დრო გადის, თაობები მიდიან და მოდიან... ადამიანები იბადებიან, იზრდებიან, იხოცებიან... ეს ჩვეულებრივი მოვლენაა... ისტორია და სიკვდილი ხარკს ერთნაირად ითხოვს და იღებს კიდეც.
ხშირად მიფიქრია, რამდენ უცნობ ისტორიას, იმედგაცრუებას თუ ბედნიერებას, სიხარულს თუ დარდს ინახავს თბილისი. მინდა ერთი უცნობი ისტორია მოგიყვეთ სახლსა და მის ბინადრებზე, რომელიც აბანოთუბანში, ბააზოვის 5 ნომერში მდებარეობს. სახლი ძველებური აივნებით არის გარშემორტყმული, საიდანაც ულამაზესი თბილისური ხედები იშლება. დანარჩენს ოჯახის დიასახლისი ნონა სოსანაშვილი მოგითხრობთ.
სახლის დიდ ისტორიას ქალბატონი ნონა აგრძელებს
- ბაბუაჩემის მამა, ჰასან რაფიოღლი საქართველოში 1915 წელს
დასახლდა. მან ეს ბინა 1917 წელს შეიძინა ვინმე კალი დავიდოვისგან, რომელსაც პირველ სართულზე ჰქონდა სათნოების სახლი. ამ ქალბატონს დიდი უბედურება დაატყდა თავს, გარდაეცვალა ვაჟი და სწორედ ამიტომ გადაწყვიტა ამ სახლის გაყიდვა. საკუთრება შესაბამისი დოკუმენტით გაფორმდა, რომელიც ძველრუსულადაა ჩაწერილი. შენობა-ნაგებობა აღრიცხულია 1910 წელს. ეს ბინა ყველაზე მაღალია და ყველაზე დიდია ამ უბანში.
თბილისში ჩამოსვლამდე ბაბუას მამა ცხოვრობდა აზერბაიჯანში, ნახჩივნის რაიონში. საქართველოში იხსენიებოდა, როგორც გლეხი, თუმცა აზერბაიჯანში ძლიერი ფეოდალი იყო. მას ბაქოში მოუკლეს ახალგაზრდა ძმა. განაწყენდა და გადაწყვიტა, საქართველოში წამოსულიყო საცხოვრებლად. მანამდე აზერბაიჯანში ქველმოქმედებას ეწეოდა, რის შესახებ წიგნიც არის გამოსული. აზერბაიჯანელები მას ჰასან ხეირიაჩს უწოდებდნენ. ხეირი ჩვენ ვიცით, რომ სიკეთეს და მადლს ნიშნავს. მას ცოლად ჰყავდა დიდებული გვარიშვილის, აზიმოვას ასული.
როდესაც აქ დასახლდნენ, შეეძინათ შვილები, ორი ქალიშვილი და ერთი ვაჟი, რომელიც იყო დედაჩემის მამა. ბაბუას მამა დიდ მნიშვნელობას ანიჭებდა განათლებას, ამიტომ თავის სამივე შვილს სათანადო განათლება მიაღებინა.
ბინის აივნიდან საოცარი ხედები იშლება
ბაბუაჩემმა თბილისში ცოლად შეირთო ქართველი ქალი, გვარად შარაშენიძე, რომელსაც დედა ჰყავდა ქორქაშვილი-ჩიქოვანისა. როდესაც ბაბუაჩემის დედამ შეიტყო იმ ტრაგედიის შესახებ, რაც სახლის ყოფილ მეპატრონეს შეემთხვა, ქმარს სთხოვდა, სახლი გაეყიდათ და სხვაგან გადასულიყვნენ საცხოვრებლად, მაგრამ ის უარზე იყო. სულ მალე, მართლაც იგივე ტრაგედია გადახდათ თავს. ბაბუაჩემი მოულოდნელად, 25 წლის ასაკში გარდაიცვალა. საბედნიეროდ, მამამისი არ მოესწრო შვილის დაღუპვას.
ბაბუას მამა 1927 წელს გარდაიცვალა. გარდაცვალებამდე, რევოლუციის დროს, ამ სახლში ის თავს უყრიდა სხვადასხვა წარჩინებულ ადამიანს. ერთ-ერთი მათგანი იყო ნარიმან ნარიმანოვი, რომლის სახლ-მუზეუმიც არის გრიშაშვილის ქუჩაზე. ის იყო ექიმი-მკურნალი. მისი ინვენტარი, სამედიცინო იარაღები ინახებოდა ჩვენს სახლში.
ვინაიდან ბაბუას მამა შეძლებული ადამიანი იყო, ომიანობის დროს მან თავშესაფრიდან წამოიყვანა ორი ობოლი, უსახლკარო ბიჭი, რომლებსაც უპატრონა, გაზარდა და როცა ისინი სრულწლოვნები გახდნენ, თავიანთ გზას ეწივნენ. ჩემი დიდი ბაბუა საქართველოშიც აქტიურად ეწეოდა ქველმოქმედებას.
მახსოვს, ბავშვობაში, როცა გაიგებდნენ, რომ მე მისი შვილთაშვილი ვარ, დიდი პატივისცემით და მოწიწებით მექცეოდნენ. წაიკითხეთ სრულად mshoblebi.ge-ზე