დღესაც მსოფლიოს არაერთ ქვეყანაში ქალებს საკუთარი უფლებებისთვის ბრძოლა უწევთ. ისინი ხშირად საკუთარი სიცოცხლის ფასად ცდილობენ, მომავალ თაობებს გაუკვალონ გზა ამ ბრძოლისა და შთამომავლობას გაცილებით უკეთესი გარემო დაუტოვონ.
წარმოიდგინეთ, რა რთული იქნებოდა ეს ბრძოლა საუკუნის და მეტი ხნის წინ...
გადავწყვიტეთ, მოგიყვეთ იმ ორ ქალბატონზე, რომლებიც ამ ბრძოლის სათავეებთან იდგნენ. როგორც ირკვევა, კლარა ცეტკინი და როზა ლუქსემბურგი კარგი მეგობრები იყვნენ, თუმცა, მოდით, გავიხსენოთ, ყველაფერი როგორ დაიწყო...
ქალთა უფლებების დაცვის საერთაშორისო დღის აღნიშვნის იდეა თავდაპირველად მე-20 საუკუნის დასაწყისში გაჩნდა - სწრაფი მსოფლიო ინდუსტრიალიზაციისა და ეკონომიკური ექსპანსიის ეპოქაში, რომელმაც მუშათა აუტანელი სამუშაო პირობების გამო მასობრივი პროტესტები გამოიწვია. ერთ-ერთი პირველი ასეთ პროტესტთაგანი იყო 1857 წლის 8 მარტს, ნიუ-იორკის სამკერვალო ფაბრიკების მუშა-ქალთა გაფიცვა. მათი პროტესტის მიზეზი ძალზე მწირი ხელფასი და გაუსაძლისი სამუშაო პირობები იყო. ქუჩაში გამოსული გაფიცული ქალები პოლიციამ დაარბია. ორი წლის შემდეგ, იმავე თვეს, სწორედ ამ ქალებმა დააარსეს პირველი პროფკავშირი.
მომდევნო წლებში, 8 მარტს უფრო მეტი და ფართომასშტაბიანი პროტესტი მოჰყვა. 1908 წელს, ნიუ-იორკის ქუჩებში 15 000 ქალბატონი გამოვიდა მოკლე სამუშაო დღის, უკეთესი ანაზღაურებისა და არჩევნებში ხმის მიცემის უფლების მოთხოვნით. 1910 წელს, სოციალისტ-ინტერნაციონალმა კოპენჰაგენში პირველი ქალთა საერთაშორისო კონფერენცია ჩაატარა. ამ ყრილობაზე გავლენიანი გერმანელი სოციალისტის, კლარა ცეტკინის ინიციატივით დაფუძნდა ქალთა საერთაშორისო დღე.
შემდეგი წლის ამ დღეს ქალთა სოლიდარობის მიზნით მილიონზე მეტი ადამიანი გამოვიდა ავსტრიაში, დანიაში, გერმანიასა და შვეიცარიაში. პირველი მსოფლიო ომის დაწყებისას, 1913 წლის 8 მარტს, ქალებმა მთელი ევროპის მასშტაბით სამშვიდობო მსვლელობა მოაწყვეს და ასე ნაბიჯ-ნაბიჯ მიიწევდნენ ქალები წინ უფლებების მოპოვების გზაზე...
კლარა
კლარა ცეტკინი, რომლის ქალიშვილობის გვარი აისნერი იყო, 1857 წლის 5 ივლისს, გერმანიაში დაიბადა. კლარა ბავშვობიდან გამოირჩეოდა სწავლის სიყვარულითა და კარგი მეხსიერებით. მან სწავლა ლაიპციგის პედაგოგიურ სასწავლებელში გააგრძელა, საიდანაც იწყება მისი კავშირი რევოლუციურად განწყობილ სტუდენტებთან. სწორედ აქ შეხვდა ის თავის პირველ მეუღლეს, ოსიპ ცეტკინს და შეუყვარდა. კლარას მშობლები მათ ურთიერთობას კატეგორიულად ეწინააღმდეგებოდნენ, ფიქრობდნენ, რომ რევოლუციურ იდეებს გამოკიდებულ ცეტკინთან მათი შვილი მომავალს დაიღუპავდა, თუმცა კლარას არაფრის გაგონება არ სურდა... გოგონა მზად იყო, ვაჟს ქვეყნის დასალიერამდე გაჰყოლოდა.
1878 წელს კლარა გერმანიის სოციალ-დემოკრატიული პარტიის წევრი გახდა. 1882 წელს კი, როცა გერმანიაში სოციალისტების წინააღმდეგ კანონი მიიღეს, კლარას მეუღლე ოსიპ ცეტკინი იძულებული გახდა, გერმანია დაეტოვებინა და საფრანგეთში გადასულიყო. მხოლოდ ორი წლის შემდეგ შეძლო კლარამ მეუღლესთან ჩასვლა. მიუხედავად იმისა, რომ კლარასა და ოსიპის ქორწინება ოფიციალურად დარეგისტრირებული არ იყო, კლარა მას ქმარს ეძახდა და ოსიპის გვარზეც გადავიდა. მათ 2 ვაჟი ჰყავდათ. კლარას მეუღლე საფრანგეთში საცხოვრებლად გადასვლიდან 7 წელში გარდაეცვალა. ამის შემდეგ კლარა აქტიურად ჩაერთო ქალთა უფლებების დაცვის საკითხებში.
ის, შვილებთან ერთად, გერმანიაში დაბრუნდა, სადაც გერმანიის სოციალ-დემოკრატიული პარტიის გაზეთ „თანასწორობის“ რედაქტორად დაინიშნა.
რატომ მაინცდამაინც 8 მარტი?
როგორც თავში აღვნიშნეთ, პირველი ფართომასშტაბიანი ქალთა საპროტესტო აქცია სწორედ 8 მარტს გაიმართა. სავარაუდოდ, ამიტომაც გადაწყდა ამ დღის შერჩევა, თუმცა არსებობს ასეთი მოსაზრება, რომ ის სპეციალურად დაამთხვიეს ქალის გმირული საქციელის განმადიდებელ, ებრაელთა დღესასწაულ პურიმს. პურიმის დღესასწაული მოძრავია, თუმცა 1910 წელს სწორედ 8 მარტს დაემთხვა...
ამბობენ, რომ კლარა ცეტკინს და მის თანამებრძოლს, ასევე ებრაულ ოჯახში გაზრდილ როზა ლუქსემბურგს, არ სურდათ, ამ თარიღის ჭეშმარიტი მიზეზი საჯაროდ გაემხილათ, თუმცა საკუთარი ეთნიკური ტრადიციების ერთგულმა ქალებმა პლანეტის ყველა ქალს სადღესასწაულოდ იუდეველთა საკულტო თარიღი დაუწესეს. გაგრძელება