ალბათ, ყველა ჩვენგანის ცხოვრებაში ყოფილა პერიოდი, როცა ერთსა და იმავე ადგილს ვტკეპნიდით.
შეიძლება იმაზე მეტი დრო დავკარგე, ვიდრე მქონდა. ასაკი მემატება და ვფიქრობ პრობლემებზე, დროის ფულივით ფლანგვასა და უფლებებზე, რომლებიც შემეზღუდა.
ბავშვობიდან ჩემი სამყარო მქონდა და ჩემებურად დავფრინავდი. მთლად ნორმალური ვიყავიო, ვერ გეტყვით. 11 წლის გოგო რომ „დიდი მოურავის“ მიხედვით ისტორიულ პოემას დაწერს, მგონი, ცოტა საშიშიცაა. მოკლედ, არ მიფიქრია, რა იქნებოდა, თუ დრო ლექსების წერისთვისაც არ დამრჩებოდა. გავიდა დრო და სულ სხვა გარემოში აღმოვჩნდი.
18 წლის ვიყავი, სასურსათო მარკეტში რომ დავიწყე მუშაობა. იქამდე საბავშვო ტელევიზიაში ვსწავლობდი. მოგვიანებით დედა სამსახურიდან პოლიტიკური ნიშნით გაათავისუფლეს. ცხადია, სწავლის ფულს ვეღარ გადავიხდიდით და ტელევიზიიდან წამოვედი. ზემოთ ხსენებულ მარკეტში დაახლოებით ერთი წელი გავატარე. ვხედავდი, როგორ იცვლებოდნენ ადამიანები. მეოჯახე ბიჭები როგორ აჰყვებოდნენ მათ, ვისაც სმასა და ნარკოტიკებზე მეტად არაფერი უყვარდა. ისინი უწინ თუ სიხარულით ჩამოდიოდნენ ცოლებთან ერთად და პროდუქტებს არჩევდნენ, ახლა მხოლოდ „ბირჟაზე“ იდგნენ. დამაფიქრებელი წელიწადი იყო.
ჩემხელა გოგოები მუშაობდნენ ჩემთან ერთად. ყველას ჰაერივით სჭირდებოდა ფული. ზოგს ქირისთვის, დანარჩენებს კი უნივერსიტეტისთვის.
ზაფხულში განსაკუთრებით ჭირდა მაღაზიაში გაჩერება. ოთახში გამწოვი არ იყო და ჰაერი ისე იხუთებოდა, მყიდველები გარეთ იცდიდნენ. შემდეგ გავძახებდი, მზადაა-მეთქი, როცა ავუწონიდი შაქარს ან სხვა რამეს. ერთ-ერთ გოგოს რამდენჯერმე ცხვირიდან სისხლიც წასკდა.
ე.წ. აღწერას ყოველთვის ერთობლივად ვატარებდით და ჩვენც ვიღებდით მონაწილეობას. ამის მიუხედავად, არასდროს გვიცდია, გადაგვემოწმებინა მონაცემები. ან ვინ გადაგვამოწმებინებდა. სწორედ ამიტომ დაუჯერებლად გაბერილი „დანაკლისები“ გვაწვებოდა კისერზე. ვგრძნობდი, როგორ მეწვოდა უძილობისგან თვალები და როგორ ვიქცეოდი ავტობუსში ფეხზე მდგომი, მაგრამ თავი ხელში ამყავდა. ალბათ, გაგიკვირდებათ, მაგრამ ამ ყველაფრის ფონზე მაინც ვახერხებდი მუდმივად გამეღიმა მყიდველებისთვის და სასიამოვნო სიტყვები არ დამეშურებინა.
ერთწლიანი ღამეების თენების შემდეგ, ერთ დღესაც ყელში ამოგვივიდა ეს ყველაფერი და პირდაპირ წამოვედით მე და რამდენიმე გოგო. საქმე იმაში იყო, რომ ძალიან დიდი "დანაკლისი" გვაქვსო, გამოგვიცხადეს. მეორე თვე იყო, რაც ხელფასი არ ამეღო. ერთად აღებას ვგეგმავდი. აღმოჩნდა, რომ ჩემი ორი თვის ხელფასი განულდა, ხოლო დანარჩენები „მინუსში გადავარდნენ“. რა თქმა უნდა, არავითარი ხელშეკრულება არ გვქონდა დადებული. შესაბამისად, ვერც დაკარგული თანხები მივიღეთ. აქეთ გვემუქრებოდნენ, რომ წახვედით, დავზარალდით და ხარჯებს გადაგახდევინებთო. თუ წინასწარ არ გაარკვევ ყველაფერს, დიდი ალბათობაა, რომ მონა გახდე იქ, სადაც იმყოფები. ამ ყველაფერთან ერთად დაცულობის განცდაც კი არ გაქვს, რადგან "უფროსებისგან" მიტოვებული ხარ.
ახალგაზრდა გოგო ხარ. გინდა, ჩიტივით ლაღი და თავისუფალი იყო, მაგრამ იკეტები იმ ოთხ კედელში, სადაც ფრთებმოტეხილი ჩიტიც არ გაჩერდებოდა. ითმენ უსასრულოდ, იმიტომ, რომ ოჯახს სჭირდება, შენ გჭირდება, მათ სჭირდებათ. არადა, ამ დროს შეიძლება საკუთარი თავის რეალიზებაზე იზრუნო და ეძებდე გზებს, რომლებიც სწორ დანიშნულების ადგილამდე მიგიყვანს.
მას შემდეგ ბევრ ადგილას ვიმუშავე. ერთ-ერთ სამსახურში კი ათი თვის მანძილზე არც ერთხელ არ დამისვენია. როგორ გეკადრებათ - არც კვირა დღეს! განაკვეთი დილის ათიდან საღამომდე. იქ მე ვიყავი ჩვეულებრივი ყმა და მყავდა ბატონი.
