ადგილობრივთა ლეგენდის მიხედვით, ბავშვებს აშინებდნენ, რომ თუ ცუდად მოიქცეოდნენ, მათთან ბოროტი ჯადოქარი, სახელად მინი დინი მივიდოდა. ეს ლეგენდა სიმართლეს მოკლებული სულაც არ იყო, რადგან პერსონაჟი რეალურად არსებობდა.
მინი დინი ერთადერთი პატიმარი ქალი იყო ახალ ზელანდიაში. ის 1844 წელს, კონდუქტორის ოჯახში დაიბადა. როდესაც გაიზარდა, გადაწყვიტა, ადამიანები მოეტყუებინა, რომ განათლებული ქალი იყო. ცდილობდა, თავი არა ღარიბად, არამედ საშუალო ფენის წარმომადგენლად წარმოეჩინა.
დრო გავიდა და ქალმა უდედმამო ბავშვების თავშესაფრის შექმნა მოახერხა. თუმცა, სახლი პატარა და ჭუჭყიანი იყო. ის მშობლებით მანიპულირებდა და ცდილობდა, მათთვის ფული გამოეძალა.
იმ პერიოდში მის თავშესაფარში 27 ბავშვი იყო. როგორც ცნობილია, ცოცხალი მხოლოდ 10 გადარჩა, 6 გარდაიცვალა, ხოლო დანარჩენი უგზო-უკვლოდ დაიკარგა. პოლიციას ეს ამბავი უყურადღებოდ არ დარჩენია, თუმცა, ქალი ამტკიცებდა, რომ 7 მათგანი იშვილეს და მათი მშობლები ითხოვდნენ, ეს ყველაფერი საიდუმლოდ დარჩენილიყო.
1880-90-იან წლებში, მინი დინმა გაზეთში განცხადებების გაკეთება დაიწყო. „გათხოვილ ქალბატონს სურს იშვილოს ბავშვი, ხელსაყრელი პირობებით, სოფელში“.
იმ დროისთვის ასეთ ქალებს „ბავშვების ფერმერებს“ უწოდებდნენ.
გამომძიებლები მიიჩნევდნენ, რომ გამქრალი ბავშვები ნამდვილად მოკლეს, თუმცა საკმარისი სამხილები არ გააჩნდათ.
1895 წელს პოლიციამ რაღაც აღმოაჩინა. ფოსტალიონმა მათ უამბო, რომ მატარებელთან ახლოს მინი დინი შენიშნა, რომელსაც ხელში ბავშვი და ყუთი ეჭირა, თუმცა, როდესაც მიუახლოვდა, ბავშვი ვეღარსად დაინახა.
ბრალდებული ქალი მალევე გაერიდა იქაურობას და საცხოვრებლად შოტლანდიაში გადაინაცვლა. სწორედ იქ ყიდულობდა ფულით უკანონოდ გაჩენილ ბავშვებს, თუმცა გარკვეული პერიოდის შემდეგ ისევ ახალ ზელანდიას დაუბრუნდა.
მან მალევე გაიცნო ვინმე ჩარლზ დინი (მსმელი კაცი). როგორც ჩანს, ახალმა ნაცნობმა მის იდეას მხარი აუბა და ერთად განაგრძეს უდედმამო ბავშვების შვილად აყვანა.
ისინი ამ გზით დიდი ხნის მანძილზე ცხოვრობდნენ (ჰყავდათ 6-9 თვის ბავშვებიც, რომლებიც გარდაიცვალნენ).
საბოლოოდ გაირკვა, რომ მინი დინი ოპიუმის დიდ დოზას იყენებდა და ბავშვებს ამ გზით აძინებდა. ბავშვები დოზის გადამეტების გამო იღუპებოდნენ, ძიძა კი მათ ქუდების შესანახ ყუთში ათავსებდა და სახლის ეზოში მარხავდა.
საბოლოოდ მას სასამართლოში უჩივლეს და ყველაფერი აღმოუჩინეს. ეს იყო სენსაცია, რადგან მანამდე მსგავსი სიმძიმის დანაშაული ახალ ზელანდიაში არცერთ ქალს არ ჩაუდენია.
მინი დინს თავიდან დახვრეტას უპირებდნენ, შემდეგ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯეს, ბოლოს კი ჩამოახრჩვეს.
როდესაც შერიფმა ჰკითხა, თუ რას იტყოდა სიკვდილის წინ, მინიმ უპასუხა: „მე უდანაშაულო ვარ“. მოგვიანებით გაზეთებში დაიწერა, რომ იქამდე, ვიდრე გარდაიცვლებოდა, მან იყვირა: „ღმერთო, მეტად აღარ დამტანჯო“.