ორშაბათს გვიან გამეღვიძა. ისევ ღებინების შეგრძნება მქონდა და დილიდან ისტერიული ნერვიულობა ამყვა.
ბოლო დროს სულ ამ დღეში ვიყავი. უწინდებურად ვეღარ მართობდა გუგას ფლირტი და უწინდებურად ვერ ვქილიკობდი მის მონაწერზე. ალბათ, ეს მანერვიულებდა. უტას აგრესიულად ვექცეოდი და თითქმის არ ვხვდებოდი.
პირველ საათზე გასაუბრებაზე ვიყავი დაბარებული და მხოლოდ იმაზე ვფიქრობდი, იქ არ მერწყია, პირდაპირ მათ თვალწინ. ჩემი მწირი გარდერობიდან, რომელიც ძირითადად ჯინსებისგან იყო შემდგარი და რომელიც კონსერვატიული შემთხვევებისთვის არ გამომადგებოდა - ვერაფერი ავარჩიე. ნიას პერანგი და მუხლს ქვემოთ კაბა ჩავიცვი. თხელი, ნახევრად გიპიური მოსაცმელი ჩანთას გადავკიდე და გაჩერებაზე ჩავედი.
სახლიდან გასვლისთანავე ცუდი განცდა ამყვა. ეს, ალბათ, წინა გამოცდილების ბრალი იყო და კიდევ ჩემი წარუმატებელი გასაუბრებათა ნუსხისა. ჩანიშნულ მისამართზე რომ მივედი და კარს მივაწექი, არ გაიღო. ესეც ცუდის ნიშნად მივიჩნიე და შესვლამდევე დავითრგუნე.
კიდევ კარგი, ვიღაც ღვთისნიერს გაბოლება მოუნდა და კარები გამოხსნა, თორემ კიდევ რამდენ ხანს მომიწევდა სიფრიფანა მოსაცმელით კართან ჯდომა - არ ვიცი.
ბნელ და ავეჯით გადატვირთულ დერეფანში მოვხვდი. დერეფნის ბოლოს სამზარეულო მოჩანდა, სადაც ვიღაც ჩასუქებული ქალი ფუსფუსებდა. რომ ვკითხე, გასაუბრება სად ტარდება-მეთქი, ჯერ გამომკითხა, რომელზე ვიყავი დაბარებული და შემდეგ დაამატა, პირველ საათზე შესვენებააო. როგორც ჩანს, ჩემი "სივით" ისე ისიამოვნეს, რომ გადაწყვიტეს, შესვენების ძვირფასი დრო ჩემთვის დაეთმოთ, რადგან სწორედ პირველზე ვიყავი დაბარებული. ხის კიბეს მეორე სართულისკენ ავუყევი. მოსაცდელში ორი შუახნის და ორი სავარაუდოდ, ჩემი ასაკის გოგონა იცდიდა. იქვე ჩამოვჯექი და შევეცადე, მათი ლაპარაკიდან წარმოდგენა შემექმნა, სად მოვხვდი. გამიკვირდა, კონკურენტმა საზოგადოებამ რომ ასე თავაზიანად მიმიღო და შეკითხვებზე პასუხი გამცა. ამას, როგორც წესი, შეჩვეული არ ვიყავი. ცოტა დავმშვიდდი, მაგრამ სულ ტყუილად...
ოცი წუთის შემდეგ გამომიძახეს და ცალკე მდგომ სკამზე მიმითითეს, რომ დავმჯდარიყავი. ეს სკამი ოთახის ცენტრში იდგა და სიკვდილმისჯილთა სკამთან ასოცირდებოდა. ჩემ წინ სამი ქალი იჯდა. ასაკი ოცდაათიდან ორმოცამდე, სავარაუდოდ. თავაზიანად მიმიღეს და ნასწავლი ღიმილი მაჩუქეს, რომელიც მათ ახალჩასმულ ფაიფურის კბილებს ხაზს შესანიშნავად უსვამდა. შუაში აშკარად ბოსი იჯდა. ის ყველაზე მეტს საუბრობდა და ყველაზე დამაბნევლად, გრძელ კითხვებს სვამდა, რომლებშიც ოცამდე წვრილი კითხვა მოიაზრებოდა და ათამდე ინგლისურიდან გადმოტანილი გაუგებარი სლენგი. პირველივე ასეთმა კითხვამ ჩემს ტვინში ქაოსი გამოიწვია. კითხვების გაანალიზებას ვერ ვასწრებდი და საბოლოოდ მის არსს ვერ ვგებულობდი.
