ჩემი და უტას შეხვედრებმა მეოთხე კურსის ბოლომდე ჩვეულებრივ რეჟიმში გასტანა. თუმცა, ის კვლავაც არ განიხილავდა მომავლის პერსპექტივებს.
ეს საკითხი, ალბათ, იმაზე მეტად მაშფოთებდა, ვიდრე საჭირო იყო. ამის გამოც და შესაძლოა, იმის გამოც, რომ ურთიერთობა ერთ წერტილში გაიყინა და წინ ვეღარ მივდიოდით, ბოლო პერიოდში კამათი გავახშირეთ. უფრო მე ვწუწუნებდი, ხან სრულიად უმიზეზოდ. ქრონიკულად რაღაც ახალი მინდოდა, რომ მომხდარიყო. ხან ისიც კი მინდოდა, გვეჩხუბა და ცოტა ხანს დავშორებულიყავით, რომ მერე რაღაც საინტერესო მომხდარიყო.
გუგას სახლიდან მოვდიოდით მამამისის მანქანით და ალბათ, 40 წუთი მაინც სჭირდებოდა, ჩემს სახლამდე რომ მივეყვანე. ცოტა ხანს ჩუმად ვიჯექი და ისიც ხმას არ იღებდა. ვერ მოვითმინე და მუსიკა გამოვრთე. გამომხედა. მიხვდა ალბათ, რომ ტყუილად არ გავაჩუმებდი chris rea "blue kafe"-ს.
- უტა, შენც ამჩნევ, რომ ჩვენი ურთიერთობა კრიზისს განიცდის? მგონი, ამჩნევ და ამაზე არ ლაპარაკობ.
- ანუ გინდა დალაპარაკება და მე არ გელაპარაკები? თუ რას გულისხმობ? - მეტი არაფრის თქმას აპირებდა აშკარად, მე კიდევ დაძაბულობისგან ტვინში სისხლი ისე მაწვებოდა, ასე მეგონა, თვალებს ბუდიდან ამოყრიდა.
- უტა, მე არ ვიცი, ჩემამდე რა ურთიერთობები გქონია ქალებთან, იმიტომ, რომ ბევრი არაფერი ვიცი შენზე, ისევე, როგორც რამდენიმე წლის უკან, მაგრამ მგონი, უნდა გესმოდეს, რომ მე ქალი ვარ და მხოლოდ უსიტყვო სექსი არ არის საკმარისი იმისთვის, რომ თავი კარგად ვიგრძნო. - შევატყვე, რომ შუბლთან ძარღვები დაებერა, აშკარად ბრაზდებოდა და მანქანა გზიდან გადაიყვანა.
- უსიტყვო სექსი რას ნიშნავს, ელენე? არ მესმის. მეგონა, რომ ბედნიერს გხდიდა ის სექსი თუნდაც, ერთად ვართ, თითქმის ყოველდღე, ერთად დავდივართ ყველგან. ვცდილობ, ისე მოვიქცე, არაფერი გაწყენინო და ბედნიერი გაგხადო. არ მესმის, რა გინდა? გარდა იმის, რომ ჩხუბი გინდა, ისევ...
არა, აშკარა იყო, არ ცრუობდა, არ ესმოდა, მაგრამ ნეტავ ეცრუა, ვიფიქრებდი, რომ ოდესმე რამეს გამოასწორებდა. ახლა კი ვხვდებოდი, რომ არაფერი ჰქონდა გამოსასწორებელი, უბრალოდ ასეთი იყო. ის თვლიდა, რომ სექსის ბოლოს გასაგიჟებელი ორგაზმი და ის, რომ ერთად დავდიოდით, სრულიად მავსებდა.
ასეც უნდა ყოფილიყო იქნებ, მაგრამ მე სტატუსი მჭირდებოდა. მინდოდა, მშობლები გაეცნო და ჩემების გაცნობის სურვილი გამოეთქვა. ამის შემდეგ ალბათ ამოვისუნთქებდი და თავს მის ნაწილად ვიგრძნობდი, ჩემს როლს მოვირგებდი მის ცხოვრებაში, დავრწმუნდებოდი, რომ ჩვენს ურთიერთობას მომავალი ექნებოდა, მყარი და ბედნიერი მომავალი.
- ზოგჯერ მგონია, რომ არაფერი გვაერთიანებს, გარდა სექსისა. - ბოლო სიტყვები ხმადაბლა ვთქვი. თავს ვიმცირებდი, ცხადი იყო, მაგრამ მეტი აღარ შემეძლო. იქნებ ასე მაინც ეთქვა რაიმე ისეთი, რაც დამამშვიდებდა.