არ გეგონოთ, რომ პრობლემური ადამიანი ვარ და ვერავის ვეგუები. ყოფილა სამსახური, რომელიც მომწონდა მხოლოდ იმიტომ, რომ უარესს სჯობდა.
ერთადერთი, რაც ამ ყველაფრიდან დადებითია - უფრო კომუნიკაბელური ვარ. ადამიანთა გარკვეული ნაწილი სარგებლობს შენი გაჭირვებით და იმდენს აკეთებს, რომ მადლიერი იყო იმისთვის, რასაც ისედაც იმსახურებ მინიმუმის სახით. ხშირია მიზერული ანაზღაურება, საშინელი პირობები, უფროს-უმცროსობის ინსტიტუტი, უაზროდ გრძელი სამუშაო განაკვეთი.
დიდი ხანია ჩემი პროფესიით უნდა ვმუშაობდე, ამდენი დრო რომ არ მომესროლა. აუცილებლად უნდა მოწმდებოდეს, აქვს თუ არა დასვენების დღეები ადამიანს, რომელიც ამგვარ დაწესებულებაში მუშაობს.
უნდა კონტროლდებოდეს მაღაზიები, სადაც ადამიანი ავტომატურად მსხვერპლად იქცევა. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ხშირად ანტისანიტარიასაც წავაწყდებით. რატომ? ფულზე მეტისმეტად გაგიჟებულ (ზოგიერთ) ადამიანს თავისუფლად შეუძლია დახლებზე თვეობით ეწყოს ძველი პროდუქცია, ოღონდ ახალში ფული არ დაეხარჯოს. მისთვის ჩვეულებრივი ამბავია, არ შეაკეთოს მაცივარი, რომელიც გამოსაცვლელია და აღარ ვარგა. მიირთვას თავისივე მაღაზიიდან და დანაკლისის სახით მისი ფული შენ იხადო. ასეთი ადამიანები არ ფიქრობენ იმ შედეგებზე, რაც მათ გარშემო მყოფ ხალხს აზარალებს.
ყველაფერში ხსნას ვეძებდი. მენატრებოდა მეგობრების ნახვა და ლექსების წერა. ვისი „ყმაც“ გახლდით, ის მაშინაც მიშლიდა ლექსის დაწერას, როცა გარეთ წვიმდა და მაღაზიაში ადამიანის ჭაჭანებაც არ იყო. არ გეგონოთ, „ვახალტურებდი“. აქ მე ვიყავი დამლაგებელიც, კონსულტანტიც, აღწერის ჩამტარებელიც და მოლარეც.
მახსოვს, ერთხელ ათი ლარი მომპარეს და მთელი დღე უფასოდ ვიმუშავე. რა თქმა უნდა, საყვედურებიც ბლომად მივიღე. დედამ შუადღისას მომაკითხა და რომ გაიგო, ინერვიულა. სასწრაფოს გამოვუძახე. წნევა იმდენად მაღალი ჰქონდა, კბილები უკაწკაწებდა. როგორღაც გადავარჩინეთ. მსგავს მდგომარეობაში არასდროს მინახავს. იმ წუთას საკუთარი თავი მეზიზღებოდა, რომ ჩემ გამო შეიძლებოდა რამე მოსვლოდა ერთადერთ ადამიანს, რომელიც გამაჩნდა. იცით, ჩემმა „ქალ-ბატონმა“ რა მითხრა იმ საღამოს, როცა მაღაზიაში მოვიდა და დედას ამბავი გაიგო? სასწრაფოდ მაჯახა კითხვა: გაყიდვაში ხომ არ შეგეშალა ხელი, კლიენტები ხომ არ დაფრთხნენო? ამ თემაზე სხვა არაფერი უკითხავს არც მაშინ და არც შემდეგ. იქ მუშაობამ მასწავლა, რომ როცა გაკნინებენ, არაფრად გთვლიან და სამსახურს გამადლიან, ძალა მოიკრიბო ფერფლიდან აღსადგომად. შემდეგ კი ყველაფერი გააკეთო შენი წარმატების მოსაპოვებლად. იმასაც დავაკონკრეტებ, რომ მთელი ჩემი ისტორიები მხოლოდ თბილისს მოიცავს.
ახლა კი მოგესალმებათ გოგო, რომელმაც მოტეხილი ფრთები მოირჩინა. აისრულა ნატვრა - ჩააბარა და სპეციალობით ჟურნალისტია. თვალებში გამოიხედა, ფოტოგრაფიაში ნაბიჯები გადადგა და წარმატებამაც არ დააყოვნა.
ეს ის გოგოა, რომელმაც ამ ფიქრთა აღრიცხვის დროს რაღაც გადათვალა და მიახლოებითი ციფრი მიიღო. ეს რაღაც კი, იცით, რა არის? დაახლოებით 660 დღე დამიკარგავს, თუ მეტი არა. ამდენი დღის განმავლობაში ვტკეპნიდი ერთნაირ, თუმცა სხვადასხვა ადგილს და ამ ტკეპნას არანაირი შედეგი არ მოუტანია, გარდა ცხოვრებაზე მეტად დაფიქრებისა.
დროის წამზომი ჩართულია. როგორმე, სოციალური პრობლემების მიუხედავად, უნდა ვეცადოთ, იქ ვიყოთ, საითაც გული მიგვიწევს. მოდი, რამენაირად გამოვფრინდეთ იმ ოთხკუთხედიდან, სადაც შეხვალ და შენი უფლებები იქვე მთავრდება. აბა, ჩვენ ვიცით.