ბლოგი

6 წლის გოგონა, რომელიც გაყიდეს: მოდ ჟულიენის საშინელი ისტორია

6 წლის გოგონა, რომელიც გაყიდეს: მოდ ჟულიენის საშინელი ისტორია
1936 წელს 34 წლის ფრანგმა ლუი დიდიემ ცხოვრებაში ყველაზე სარფიანი გარიგება გააფორმა. მან ღარიბი ოჯახიდან 6 წლის გოგონა ჟანინი "იყიდა". ლუი ოჯახს დაჰპირდა, რომ გოგონას კარგ განათლებას მისცემდა და იზრუნებდა მასზე. მან დანაპირები აასრულა, ჟანინის სახით აღზარდა და გაზარდა მომავალი ცოლი, რომელმაც მშვენიერი ქერათმიანი და ცისფერთვალება გოგონა გაუჩინა.

1957 წლის 23 ნოემბერს, ჟანინის "ყიდვიდან" 22 წლის შემდეგ, წყვილს გოგონა მოდი გაუჩნდა. ისინი საფრანგეთის გარეუბანში, მდიდრულ ვილაში დაბინავდნენ. ლუის მიზანი ბავშვის სუპერადამიანად გადაქცევა იყო.

"მამას არ უყვარდა,
როცა უსაქმოდ ვიყავი. ხუთ წლამდე ბაღში თამაშისა და დედასთან მეცადინეობის უფლება მქონდა. მერე უნდა დამემტკიცებინა, რომ ჭკვიანი ვიყავი. მეშინოდა მამის, როცა ვერ ვასრულებდი მის დავალებებს. მისი ფიგურა, დიდი თავი და ფოლადისფერი თვალები შიშის მეტს არაფერს იწვევდა ჩემში. დასახმარებლად დედასთან გავრბოდი, რომლისთვის მამა ადამიანი-ღმერთი იყო. ის მას თან აღმერთებდა, თან ვერ იტანდა, მაგრამ სიტყვას არასდროს უბრუნებდა".

ლუი დიდიე დარწმუნებული იყო, რომ ადამიანის გონებას ნებისმიერი სირთულის გადალახვა შეეძლო. მთავარია დამღლელი და ყოველდღიური ვარჯიში. ასეთი ცხოვრება ჰქონდა მოდს 18 წელი, საკუთარ სახლში, რომელიც ციხედ ექცა.


ქალღმერთის აღზრდა

ვარჯიში იყო მტკივნეული, დამქანცველი და საშიში. დიდიეს აზრით, ზე-ადამიანის შესაქმნელად კომფორტი საჭირო არ იყო. მოდს უხეშ, ცივ საწოლზე ეძინა, არასდროს უბანავია ცხელი წყლით. მცირე ულუფებით და მწირი პროდუქტებით კვებავდნენ. "სპარტანულ პირობებში ვიზრდებოდი. ძილის დრო მუდმივად მიმცირდებოდა, რადგან ძილი - მამაჩემის აზრით - დროის ფლანგვა იყო. უარი მათქმევინა ყველა სიამოვნებაზე, მათ შორის, გემრიელ საკვებზე. არასდროს მიჭამია ხილი, იოგურტი, შოკოლადი... ბავშვობაში ახალგამომცხვარი პურიც კი არ გამისინჯავს".

ზამთარში სახლი არ თბებოდა. ხშირად ფანჯრები არამარტო გარედან, შიგნიდანაც იყინებოდა. ასეთ პირობებშიც კი პატარა მოდი ცივი წყლით ბანაობდა. "თუ ციხეში მოხვდები - არიგებდა მამა - უნდა დაამტკიცო, რომ სუსტი არ ხარ".

როცა გოგონა 8 წლის გახდა, ვარჯიშებს ალკოჰოლის დალევა შეემატა. მამა დარწმუნებული იყო, რომ სასმელი ადამიანს აძლიერებდა. საკვების ყოველ მიღებას ვისკის ან ღვინის სმა ახლდა. გოგონას ორგანიზმმა ინტოქსიკაციას ვერ გაუძლო...

შიშითა და ტკივილით გამოცდა

ერთხელ ღამის სამ საათზე მოდი მშობლებმა გააღვიძეს და ფეხშიშველი ჩაიყვანეს სარდაფში. ბნელი ოთახის ცენტრში ერთი სკამი იდგა. მამამ მოდს უბრძანა, დამჯდარიყო და მთელი ღამე "სიკვდილის მედიტაციაში" გაეტარებინა. შეშინებული ბავშვი მთელი ღამე ვირთხებით სავსე ოთახში მარტო იყო. მამამ დაარიგა, თუ პირს გააღებდა, ვირთხები პირში ჩაუძვრებოდნენ და შიგნიდან გამოხრავდნენ. მიუხედავად იმისა, რომ გოგონას მთელი ღამე სიცივისა და შიშისგან თვალი არ მოუხუჭავს, დილით მეცადინეობები ჩვეულებრივად გაგრძელდა.
ეს გამოცდა არაერთხელ ჩატარდა. გოგონას სიფრიფანა ღამის პერანგზე ზანზალაკი დაუმაგრეს, რომ არ განძრეულიყო. მოდი დღემდე ვერ უყურებს ფილმებს, სადაც ვირთხები არიან.