- გჯერა იმის, რასაც ლაპარაკობ? თუ ასე ფიქრობ, რომ მხოლოდ სექსი მომწონს და სხვა ღირებულება არ გაგაჩნია ჩემს თვალში, რა გაჩერებს ჩემთან?
დამბურძგლა, მაგრამ უკან დახევას აღარ ვაპირებდი.
- არ გიყვარვარ. - მივახალე.
- რა სისულელეა... - მიპასუხა იმწამსვე.
- მაშინ მითხარი, რომ გიყვარვარ. - გაჩუმდა, თავი ფანჯრისკენ მიაბრუნა და მშვიდად მითხრა:
- ახლა რომც გითხრა, ამ ნათქვამს შენი სიტყვების მერე რამე ფასი ექნება?
- მართალია, არავითარი, იმიტომ, რომ მხოლოდ იმით იქნება ეგ სიტყვები გამოწვეული, რომ მე დაგაძალე. - მანქანიდან გადავედი. ნეტავ სად მივბოდიალობდი შუა ტრასაზე. უკან გამომყვა.
- ელი, აქ ქვეითები არ მოძრაობენ. გემუდარები, სახლში წაგიყვან, ჩემთან და იქ ვილაპარაკოთ, თუ გინდა მთელი ღამე, კარგი?! - საბოლოოდ გავცეცხლდი, მაგრამ შევეცადე, მშვიდი სახე მიმეღო.
- ლურჯ დივანზე სექსუალური ორგიები დასრულებულია, უტა. ასე გაგრძელება აღარ შემიძლია. ალბათ, გგონია, ერთად რომ ვიწექით და ჩემთვის პირველი მამაკაცი იყავი, ამის გამო ვალდებული ხარ, აღარ დამშორდე. მე კიდევ გეუბნები, რომ არავითარ ვალდებულებას არ გაკისრებ, მე სრულწლოვანი ვარ და არავინ დაგსჯის ჩემთან კავშირის გამო. მე არ მინდა ცარიელი კაცი, რომელიც ორგაზმს განმაცდევინებს და იფიქრებს, რომ ეს ყველაფრისთვის საკმარისია, იმიტომ, რომ მე ქალი ვარ და სხვა ემოციები მჭირდება, სხვანაირი...
მინდა ვგრძნობდე, რომ საჭირო ვარ. მე საკუთარ ფასეულობას ვერ ვგრძნობ, იმიტომ, რომ არასდროს მაქებ და არასდროს მეუბნები, რა ადგილი მიკავია შენს ცხოვრებაში; და კიდევ იმიტომ, რომ ჩვენი ურთიერთობის ძირითადი პარამეტრი ლურჯი დივანია. მეზიზღება ეს ლურჯი დივანი. ჩემი თვითრწმენა მხოლოდ იმაშია გამყარებული, რომ კარგი სექსი გვაქვს. იმის იქით ჩემს ფასს ვერ ვგრძნობ.
- ჩაჯექი, სახლში მიგიყვან. - მითხრა და მანქანისკენ წავიდა. უკან გავყევი. მივხვდი, რომ გადავაჭარბე, მაგრამ მაინც არ ვნანობდი ჩემს სიტყვებს. ასე გაგრძელება მართლა აღარ შემეძლო. მე მჭირდებოდა, რომ ვყვარებოდი; მჭირდებოდა, რომ მთლიანად ჩემი ყოფილიყო, თავის განცდებიანად და გრძნობებიანად, იმ გრძნობებიანად, რომელიც მხოლოდ სექსთან არ იყო დაკავშირებული. სახლამდე ხმა არც ერთს არ ამოგვიღია. სადარბაზოსთან მანქანიდან გადავედი და კარი მივუხურე. უკან გამომყვა, შესასვლელთან შემაჩერა და თავისკენ შემატრიალა.
- ელენე, ან მითხარი, რომ ნანობ, რაც წეღან თქვი, ან ამიხსენი, რა გავაკეთო, რომ ეს მეორედ აღარ თქვა?! - თვალებით მემუდარებოდა, მაგრამ არ ვნანობდი, რაც ვუთხარი და არ ვაპირებდი, მომეტყუებინა.
- იცი, რაც მჭირდება და თუ მართლა ვერ ხვდები, მაშინ აზრი არ აქვს ჩემს ინსტრუქციებს. - შევტრიალდი, კიბეები სირბილით ავირბინე და შევჩერდი კართან. გავიგე, მანქანა როგორ დაძრა და როგორ გავიდა გზაზე.
გაგრძელება იქნება