩადენის მიუხედავად, სასამართლოს საპროცესო შეთანხმების საფუძველზე გაუთავისუფლებია და ამით გადაურჩენია ერთი განადგურებული სიცოცხლე. საბედნიეროდ, ამ ფაქტის გაგრძელება ის ყოფილა, რომ ეს ახალგაზრდა შემდგარი, წარმატებული ადამიანის სახით მოგვევლინა და მისაბაძია დღეს სხვა ადამიანებისთვის.
საუბედუროდ, არიან ადამიანები, ვისაც არ ჰყავს ათასობით გულშემატკივარი და იმათი ცხოვრება გისოსებს მიღმა იკარგება. არიან საზოგადოებისთვის საშიში ადამიანები, რომლებიც გისოსებს მიღმა მხოლოდ იმიტომ არ მოხვდებიან, რომ „კრიშა“ ჰყავთ. არიან ადამიანები, რომლებსაც გაუმართლათ და მათი საქმე კარგ მოსამართლეებს შეხვდათ.
ასეთ დროს ბევრი რამ არის მოსამართლეზე დამოკიდებული - მისი პრინციპულობა, განწყობა, ემოციური ფსიქოლოგია. მოსამართლე ემოციურ ნიადაგზე ვერ უნდა იღებდეს გადაწყვეტილებას. ის უნდა ეძებდეს სამართალს.
მე, როგორც ნარკომანიის მსხვერპლი, არ ვაპროტესტებ ნარკომანის პატიმრობას, მაგრამ ვაპროტესტებ პატიმრობის ფორმას - ერთ კონკრეტულ შემთხვევაში, როცა მოსამართლე ნარკომომხმარებელს გირაოთი ათავისუფლებს, რამდენიმე თვეში იმავე ბრალდებულს წარმოადგენს ყველაზე საშიშ დამნაშავედ, ეს მიმძაფრებს შიშს - მე რომ სამართლის პოვნა დამჭირდეს, ვიპოვი მოსამართლეს, რომელიც ჩემს სიმართლეს სწორად შეაფასებს?!
ნანიკოს ბლოგი: მე ყოველთვის ვიცავდი მამაკაცს, ჩემზე ძლიერს და ამას წესები მავალდებულებდა