შავებში ჩაცმულ, ორმოც წლამდე ქერა ქალს მოკლე, შეგნებულად ყალყზე დაყენებული თმა ჰქონდა, ოდნავ ბოხი ხმა, აი, ისეთი, პრესტიჟული დაწესებულების ბოს ქალებს რომ აქვთ ხოლმე. რა მკითხა?! ცხადია, იმ კითხვათაგან, რომელთა არსიც გავიგე... არა, მოკლე შინაარსი საიდანაც გამოვიტანე. ეს სამსახური რატომ გჭირდებაო, ზუსტად ასე არ უკითხავს, მაგრამ შინაარსი ასე ჟღერდა. ჰო.... ადვილი კითხვაა ერთი შეხედვით, მაგრამ პასუხი, რომელიც მაქვს, მას არ მოეწონება. თუმცაღა, არ ვიცი, ჩემი ამ სამსახურით დაინტერესება ხელფასის და იმის გარდა, რომ სტაჟი მჭირდება, რით აიხსნება. პასუხი მხოლოდ ეს მაქვს და კიდევ ენის წვერზე ერთადერთი სიტყვა მადგას, "ჯანდაბა, ჯანდაბა, ჯანდაბა".
ათი წუთი მაინც მაწვალეს უშინაარსო, სტანდარტული კითხვებით, რომლებითაც ჩემზე ვერაფერს შეიტყობდნენ და რომლებზე პასუხებიც თითქმის არ მქონდა... უფრო სწორად, მქონდა, მაგრამ გამსაუბრებლებს ეს დაუვარცხნელი პასუხები არ მოეწონებოდათ. ცივად გამომისტუმრეს. გამოსვლამდე ერთ-ერთმა სამთაგან, რომელსაც მთელი გასაუბრების მანძილზე ხმა არ ამოუღია, მომაძახა: დადებითი პასუხის შემთხვევაში დაგიკავშირდებითო.
დაპატარავებული გამოვედი. ტროტუარს საწყლად მივუყვებოდი და ჩემს თავზე უნიჭო აღარავინ წარმომედგინა სამყაროში. ამ წარუმატებლობასაც უტას ვაბრალებდი. ვფიქრობდი, ხანდახან მაინც რომ მეუბნებოდეს, რომ ვნებიანი სექსის გარდა სხვა რამის კეთებაც გამომდის, მეტი თვითრწმენა მექნება და ასე არ დავიბნევი მსგავს სიტუაციებში-მეთქი. ორი კითხვა მიტრიალებდა თავში. ერთი ის, რომ სამუშაო გამოცდილების თაობაზე სივშიც მეწერა, რომ არ მქონდა და ის მაინც დაჟინებული რატომ მეკითხებოდა, გამოუცდელმა როგორ უნდა იმუშავოო; და მეორე - თუ ყველგან გამოცდილებას მომთხოვენ, გამოდის, რომ პირველი ნაბიჯების გადადგმის საშუალება არასდროს მომეცემა.
ნუთუ არ შეიძლება სადმე, ვინმეს თავში მოუვიდეს, რომ გამოსაცდელი ვადით აიყვანონ ჩემსავით "უპატრონო ბავშვები", უხელფასოდ, ოღონდ ვინმემ მაინც მისცეს მათ შანსი. იმაზეც ვფიქრობდი, რომ ღმერთი უტასთან ჩემი უსამართლო დამოკიდებულების გამო მსჯიდა და რომ დღევანდელი მარცხი დავიმსახურე.