ეს ყველაზე საშინელი გამოცდა არ იყო. იყო უფრო გაუსაძლისიც. მოდს ხელი უნდა მოეკიდა ელექტროღობეზე და როცა მამა დენის ძაბვას ჩართავდა, გოგონას სახეზე არანაირი ემოცია არ უნდა აღბეჭდვოდა.

ზოგჯერ გოგონას კვირები უწევდა შიმშილობა. პატარა მოდი სექსუალური ძალადობის მსხვერპლიც გახდა. საბედნიეროდ, არა მამისგან, არამედ  მებაღისგან, რომელიც მათ სახლში მუშაობდა. გოგონა იმდენად შეშინებული იყო, რომ ინციდენტის შესახებ მამას ვერ მოუყვა.
დიდიეს გეგმის მიხედვით, გოგონა კარგი გიმნასტი, კარგი მოჯირითე უნდა გამხდარიყო და 10-გრადუსიან წყალში - იდეალური მოცურავე. აგრეთვე, მუსიკალურ ინსტრუმენტებზე უნდა შესძლებოდა დაკვრა.

სულის გადარჩენა

მოდს მეგობრებად შინაური ცხოველები ჰყავდა, - პონი, ძაღლი და ბატი. მათ უფრო მეტი სიყვარული ასწავლეს გოგონას, ვიდრე საკუთარმა მშობლებმა. მეორე გასართობი გოგონასთვის მუსიკა იყო. მუსიკას ნატანჯი ბავშვი სხვა სამყაროში გადაჰყავდა.


გაქცევა

მოდი 16 წლის იყო, როცა მუსიკის მასწავლებელმა, კეთილმა და მზრუნველმა მამაკაცმა, აიძულა მამამისი, გოგონას გაკვეთილებზე მასთან სახლში ევლო. შემდეგ მოდმა მუსიკალურ სალონში დაიწყო მუშაობა, სადაც რიჩარდს შეხვდა.
მამამ გოგონას ნება დართო, 18 წლის ასაკში გათხოვილიყო, მაგრამ პირობაც ჩამოართვა, რომ ნახევარი წლის შემდეგ მასთან დაბრუნდებოდა და მოუვლიდა. მოდი მამის სახლში აღარასდროს დაბრუნებულა...

"40 წელი გავიდა, რაც მამის სახლი მივატოვე - ამბობს მადამ ჟულიენი. - დიდი ხნის მანძილზე არავისთვის შემეძლო ჩემი ბავშვობის შესახებ მომეთხრო. ისეთი ბედნიერი ვიყავი, როცა იქიდან გავიქეცი, რომ დაბრუნება თავში აზრადაც კი არ მომსვლია. თუმცა, მშობლებს ვნახულობდი და ყოველი შეხვედრის შემდეგ ვდარდობდი, რომ მივატოვე ისინი".

მოდმა ისწავლა საყიდლებზე სიარული, უცხოებთან საუბარი, უცხო ადგილებში სიარული. 18 წლის იყო, როცა პირველად მოხვდა სტომატოლოგთან. საშინელი კვებისა და შიმშილობის გამო კბილები და ღრძილები საშინელ მდგომარეობაში ჰქონდა.


ცხოვრება გაგრძელდა...

მოდი იმაზე ძლიერი გამოდგა, ვიდრე მამამისი ვარაუდობდა. მან ფსიქოთერაპევტის პროფესია აირჩია. დაწერა წიგნი თავის ბავშვობაზე - "ერთადერთი გოგონა მსოფლიოში". და მოუთხრო სამყაროს სიმართლე მამამისის შესახებ.


მაგრამ დღემდე აღიარებს, რომ არ იცის, როგორ დატკბეს ცხოვრებით. არ უთამაშია, არ შეუძლია სიამოვნება მიიღოს ცურვისგან, ბავშვობაში აკრძალული პროდუქტების ჭამისგან და ვერც მამის გარდაცვალებამ ვერ იხსნა იმ კოშმარებისგან, რომელშიც პატარა გოგონას ძალით აცხოვრებდნენ.


წყარო
FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 1 /
ნინო
სასჰინელი ისტორიაა სამწუხაროდ მასეტი მამები აქაც არსებობენ უბრალოდ პატოდ უნდა გავახილოტ ტვალები ეგაა რომ ვერ უსჰველი კანონი მარტო დაცჰაგრულს კი არა ვერ ან არ დაგიცავს
12:06 / 02-10-2018
გამოხმაურება / 0 /
loadign_gif
გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
2930 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31