იმ საღამოს უტასთან წავედი. მეგობრებთან ერთად ლუდი უნდა დაელია და შემომთავაზა, გავსულიყავი. ბევრი ხალხი დამხვდა იმ პატარა ოთახში, ტევა არ იყო. ორი გოგო არ მეცნო. მითხრა, მეზობლები არიან და კარგად ვართო. ჯერ ვიფიქრე, მაეჭვიანებს, მის მიმართ რომ უხეში და უგრძნობი გავხდი-მეთქი და სიმართლე გითხრათ, ასე რომ ყოფილიყო, გარკვეულწილად გამოუვიდოდა, მაგრამ ასე არ აღმოჩნდა. ამ გოგოებიდან ერთ-ერთი, ქერა, მაღალი გოგო გუგას თვალებში შესციცინებდა და ხაზგასმით ეპრანჭებოდა. თავად გუგა ისევ შეშფოთებული სახით დადიოდა. ცოტა რომ დალია, თვალს აღარ მაშორებდა და უტას ყოველ შეხებას მტკივნეულად განიცდიდა, როგორც კი მომეკარებოდა, მაშინ გადიოდა მოსაწევად აივანზე ან თვალს მარიდებდა.
სიგიჟე იყო... ნამდვილი სიგიჟე. შეყვარებულის სახლში მის ნათესავს ვეპრანჭებოდი და ვტკბებოდი იმით, რომ იმ ქერა გოგოს ძალისხმევის მიუხედავად, გუგა მაინც გამუდმებით ჩემკენ იყურებოდა. ვტკბებოდი იმით, რომ აქ ჩემზე შეყვარებული ორი კაცი იჯდა, რომელთაგანაც ამ წუთას, მგონი, არც ერთი არ მიყვარდა, აი, ეს განუზომელი სიამოვნება იყო უდავოდ. იმ წამებში ვფიქრობდი, რომ ამ განცდისთვის ღირდა მარტო ცხოვრება. და ეს გოგო... რომელიც კანიდან ძვრებოდა... მინდოდა, მივსულიყავი და მეთქვა, ჩემზე ფიქრობს, ისე ვუყვარვარ, მზადაა, კოცონზე დაწვან-მეთქი.
სახლში რომ წამოვედი და აჟიტირებამ გამიარა ლუდის ზემოქმედებასთან ერთად, იმაზე დავიწყე ფიქრი, რომ ბოროტი ვიყავი, უტას მიმართაც, გუგასიც და იმ ქერა გოგოს მიმართაც... კი არ ვფიქრობდი, მჯეროდა, რომ ასე იყო. ჩემი ქალური პატივმოყვარეობის და ტკბობის გამო მზად ვიყავი, სამი ადამიანი გამეწირა. ის გოგო კიდევ ჯანდაბას, კაცმა არ იცის, თავად ჩემზე უარესი ყოფილიყო, მაგრამ უტა... უტას მიმართ ხომ ეს ნამდვილი სისასტიკე იყო... საკუთარ თავს ვარწმუნებდი, მისი ბრალია, ასე რომ დამემართა-მეთქი. იქნებ გარკვეულწილად ასე იყო, მაგრამ მაშინ თავი უნდა დამენებებინა. რატომ არ ვიქცეოდი ასე?! იქნებ ისე ვიყავი მიჩვეული, რომ ვფიქრობდი - მის გარეშე ვერ გავძლებდი. ან იქნებ გუგას მერყევი ხასიათის მეშინოდა...
მეშინოდა, რომ ერთ დღეს ისევ მარტო აღმოვჩნდებოდი... ან იქნებ მეშინოდა, რომ უტას დაკარგვას მთელი დარჩენილი ცხოვრება ვინანებდი. მაშინ გუგა უნდა გამეშვა. მისი იმედი მაინც არც ერთი წამით არ მქონია, მაგრამ რაღაც მაბრკოლებდა, არადა, ცოტა ხანში ეს მდგომარეობა შემშლიდა... იმისი მეშინოდა, რომ ერთ დღესაც სინდისის ქენჯნა მომკლავდა. მართალია, ახლა ამას დიდად ვერ ვგრძნობდი, მაგრამ გუგას მიმართ რომ გადამივლიდა, თუ გადამივლიდა, მაშინ ნამდვილად უმართავი გავხდებოდი საკუთარი თავის მიმართ.